ნატრიუმის ციანიდი, რომელსაც RMG Gold-ში იყენებენ

0

10517135_10204172982024804_1778025390_nრა არის ციანიდი და რა მნიშვნელობა აქვს მას წარმოების პროცესში? მოქმედებს თუ არა  სინამდვილეში ადამიანის ჯანმრთელობაზე და რა რაოდენობით შეიძლება მოხვდეს ის ჰაერში? ამ ნივთიერების, მისი ნიშან-თვისებისა და მოხმარების შესახებ RMG Gold-ის გარემოს დაცვის ოფიცერი თედო ცინცაძე დეტალურად საუბრობს.

– ბატონო თედო, პირველ რიგში გვითხარით, რა არის ციანიდი და როგორ ხდება მისი გამოყენება წარმოებაში?

– პირველ რიგში, მინდა განვმარტო, რომ წარმოებაში ვიყენებთ ნატრიუმის ციანიდს და არა კალიუმის ციანიდს (ეს უკანასკნელი ასევე ცნობილია დარიშხანის სახელით და საწამლავს წარმოადგენს).

ნატრიუმის ციანიდი არის თეთრი ფერის ნივთიერება, რომელიც კვარციტული მადნების გროვული გამოტუტვის დროს გამოიყენება. არის ციკლურ მოძრაობაში და მისი გადინება არ ხდება. ზოგადად კი ე.წ. გამოტუტვის მეთოდი მთელს მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია. მსგავსი ტიპის საწარმოები, მაგალითად, ავსტრალიაში, აფრიკაში, იყენებენ ამ მეთოდს. შესაძლებელია იყოს სხვა საშუალებაც, მაგრამ ასეთი მასშტაბებისათვის სხვა მეთოდის გამოყენება ჯერჯერობით შეუძლებელია. მოკლედ, სადაც კვარციტული მადნებია, იქ არის ციანიდიც.  ეს ყველაფერი არის დახურული ციკლი. თავდაპირველად, მიქსერში ხდება ციანიდის არევა, შემდეგ უკვე ემატება კაუსტიკური სოდა, მიღებული ხსნარი დაესხურება მოედნებს, იქიდან ჩამოედინება აუზებში, აუზებიდან კი ისევ ბრუნდება მიქსერში.

–  ციანიდის ასეთი სახით გამოყენება უქმნის თუ არა ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს?

თუ ციანიდი  შეერევა წყალს, ამ შემთხვევაში წარმოიქმნება ციანიდის წყალბადი, რომელიც გარდაიქმნება უკვე უფერო, უსუნო აირად. შემდეგ ორთქლდება ჰაერში, რაც უკვე  ჯანმრთელობისთვის მავნებელია. მაგრამ ეს ძირითადად დამოკიდებულია ჰაერში კონცენტრაციის რაოდენობაზე. აღსანიშნავია, რომ ჩვენს საწარმოში გამოიყენება ნატრიუმის ციანიდის  0,06 %-იანი ხსნარი. ვინაიდან ჰაერში გაფრქვეული მოცულობა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ზღვრულად დასაშვებ ნორმებს არ აღემატება, იგი ადამიანის ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი არ არის.  ნატრიუმის ციანიდი ღია სივრცეში მარტივად და სწრაფად ნეიტრალდება. ის საფრთხის შემცვლელი შეიძლება იყო დახურულ სივრცეში, მაგალითად, შენობებში, კოლონებში, ბოილერებში და სხვა. ღია სივრცეში ციანიდის წყალბადს მზის სხივებიც კი ანეიტრალებს. თუ შემთხვევით მოხდა მისი დაღვრა, ჩვენ სწრაფადვე ვანეიტრალებთ ქლორით, ან მჟავით. ასევე, ამას ეხმარება გროვებში არსებული მჟავატუტოვანი ბალანსი. სხვადასხვა შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით ყოველდღიურად ვიღებთ სინჯებს და ვაკეთებთ მონიტორინგს.

 ბატონო თედო,  უფრო ვრცლად რომ ვისაუბროთ კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვებ ნორმებზე და ყოველდღიურ მონიტორინგზე?

