რატომ ვერ იზეიმა „თამარიონმა“ ათი წლის იუბილე

0

ანსამბლი „თამარიონი“ დაარსებიდან დღემდე

10559174_716300341786929_230046477_nათი წლის წინ, 2003 წლის 14 მაისს, თამარობის დღესასწაულზე გოგონათა ანსამბლ „თამარიონის“ პრეზენტაცია საზეიმო ვითარებაში მოეწყო. ახალბედა ანსამბლი ქორეოგრაფ თამარ რეხვიაშვილის ხელმძღვანელობით ბოლნისის მუნიციპალიტეტის შემოქმედებით კოლექტივებს შორის ჩადგა და დიდი ენთუზიაზმის, მონდომების, დაუღალავი შრომის შემდეგ პატარა მოცეკვავეები სოლო კონცერტით მალევე ბოლნისელი მაყურებლის წინაშეწარსდგნენ. მას შემდეგ ანსამბლი აქტიურადაა  ჩართული ადგილობრივ ღონისძიებებში, გარდა ამისა ბოლნისელმა მოცეკვავე გოგონებმა „თამარიონის“ სახელით საქართველოს მასშტაბით მრავალ ღონისძიებაში თუ კონკურს-ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა. დაარსებიდან ოთხი წლის შემდეგ კი „თამარიონი“ რუმინეთის რესპუბლიკის ქალაქ ტურჩიაში გაემგზავრა და სამშობლოში ოქროს თასით ხელდამშვენებული დაბრუნდა.

„ეს იყო ჩვენი პირველი გასვლა საზღვრებს გარეთ, რაც ჩვენს ცხოვრებაში დაუვიწყარი იქნება. რუმინეთში გამართულ ფესტივალზე ოცდახუთი მოცეკვავით წავედით, ფინანსური დახმარება ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა გაგვიწია, რაზეც ყოველთვის მადლიერი ვიქნები.  ანსამბლი ოცდაორ რესპუბლიკას შორის საუკეთესო იყო. როდესაც გამოაცხადეს, რომ ანსამბლი „თამარიონი“ პირველი ადგილის მფლობელი გახდა, უსაზღვრო ბედნიერება და სიხარული განვიცადეთ. როგორც ფესტივალის გამარჯვებულებმა, მოვიპოვეთ სამდღიანი დაფინანსება და გავემგზავრეთ მეზობელ ქალაქში კონკურსზე, სადაც ოქროს თასი გადმოგვცეს.  ვთვლი, რომ ეს იყო ერთ-ერთი დიდი წარმატება ჩვენი ანსამბლის ისტორიაში“. –ამბობს ანსამბლის ქორეოგრაფი თამარ რეხვიაშვილი.

ერთი წლის შემდეგ, 2008 წელს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ანსამბლი ერთი კვირით თურქეთის ქალაქ სიდეში გაემგზავრა. 2013 წელს კი ,,თამარიონმა“ ნინო რამიშვილის სახელობის პრიზზე ურეკში გამართულ ქართული ხალხური ცეკვის ფესტივალ-კონკურსზე მიიღო მონაწილეობა, რასაც თამარ რეხვიაშვილი დიდ წარმატებად თვლის. 2014 წელს კი ანსამბლმა ანტალიაში გამართულ „ქართული კულტურის დღეებზე“ მიიღო მონაწილეობა.

მახსოვს თამარ რეხვიაშვილის წლების წინ  ნათქვამი სიტყვები. მან გაზეთ „ბოლნისთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ გოგონათა ანსამბლს მომავალში აუცილებლად შეავსებდა ვაჟი მოცეკვავეებით.  გავიდა წლები, ანსამბლში მოხდა თაობათა ცვლა და დღეს უკვე „თამარიონის“ მეხუთე თაობა, როგორც გოგონებით, ასევე ვაჟებითაა დაკომპლექტებული. კონტიგენტიც საკმაოდაა გაზრდილი. ანსამბლსა და სტუდიაში ამჟამად ასამდე ბავშვი ეუფლება ქორეოგრაფიის ხელოვნებას.

