„ყოჩები” ჩემპიონობისთვის ემზადება

0

erti_3-cr-192x161ბოლნისის “ყოჩები” ის გუნდია, რომელმაც ახალი სეზონისთვის მზადება ქართული კლუბებიდან ყველაზე ადრე დაიწყო და გასულ სეზონში მეოთხე ადგილის დაკავების შემდეგ, წელს ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. 

გუნდს დაუბრუნდა ორი აღზრდილი – შალვა მამუკაშვილი და მიხეილ არჩუაშვილი და არაა გამორიცხული, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, ანუ ივლისის ბოლომდე, მათ გზას კიდევ ორი-სამი მორაგბე დაადგეს, რაც საჩემპიონო ამბიციებს ზრდის. განვლილ სეზონზე და კლუბის სამომავლო გეგმებზე, ერთ-ერთ დამფუძნებელს და დირექტორს, თეიმურაზ გაფრინდაშვილს გავესაუბრეთ.

-ბატონო თეიმურაზ. მოდით საუბარი გასული სეზონის შეფასებით დავიწყოთ.

-არა მარტო ჩემი, მწვრთნელთა შტაბის და კლუბის ხელმძღვანელობის საერთო აზრია, რომ გუნდმა, რომელმაც მანამდე გასავარდნი და პლეი ოფი ითამაშა, მომდევნო გათამაშებაში მეოთხე ადგილი დაიკავა და ეს უდაოდ წარმატებაა. გასათვალისწინებელია ის რესურსიც, რითაც ამას მივაღწიეთ. სეზონის წინ პროგრამა მინიმუმი ექვსეულში შესვლა და პლეიო ოფში გასვლა იყო, ხოლო მაქსიმუმად სწორედ ოთხეულში მოხვედრად ვისახავდით. ეს პროგრამა ზუსტად შევასრულეთ. დიახ, ბოლოს მეტის გაკეთებაც შეიძლებოდა, მაგრამ ეს უფრო ახლოს იქნებოდა სენსაციასთან. მიუხედავად იმისა, რომ ტრავმებმა შეგვიშალეს ხელი, ყველა პოზიციაზე არ გვყავდა სრულფასოვანი შემცვლელი, ჩვენ მიზნის მიღწევა მაინც მოვახერხეთ.

არ მინდა ვინმემ საწყენად მიიღოს და არც არავის თამაშს ვაკნინებ, მაგრამ შეცვლები გვიჭირდა და სეზონის მთელმა სიმძიმემ ფაქტობრივად 20 კაცზე გადაიარა. მე, როგორც ამ კლუბის სისხლ და ხორცს მაქსიმუმი მინდოდა, მაგრამ სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, შედეგს დამაკმაყოფილებლად მივიჩნევ. შეცდომებზე ვსწავლობთ და ვფიქრობ, მომავალი სეზონი კიდევ უფრო წარმატებული იქნება. 

-ასეთი წინსვლის შემდეგ, უნდა ვივარაუდოთ, რომ მომავალ სეზონში მიზანი ფინალში გასვლა და ჩემპიონობა იქნება? 

-მომავალ გეგმებზე საუბარს საკადრო მდგომარეობით დავიწყებ. კლუბს დაუბრუნდა ორი საკუთარი აღზრდილი, უძლიერესი მორაგბე – თბილისის “არმიადან” საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველხაზელი, კვაჭი შალვა მამუკაშვილი და “არმაზიდან” მეორეხაზელი მიხეილ არჩუაშვილი. ალბათ, ძნელად მოიძებნება საქართველოში ისეთი ადამიანი, რომელიც ამ მოთამაშეებს არ გამოარჩევს. მათ რაგბის ანა-ბანა სწორედ ჩვენს კლუბში აითვისეს და მათი დაბრუნება დიდი შენაძენია. გარდა ამისა, არის ვარიანტი კიდევ რამდენიმე მორაგბის დაბრუნებისა, რომელთა გვარების დასახელებისგანაც ამჯერად თავს შევიკავებ, რადგან საკითხი გადაწყვეტილი ჯერ ბოლომდე არაა. 

