ირაკლი გიორხელიძე: “მთავარია ტრავმებმა არ შეგვაწუხოს”

0
giorxelidze-cr-300x200ბოლნისის “ყოჩების” მწვრთნელი ირაკლი გიორხელიძე ამ ეტაპისთვის გუნდის მზადყოფნით კმაყოფილია და პარასკევს, 18 ივლისს რუსთავში “ხარებთან” გასამართ ამხანაგურ მატჩს ელოდება. 

შალვა მამუკაშვილისა და მიხეილ არჩუაშვილის შემდეგ, გუნდს დაემატა საქართველოს 7-კაცა ნაკრების წევრი ალექსანდრე ხუციშვილი და ამით ბოლნისელთა შემადგენლობა კიდევ უფრო გაძლიერდა, თუმცა, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დრო კიდევ რჩება (31 ივლისი) და გამორიცხული არაა, მომავალი სეზონისთვის “ყოჩებმა” კიდევ დაიმატოს მორაგბეები. მოკლედ, გუნდში არსებულ მდგომარეობაზე, გეგმებზე, მიზნებსა და კალენდარზე თავად ირაკლი მოგვიყვება.
-რატომ გადაწყვიტეთ, რომ ახალი სეზონისთვის მოსამზადებელი ეტაპი ასე ადრიანად, თითქმის დასვენების გარეშე დაგეწყოთ?
-მთლად დასვენების გარეშე ვარჯიში ვარჯიში არ დაგვიწყოა. ნახევარფინალში მარცხის შემდეგ, ჩემპიონატის ფინალამდე, თითქმის 20 დღე დასვენება გვქონდა. სპორტსმენები არიან და ეს პერიოდი დასასვენებლად სრულიად საკმარისია, ასე, რომ ვერ ვიტყვი ვარჯიში ადრიანად განვაახლეთთქო. თავიდან დიდი დატვირთვები არც გვქონდა და სადღაც ერთი კვირაა, რაც ინტენსიურად ვემზადებით. პარასკევს რუსთავში “ხარებთან” პირველი საკონტროლო თამაში გვაქვს და იქ გამოჩნდება რა მდგომარეობაში არიან ბიჭები.
-ამ მომენტისთვის რამდენად კმაყოფილი ხართ გუნდის მდგომარეობით?
-ყველაფერი ძალიან კარგად მიდის. აქცენტი ფიზიკურ მომზადებაზე გვქონდა აღებული და ამ მხრივ კმაყოფილი ვარ. ბურთი ახლაღა ჩავრთეთ საქმეში და დანარჩენი პარასკევის თამაშისას გამოჩნდება. 
-გადაწყვეტილი იყო, რომ მომავალი სეზონიდან “ყოჩებს” შალვა მამუკაშვილი და მიხეილ არჩუაშვილი უბრუნდებოდნენ. კიდევ ვინმე ხომ არ დაიმატეთ?
-ძალიან კარგი შენაძენები გავაკეთეთ და გუნდი მნიშვნელოვნად გაძლიერდება. შალვა მამუკაშვილზე საუბარიც ზედმეტია, ის ეროვნული გუნდის ძირითადი კვაჭია და ყველამ იცის რა ძალას წარმოადგებს. მიხეილ არჩუაშვილი ერთ-ერთი საუკეთესო მეორე ხაზია საქართველოში. შარშან ფაქტობრივად ნომინალური მეორე ხაზის გარეშე ვითამაშეთ და ახლა ეს პრობლემება დიდწილად აღმოიფხვრება. აღსანიშნავია, რომ ორივე ეს მორაგბე ჩვენი კლუბის აღზრდილია და ასე ვთქვათ, შინ დაბრუნდნენ. ერთწლიანი არენდით დავიმატეთ ალექსანდრე ხუციშვილი, რომელიც 7-კაცა ნაკრების წევრია და მისი დიდი იმედი მაქვს. მწამს, ის “ყოჩებს” კიდევ უფრო გააძლიერებს. “ესპუარებიდან” დავიმატეთ გიორგი მელაძე, რომელიც ახალგაზრდული ნაკრების წევრია და გიორგი ილიაევი. არის კიდევ რაღაც ვარიანტები, როგორც მოთამაშეთა დაბრუნების, ასევე ახალგაზრდული გუნდიდან დაწინაურების, მაგრამ ჯერჯერობით გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ. 
