რა ცვლილებების გატარებას ავალდებულებს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს თვითმმართველობის ახალი კოდექსი

0

imagesთვითმმართველობის კოდექსში ძირეული ცვლილებები შევიდა, ახალ ხელმძღვანელობას ახალი სამართლებრივი კოდექსით მოუწევს მუშაობა. საკრებულოს თავმჯდომარის უფლება-მოსილება შესუსტდა და პირდაპირი არჩევნების წესით არჩეული გამგებლის მოვალეობები  გაიზარდა. კოდექსის თანახმად მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს და უმაღლესი თანამდებობის პირი არის გამგებელი. კოდექსით განისაზღვრა თანამდებობების რაოდენობა, თხუთმეტის ნაცვლად მუნიციპალიტეტში ცამეტი სამსახური იქნება, თანამდებობის პირებად კი ითვლებიან გამგებლის პირველი მოადგილე,  კიდევ ორი მოადგილე და 9 სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

ცვლილებები შეეხო ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულების საკითხსაც. ახალი კოდექსის თანახმად გაუქმდა რწმუნებულის შტატი, მათ უფლება-მოსილება უკვე შეუწყდათ. გამგებელს უფლება აქვს ადმინისტრაციულ დასახლებულ პუნქტებში დანიშნოს წარმომადგენელი, რომლის უფლებები განისაზღვრება გამგეობის დებულებით. მოხდება რამდენიმე სამსახურის რეორგანიზაცია – გაერთიანება და ახალი სამსახურის შექმნა, ამ პუნქტების დამტკიცების მოთხოვნით შევა გამგებელი 14 ივლისს საკრებულოს სხდომაზე.

„თანამშრომელთა რაოდენობას რაც შეეხება, არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან ძალაშია კანონი და 120 დღეში ამოქმედდება მუხლი, რომელიც ითვალისწინებს საჯარო მოხელეთა რაოდენობას, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ოცდაათს, ამას ემატება 500 ამომრჩეველზე ერთი კაცი და 2010 წლის მდგომარეობით ტერიტორიული ორგანოების მიხედვით 14 საჯარო მოხელე. მუნიციპალიტეტში 214 საჯარო მოხელის ნაცვლად იქნება 159. თუმცა არის კიდევ ერთი სიახლე, დაიწყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ლიკვიდაცია, რომელიც სამი-ოთხი თვე გაგრძელდება, სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა და ის საშტატო ერთეულები უკვე აღარ განისაზღვრება ჩვენს ოპტიმიზირებულ შტატების ერთეულთა ნუსხაში,  შესაბამისად ჩვენს მუნიციპალიტეტში სავარაუდოდ უმნიშვნელოდ მოხდება შტატების შემცირება, რომელიც სამი თვის მერე დაიწყება“. – აღნიშნა bolnisi.ge-თან ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული განყოფილების უფროსმა მიხეილ კორძაძემ.

მთავრობა ამზადებს ახალ სამართლებრივ აქტს, რომელიც ითვალისწინებს თვითმმართველობის საჯარო მოხელეების ატესტაციას.

„პროცესი წელს დაიწყება და 2015 წლის პირველ ივნისს დასრულდება, ამ დროისთვის ყველა საჯარო მოხელისთვის სავალდებულოა კონკურსის გავლა. კოდექსით ატესტაცია არ ეხებათ გამგებელს, მოადგილეებს და სამსახურის უფროსებს, მათზე აღარ მოქმედებს საჯარო სამსახურის მთელი რიგი მუხლები, მათი უფლება-მოსილება საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით განისაზღვრა“. – აცხადებს იურიდიული სამსახურის უფროსი.

თვითმმართველობის ახალი კოდექსით გამგებლის უფლება-მოსილებაში შედის გამოსცეს სამართლებრივი აქტი, რის საფუძველზეც მოხდება სამსახურის ხელმძღვანელებისა და გამგებლის მოადგილეების გათავისუფლება, შემდეგ კი თავად დააკომპლექტებს მუნიციპალიტეტის ძირითად გუნდს, დანიშნავს თავიდან ან შეცვლის კონტიგენტს.

მაგდა დევნოზაშვილი

Share.

Comments are closed.