გადაწყვეტით შეგვიძლია ვთქვათ, რომ კლუბიდან წავიდა და “ჯიქებში” დაბრუნდა რატი ხუციშვილი. მე მინდა მას წარმატებები ვუსურვო. რაც შეეხება ჩვენს პროგრამას, მინიმუმ რეგულარული ჩემპიონატის პირველ-მეორე ადგილზე დასრულებას ვგეგმავთ, ხოლო პროგრამა მაქსიმუმი ფინალში თამაშია. ნებისმიერი გუნდისთვის, ნებისმიერ სპორტის სახეობაში, ფინალში თამაში უკვე დიდი მიღწევაა და რა მოხდება იმ კონკრეტულ შეხვედრაში არავინ იცის, თუმცაღა, რაღა თქმა უნდა, ჩვენ იქაც მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ.

-როგორ ემზადება გუნდი მომავალი სეზონისთვის?

-შეიძლება ითქვას, რომ სეზონის დასრულების შემდეგ ვარჯიში პრაქტიკულად არც შეგვიწყვეტია. ბიჭებმამხოლოდ ორი კვირა დაისვენეს. საქართველოს ეროვნული და 7-კაცა ნაკრების წევრებს ის ორი კვირაც არ დაუსვენიათ და სულ რეჟიმში იყვნენ. მზადება და ინტენსიური ვარჯიშები ივნისის პირველი რიცხვებიდან დავიწყეთ. აგვისტოს პირველი რიცხვიდან 7-მდე, შეკრებას ასპინძაში ვგეგმავთ. ჩემპიონატი 15 აგვისტოს, “არმაზთან” მატჩით იწყება და ასე გადავწყვიტეთ, რომ ერთკვირიანი შეკრება საკმარისი იქნება. 7 აგვისტოდან თამაშამდე, მხოლოდ ბურთით ვივარჯიშებთ. 9-10 აგვისტოს გუნდის ნაწილი ბათუმში, ქვიშის რაგბის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას, სადაც ასევე გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ.

-კალენდრის ცვლილებამ და აღმოსავლეთ საქართველოს ნაკრების ევროთასებზე მონაწილეობამ თქვენი გეგმები ხომ არ შეცვალა?

-ჩემპიონატი აგვისტოს ბოლოს უნდა დაწყებული, მაგრამ ამ თარიღმა 15 აგვისტოს გადმოიწია და გამომდინარე მიზეზიდან, ეს ძალიან კარგია. ისტორიული მომენტი დადგა და საქართველო საკლუბო ევროტურნირებში ჩართვება. ჯერჯერობით არ ვიცით ვინ იქნებიან ჩვენი კლუბიდან ამ გუნდში მიწვეული, მაგრამ ჩვენ მზად ვართ და დიდი სიამოვნებით მივავლენთ მოთამაშეებს აღმოსავლეთ საქართველოს ნაკრებში, რომელსაც “თბილისი-ამერი” ერქმევა.

ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი ჩემპიონი გუნდის თავკაცი, ლევან მაისაშვილი იქნება, რომელსაც მინდა სული და გულით დაიმსახურა ეს პატივი. თავისი მუშაობით, ზედიზედ ორწლიანი ჩემპიონობით, საინტერესო თამაშის სქემით, მან ეს ნამდვილად დაიმსახურა. ჯერჯერობით მასთან შეხვედრა არ ყოფილა და არ ვიცით ვის მიიწვევს ის ჩვენი კლუბისგან, მაგრამ ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. ევროტუნირებში ჩვენი კლუბის ჩართვა მთელი საქართველოს მონაპოვაროა. არ გვაქვს იმის ილუზია, რომ იქ თამაშს თამაშზე მოვიგებთ, ალბათ, თავიდან წაგებები იქნება, მაგრეამ საბოლოოდ, მაინც მოვახერხებთ ადგილის დამკვიდრებას. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს პირველი გასვლა იქნება უაღრესად საპასუხისმგებლო და მე მჯერა იმისი, რომ ყველა უძლიერესს მიეცემა თაცის გამოჩენის შესაძლებლობა. 

