კომპანია RMG-ის თანამშრომლებისთვის სამუშაო გრაფიკის აღსარიცხავად ახალი ელექტრონული სისტემა ამოქმედდება

0

10409416_607383532694070_60065830043232571_nკომპანია RMG-ის თანამშრომლებისთვის დაახლოებით ერთ თვეში სამუშაო გრაფიკის აღსარიცხავად ახალი ელექტრონული სისტემა ამოქმედდება. ელექტრობეჯის დახმარებით მათ შეეძლებათ უფრო ზუსტად და მარტივად დააფიქსირონ სამსახურში მისვლისა და საწარმოდან დაბრუნების  დრო.

„მოგეხსენებათ, რომ საწარმოს ტერიტორიის შესასვლელში კეთდება ახალი გამშვები პუნქტი, სადაც დამონტაჟდება სამუშაო აღრიცხვის ელექტრონული სისტემა. ყველა თანამშრომლისთვის დამზადდება ელექტრობეჯიც, რითაც გამარტივდება სატაბელო აღრიცხვა. საწარმოს დიდ ტერიტორიაზე ეს სისტემა ხელს შეუწყობს სამუშაო გრაფიკის სწორ და სრულ აღრიცხვას. ძალიან მოკლე დროში ჩაირთვება ელექტრონული სისტემა. მაგრამ, ვიდრე ეს მოხდება, კომპანიაში დასაქმებული პერსონალი ადმინისტრაციული შენობის შესასვლელში განთავსებულ სატაბელო ჟურნალში თავისი ხელმოწერით გაივლის ყოველდღიურ რეგისტრაციას სამსახურში დასწრებაზე. სატაბელო ჟურნალი ასევე განთავსდება საწარმოს სხვადასხვა შენობებსა და კარიერზე. კომპანიის კადრების მართვის სამსახური ამ მითითებას ასრულებს გენერალური დირექტორის, ბ-ნ სერგეი ეგანოვის დავალებით, რომელსაც სურს, რომ მუშა-პერსონალის სამუშაო დროის აღრიცხვა მოხდეს უფრო ზუსტად და გამჭვირვალედ.” – ამბობს კომპანია RMG Copper-ის კადრების მართვის სამსახურის უფროსი გიორგი საფარიძე.

სამუშაო აღირცხვის ელექტრონული სისტემა მორგებული იქნება ყველა ტიპის სამუშაო გრაფიკზე, რაც არსებობს საწარმოს ტერიტორიაზე, ეს იქნება ყოველდღიური, ცვლის თანამშრომლებისთვის და აშ. არც შესვენების პერიოდში იქნება ზედმეტი შეზღუდვა. „არიან თანამშრომლები, რომლებსაც სამსახურებრივი მოვალეობის გამო ხშირად უწევთ სხვადასხვა ტერიტორიაზე გადაადგილება. ამიტომ სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად ვიმუშავებთ ამ საკითხებზე, რომ თავიდან ავიცილოთ მსგავსი შეფერხება. ყველაზე მთავარი მაინც ის არის, რომ სწორად დაფიქსირდეს თანამშრომლების  სამსახურში შემოსვლისა და გასვლის რეალური დრო,“ – აღნიშნავს გიორგი საფარიძე.

წყარო: RMG სიახლეები


Share.

Comments are closed.