-ასეთი გაძლიერების ფონზე, ალბათ, მეოთხე ადგილი აღარ დაგაკმაყოფილებთ.
-ასე ხელაღებით რამის თქმა ძალიან ძნელია. ეს სპორტია, სადაც ყველაფერი ხდება. ჩვენ არ ვიცით რა გამოწვევები გვექნება სეზონის მსვლელობისას, როგორ იქნება ტრავმების საქმე. თუმცა, რომ ვუყურებ ბიჭების მონდომებას, უფრი მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ. მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ – დაზღვეულები არ ვართ, მსგავსი მწარე გამოცდილება ადრეც გვქონია და ტრავმების გამო 3-4 ლიდერი რომ გამოგვაკლდეს, შესაძლოა, ვეღარ გადავეწყოთ. 
-საკმარისია დღეში ერთხელ ვარჯიში?
-ამ ეტაპისთვის სრულებით საკმარისია. შეკრებამდე ერთჯერადი ვარჯიშები გვექნება, 30 ივლისს ასპინძაში მივდივართ და 8 აგვისტომდე იქ დავრჩებით. იქიდან 10 კაცით პლიაჟის რაგბის ჩემპიონატზე გავემგზავრებით ბათუმში, რომელიც ორი დღე გაგრძელდება, შემდეგ კი, თბილისში გავაგრძელებთ მზადებას 15 აგვისტოს გასამართი პირველი შეხვედრისთვის. 
-წელს ჩემპიონატი უჩვეულოდ ადრე, 15 აგვისტოს იწყება.
-ჩემპიონატის დაწყების თარიღის გადმოწევამ გეგმები შეცვალა. ჩვენ მეორე შეკრების გავლა გვინდოდა ბათუმში, სადაც საკონტროლო თამაშებზეც ვიყავით შეთანხმებული, მაგრამ ეს ვეღარ ხერხდება. მაგრამ მსგავსი პრობლემის წინაშე სხვა გუნდებიც აღმოჩნდნენ, ზოგს სულაც ნაჩქარევად მოუწია შეკრება, რადგან ფაქტის წინაშე აღმოჩნდნენ. 
ერთის მხრივ, კარგია ჩემპიონატი ადრე რომ იწყება, რადგან, პირადად ჩემი აზრით, სეზონებს შორის ამხელა შესვენება არ უნდა იყოს. კალენდრით უკმაყოფილო არ ვარ, მაგრამ არის რთული მომენტებიც. პირველი ხუთი ტურის შემდეგ, გვიწევს სამკვირიანი შესვენება და მერე უშუალო კონკურენტებს – “არმიას” და “ლელოს” ვეთამაშებით. მერეც გვიწევს მსგავსი შესვენება და ცოტა რთული დასაგეგმია გუნდის მომზადება, რათა ყველა შეხვედრას მაქსიმალურ ფორმაში შევხვდეთ. წყვეტილი სეზონია და შესაძლოა, გუნდმა რიტმი დაკარგოს, მაგრამ ვერაფერს ვიზამთ.
ძალიან კარგია ჩვენი გუნდი ევროთასებზე რომ ითამაშებს და ამ პერიოდში აუცილებელია შიდა ჩემპიონატი შეწყდეს. იქნებ ისეც მოხდეს, რომ მოგვიანებით აღმოსავლეთის ნაკრებს დასავლეთისაც მიემატოს და ორი გუნდით წარვსდგეთ ევროთასებზე. უკეთესი იქნებოდა, პორტუგალიურ კლუბს ჩვენთან თამაშზე უარი რომ არ ეთქვა. ევროთასებზე გასვლით მოთამაშეებს, მწვრთნელებს, კლუბების ხელმძღვანელობას სტიმული ემატებათ და ეს დადებითად აისახება შიდა პირველობაზე.

Share.

Comments are closed.