-როგორ ფიქრობთ, რამდენად წარმატებული იქნება ქართული კლუბებისთვის ევროთასებში ჩართვა?10531054_563783887064686_1935659546_n

-“ჩელენჯ ქაფის” შესარჩევ ეტაპზე, იტალიურ “როვიგოსთან” წარმატების შანსი არის, მაგრამ ჯერ ძნელია დარწმუნებით რაიმეს თქმა. როგორც ქართველ კაცს, გულის სიღრმეში მწამს, რომ გავიმარჯვებთ, მაგრამ რეალურად რომ შევხედოთ, ჩვენ მათზე უფრო ნაკლები შანსი გვაქვს. თუმცა, იმ ნაკლები შანსიც გამოყენებაც შეიძლება და დანარჩენი უშუალოდ მოედანზე გადაწყდება. 

-ისევ ბოლნისის “ყოჩებს” დავუბრუნდეთ. რა მისცა კლუბს სახელმწოფო პროგრამით 400 ათასამდე გაზრდილმა დაფინანსებამ?

-საბაზისო თანხა იგივე დარჩა, რაც გასულ სეზონში იყო, ანუ 400 ათასი ჩვენ გასულ სეზონშიც მივიღეთ. იგივე თანხა უმაღლესი ლიგის ათივე კლუბს ჩაერიცხა და ყველა კლუბის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო სახელმწიფოს და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ დაფინანსების დანერგვაში მიიღო მონაწილეობა. ახლა უკვე თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ კიდევ სამი წლის განმავლობაში ფინანსურად წელგამართული ვიქნებით და იმედია, ეს პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება. 

ამ დაფინანსების წყალობით, ჩვენ, როგორც ჩემპიონატის მეოთხეადგილოსანმა, დამატებით კიდევ 65 ათასი მივიღეთ. რაგბის განვითარება 80 პროცენტით სწორედ დაფინანსებაზეა დამოკიდებული და ეს მივიღეთ სახელმწიფოსგან. ახლა ჩვენ უკვე შეგვიძლია ბევრად უკეთესო პირობები შევუქმნათ მოთამაშეებს, როგორც უშუალოდ ანაზღაურების, ასევე მომზადების მიმართულებით. ჩვენ შევძლებთ მორაგბეების შენარჩუნებას, ისინი აღარწავლენ მეორე და მესამეხარისხოვან კლუბებში და მწვრთნელებისა და მსაჯების პროფესიონალიზმიც გაიზრდება. რა თქმა უნდა, თუ ძლიერ კლუბს ექნება ჩვენი მოთამაშის წაყვანის სურვილი, ამაში ყველანი ჩავერთვებით და ხელს შევუწყობთ, მაგრამ მეორე-მესამე დონის ქვეყნებში და ლიგებში მორაგბეები არ უნდა მიდიოდნენ. კარგია, რომ სახელმწიფისგან მიღებული თანხის ხარჯვა კონტროლდება, რადგან სწორედ ასე მიიღწევა საქართველოში ზოგადად რაგბის განვითარება.

-“ყოჩებს” დამატებითი დაფინანსებაც აქვს.

-დიახ და მთელი კლუბის სახელით აუცილებლად მინდა უზარმაზარი მადლობა გადავუხადო ბოლნისის მუნიციპალიტეტს, რომელიც პარალელურ რეჟიმში, მნიშვნელოვანი თანხით გვაფინანსებს. ამ თანხის ნახევარზე მეტი, ბავშვთა რაგბის განვითარებაზე იხარჯება და იზრდება ჯანმრთელი თაობა. ჩვენს შორის გაფორმებულია ორწლიანი ხელშეკრულება და იმედია, ის მომავალშიც გაგრძელდება. 

-“ყოჩების” ბოლნისურ კლუბად ქცევამ, ამ ერთი წლის განმავლობაში რა შესძინა ამ რეგიონში რაგბის განვითარებას?

-უწინარესად, მე მინდა უდიდესი მადლიერება გამოვთქვა იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც ამპროგრამის ამოქმედებამდე ბოლნისში რაგბი შეინარჩუნა. ბოლნისში რაგბი ერთ-ერთ ულამაზეს ადგილ რაჭის უბანში დაიბადა. მისი ფიძემდებლები იყვნენ ზურაბ და დავით რეხვიაშვილები და ისინი დღესაც ერთგულად ემსახურებიან ქართულ რაგბის და კონკრეტულად “ყოჩებს”. ამ ადამიანებმა ყოველგვარი დახმარების გარეშე, ამ რეგიონში შეინარჩუნეს რაგბი და გაზარდეს რამდენიმე სერიოზული კადრი, რომლებიც დღეს წამყვანი ქართული კლუბების ღირსებას იცავენ. 