–  ზოგადად, ჰაერის ციანიდით დაბინძურება და მოწამლვა არის აბსურდი. ჩვენ გვაქვს სპეციალური ხელსაწყოები, რითაც  ჰაერში ციანიდის კონცენტრაციის რაოდენობას ვზომავთ. ამ ხელსაწყოს საშუალებით ახლავე შეგვიძლია გავზომოთ. ადგილმდებარეობაც ხელს გვიწყობს, რადგან ახლა ჩვენ ვიმყოფებით RMG Gold-ის ტერიტორიაზე, აუზებთან ახლოს, ანუ მთავარ წერტილში, სადაც შესაძლოა, კონცენტრაციის ყველაზე მეტი რაოდენობა დაფიქსირდეს. (ბატონი თედო, ცდომილების გამორიცხვის მიზნით, ორი ხელსაწყოს საშუალებით ზომავს ციანიდის კონცენტრაციის რაოდენობას ჰაერში. ჩვენ კი ფოტოზე ვაფიქსირებთ ხელსაწყოების ეკრანზე ნაჩვენებ ანალიზს). გროვებზე მაქსიმალურ რაოდენობას  გვიჩვენებს ხოლმე 0.3-0.4 მილიგრამს ერთ კუბურ მეტრ ჰაერში. ადამიანი ციანიდის ზემოქმედებას გრძნობს უკვე მაშინ, როდესაც კონცენტრაციის შემცველობა ერთ კუბურ მეტ ჰაერში არის 4.7 მგ. ასეთ დროს  ძირითადი სიმპტომები არის თავის ტკივილი და სხეულის მოდუნება. მაგრამ თქვენ უკვე ნახეთ, თუ რა შედეგი გვიჩვენა ხელსაწყოებმა. ზოგადად, რომ იცოდეთ, სასიკვდილო კონცენტრაციის რაოდენობა  არის 50 მგ  კუბურ მეტრ ჰაერში (თუ, რა თქმა უნდა, ადამიანი გარკვეული დროის განმავლობაში მოხვდება  ასეთ ადგილას). მონიტორინგს ვახორციელებთ ასევე მდინარეებში, დამბებზე და ა.შ. არცთუ იშვიათად ვაკეთებთ გრუნტის მონიტორინგსაც, მაგრამ აქ უკვე მეორადი ციანიდია, რაც მომწამლავი აღარ არის. მონიტორინგის შედეგებს კი ძირითადად ჩვენივე სამუშაო პროცესის ოპტიმიზაციისათვის ვიყენებთ, რომ არ ამოგვეპაროს რაიმე შემთხვევა. ამ შედეგებს არ ითხოვს რომელიმე სახელმწიფო უწყება.

რა ხდება საყდრისის ტერიტორიაზე ამ მიმართულებით, დაიწყო თუ არა დასხურების პროცესი?

-საყდრისზე ჯერ არ დაწყებულა ციანიდის დასხურების პროცესი. ხმები მოგვდის  მოსახლეობის შიშნარევი დამოკიდებულების შესახებ საყდრისის ტერიტორიაზე ციანიდის დასხურებასთან დაკავშირებით, მაგრამ მინდა დავამშვიდო ისინი და ვუთხრა, რომ ეს პროცესი მათი ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი ნამდვილად არ არის. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ გროვებს აქვს მჟავატუტოვანი ბალანსი, რათა არ წარმოიქმნას ციანიდწყალბადი.  წარმოება იყენებს კაუსტიკურ სოდას და კირს, რომ არ დავუშვათ ციანიდწყალბადის წარმოქმნა, რომელიც იწყვევს ციანიდის აორთქლებას. ეს შედის როგორც წარმოების ინტერესებში, ასევე მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის კუთხითაც. აბა, წარმოიდგინეთ, თუ არაა  ზღვრული მჟავიანობა, წარმოიქმნება ციანიდწყალბადი, შემდეგ აქროლდება ციანიდი და ვერ მოხდება გამოტუტვა. აქედან გამომდინარე ზარალდება საწარმო, რომელიც არცთუ ისე იაფად შეიძენს ამ პროდუქციას. ამიტომ, ასეთი რამ რომ არ მოხდეს, გროვებში მუდმივად ვინარჩუნებთ მჟავატუტოვან ბალანსს 7.4-ზე. ამ შემთხვევაში არ ხდება ციანიდის აქროლება, ის რჩება გროვებში და აკეთებს თავის საქმეს. ასეთივე სიტუაციაა აუზებში, სადაც მჟავატუტოვანი ბალანსი არის 7.5-ზე მაღალი, 9.5-ზე მეტი.  ყველაფერს  გააჩნია მოხმარებისა და გამოყენების წესები. ნებისმიერი რამ, დაზიანების შემთხვევაში, შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობის საფრთხის შემცველად იქცეს. ასეა ციანიდის შემთხვევაში. მასაც გააჩნია გამოყენების წესები და კანონები, რასაც მუდმივად ვითვალისწინებთ. ასე რომ არ იყოს, ვიდრე დასახლებაში ჩააღწევდა აირები, მანამდე ჩვენ, აქ მომუშავე ადამიანები, მოვიწამლებოდით. მოკლედ რომ ვთქვათ, წარმოებისთვის და  გარემოს დაცვის მხრივაც აუცილებელია ციანიდი იყოს ტუტე გარემოში. ტუტე გარემო კი აუცილებელია იმისთვის, რომ არ აორთქლდეს ციანიდი, იმუშაოს წარმოებისთვის და არც ადამიანის ჯანმრთელობას შეეხოს.

წყარო: RMG სიახლეები


Share.

Comments are closed.