„ანსამბლის მიერ მიღწეული წარმატებებიდან გამომდინარე,საგრძნობლად იმატა ბავშვთა კონტიგენტმა. სტუდიაში 45, ანსამბლში კი 50 მოსწავლე მყავს. გასული წლებისგან განსხვავებით,დღეს უკვე „თამარიონი“ არის როგორც გოგონათა, ასევე ვაჟთა ანსამბლი. სხვათაშორის უფრო მეტი მოთხოვნილებაა ვაჟების კუთხით. აქედან გამომდინარე,მრავალი სიახლე გვაქვს რეპერტუარში. ავიყვანე დამხმარე ქორეოგრაფი დავით ჩიხლაძე, რომელიც გვერდში მიდგას და ვმუშაობთ ერთობლივად. გვაქვს რეპეტიციები ცალ-ცალკე გოგონებთან და ბიჭებთან, შემდეგ ერთობლივ გაკვეთილებს ვატარებთ, რაც ძალიან საინტერესო სიახლეა ბავშვებისთვის“ –აღნიშნა თამარ რეხვიაშვილმა.

სტუდიაში კვირაში სამ, ანსამბლთან კი 4-5 გაკვეთილს ატარებს ქორეოგრაფი თამარ რეხვიაშვილი. ყოველდღიური რეპეტიციები, გაკვეთილები, ფიზიკური დატვირთვა, ენერგიული შრომა რთულია,თუ არ ხარ შენს საქმეზე, სპეციალობაზე, ხელოვნებაზე შეყვარებული.  „ჩემთვის ეს პროფესია ყველაფერია, ცეკვა, ბავშვებთან მუშაობა, ჩემი საყვარელი საქმის კეთება,ენერგიით მავსებს და მიხანგრძლივებს სიცოცხლეს“. –ამბობს თამარ რეხვიაშვილი.

სპეციალობით დამდგმელი ქორეოგრაფი თამარ რეხვიაშვილი 25 წელია თავისი პროფესიით მუშაობს, ანსამბლ „თამარიონს“ დაარსების დღიდან სათავეში უდგას და სამომავლოდ კიდევ დიდი გეგმები აქვს, თუმცა არსებულ პრობლემებზე  გულისტკივილით საუბრობს. „მომავალი წინსვლა-წარმატებისთვის აუცილებელია ხელშეწყობა,ამჟამად 5-6 ცეკვა გვაქვს დადგმული, მაგრამ ვერ ვახდენთ მის რეალიზებას. მინდა ჩემი ნამუშევარი ვაჩვენო საზოგადოებას, მაგრამ კოსტიუმირების გარეშე შეუძლებელია მუშაობა. ადგილობრივ კონცერტებზე გამოვდივართ სარეპეტიციო ფორმებით, მაგრამ გასვლით კონცერტებზე ეს შეუძლებელია. იყო დრო,როდესაც საკუთარი ხარჯებით ვიკერავდით,  მაგრამ გაჭირდა ცხოვრება, ვერ დავავალებ ბავშვებს, რომ თვითონ შეიკერონ ფორმები. მუნიციპალური პროგრამით  ბევრი ბავშვი სწავლობს ჩემთან სოციალურად დაუცველი და დევნილი ოჯახებიდან.  ბავშვებს, რომლებსაც გადასახადის გადახდის საშუალებაც  არ აქვთ, როგორ შეიკერავენ საკმაოდ ძვირად ღირებულ ფორმებს?  ასეთ სიტუაციაში კი ვკარგავ კონტიგენტს.“  ამბობს ანსამბლის ხელმძღვანელი.

ქალბატონმა თამარმა ჩვენთან საუბრისას კიდევ ერთ საკითხზე გამოთქვა გულისტკივილი. 2014 წლის 14 მაისს „თამარიონი“ ათი წლის გახდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტში შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო,ანსამბლმა იუბილე ვერ იზეიმა. „მინდოდა საიუბილეო კონცერტის მოწყობა, მაგრამ მოგეხსენებათ ყველაფერი თანხებთანაა დაკავშირებული, არსებული ფინანსური კრიზისის გამო კი, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ აღნიშვნა. იმედია ახალი ხელისუფლების საშუალებით გამოსწორდება მდგომარეობა და უკეთესობა გვექნება.“  აღნიშა ანსამბლის ხელმძღვანელმა თამარ რეხვიაშვილმა.

10537796_716300338453596_1605551597_n 10564822_716300335120263_280690299_n 10565810_716300345120262_1763565705_n 10567333_716300328453597_2001128607_n 10568732_716300325120264_943865312_n 10490125_716300331786930_1305302419_n 10516901_716300348453595_1192507516_n

ნინო კარგარეთელი


Share.

Comments are closed.