მათ გარდა, დიდი დამსახურება აქვს გიგა გიგაშვილს, რომელიც თავის დროზე ბოლნისში, კაზრეთში მოღვაწეობდა. ის თავისი სახსრებით ეხმარებოდა ყველას, რათა ბოლნისში რაგბის კერა არ ჩამქრალიყო. ახლა უკვე გვერდში მუნიციპალიტეტი, ბოლნისის ყველა მაცხოვრებელი და ამას ვგრძნობთ. ეს გამოიხატება არა მხოლოდ სტადიონზე მოსვლით და ქომაგობით, არამედ იმ წვრილმანებით, რომლისგანაც ცხოვრება შედგება. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და მუნიციპალიტეტიდან დაწყებული თითოეული მაცხოვრებლით დამთავრებული, ყველას მინდა დიდი მადლობა გადავუხადო. 

მას შემდეგ, რაც ჩვენ ბოლნისის რეგიონში შევედით და რაგბის განვითარების ჩვენი პროგრამა ავამუშავეთ, მარტო კაზრეთის რეგიონში სპორტის ამ სახეობით 100-მდე ბავშვი დაინტერესდა. თვითონ ქალაქში, სამ სკოლაში ვართ შესული და დაახლოებით 70-მდე ბავშვი ვარჯიშობს. რაგბიმ დიდი ინტერესი გამოიწვია აზერბაიჯანელ მოსახლეობაშიც. სოფელ ნახიდურში რეგულარულად ვარჯიშობენ ბავშვი და ადგილობრივ მწვრთნელს, რომელიც რეგულარულად გადის სამწვრთნელო კურსებს, ჩვენი გუნდელები ეხმარებიან. მოკლედ, რაგბიმ ქართველი და არაქართველი ბავშვები გააერთიანა და დარწმუნებული ვარ, სულ მალე ბოლნისელი, ეთნიკურად არაქართველი მორაგბეები სხვადასხვა კლუბებშიც გამოჩნდებიან.

-კაზრეთში ბაზის მშენებლობის საკითხი რა სტადიაზეა?

-კონკრეტულად კაზრეთზე არ იყო საუბარი. მისი, ან ნახიდურის მოედნის საფარის მოწყობას და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ბოლნისის მუნიციპალიტეტი ცდილობდა, მაგრამ ტენდერის ჩატარების ვადებმა გადაიწია. იქ უნდა მოეწყოს ბაზა, სადაც მოსამზადებელი შეკრებები და თამაშები “ყოჩებს” ექნება. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები და არც ისაა გამორიცხული, რომ ბაზის აშენებზე შეთანხმება სახელმწიფოსთან და “ქართუსთან” შედგეს. 

-რა მდგომარეობაშია ბოლნისის ცენტრალური სტადიონი და “ყოჩები” სად ჩაატარებს საშინაო თამაშებს?

-სტადიონის რეკონსტრუქცია ჯერჯერობით დაწყებული არაა, მაგრამ რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება. სავარაუდოდ, პირველი ტურის თამაშს იქ ჩავატარებთ და მერე სწორედ ამ სამუშაოებზე ვიქნებით დამოკიდებული. ივლისის ბოლოს საბოლოო პასუხი გვექნება. სტადიონის ძირითადი პროფილი მაინც ფეხბურთია, თუმცა, ამ რეგიონში რაგბი და ფეხბურთი იმდენად ვახლობლობთ, რომ სავარაუდოდ პრობლემა არ შეგვექმნება. 

-რა სიახლით შეხვდება”ყოჩები” ახალ სეზონს?

-ივლისის ბოლომდე ველოდებით ახალი ეკიპირების ჩამოსვლას, რომელიც “კუგას” ფირმისაა. ვიზუალურ მდგომარეობაზე არ ვისაუბრებ, რადგან პრეზენტაციაზე ყველაფერი თვალნათელი იქნება. ფერები არ შეიცვლება და “ყოჩები”, ისე, როგორც დაარსების დღიდან, შავ-წითელ-თეთრ ფერებს არ უღალატებს.   

 


Share.

Comments are closed.