გოგი ურუმაშვილი – „არ მინდა ამ ქვეყნიდან ისე წავიდე, რომ ჩემი ნაშრომი წიგნად გამოცემული არ ვნახო“

0

გოგი ურუმაშვ.1„მთავარი ის კი არაა ბევრი იცოდე, მთავარი ისაა ხალხისთვის რას გააკეთებ“.-  სწორედ ამ სიტყვებმა გადააწყვეტინა დაეწყო წერა  სოფელ ქვეშის მკვიდრს, 74 წლის გოგი ურუმაშვილს, მან  ცხოვრების მანძილზე უამრავი დაბრკოლება გადალახა, უმამოდ იზრდებოდა, დედას მუდამ გვერდში ედგა და თან წიგნებს არ იშორებდა გვერდიდან. მამა პირველად 7 წლის ასაკში ნახა.

„მე უკვე ჩამოყალიბებულ კაცად ვთვლიდი თავს, რადგან წერა-კითხვა ვიცოდი, დედას ვეხმარებოდი და საკმაოდ დამოუკიდებელი ბავშვი ვიყავი, მახსოვს სოფელში მაღაზიის წინ ვისხედით, გაჩერდა მაღალძარიანი მანქანა, რომელიც დღეში ერთხელ ჩამოივლიდა ხოლმე, ჩამოხტა სამხედრო ტანისამოსში გამოწყობილი კაცი. უფროსებმა მითხრეს ზელიმხან მამაშენი ჩამოვიდაო. მე აინუნშიც არ ჩავაგდე, რა მამაჩემი მეთქი. მერე ჩემთან მოვიდა ის უცხო კაცი და ხელში ამიყვანა“.

გოგი ურუმაშვილი დაიბადა 1941 წლის 6 მარტს ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ჩაისუბნის ქუჩაზე. მან დაწყებითი განათლება სოფელ ქვეშის სკოლაში მიიღო, შემდეგ სწავლა განაგრძო სოფელ აკაურთაში, ხოლო მეათე კლასი ბოლნისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის №1 სკოლაში დაამთავრა. 1967 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე, თუმცა მანამდე სამხატვრო სასწავლებელში სწავლობდა, რომელიც მალევე მიატოვა.  არასდროს უთაკილია შრომა, თითქმის ყველა სამუშაოზე აქვს ნამუშევარი. დღეს კი ორ აზერბაიჯანულ სოფელში, ფოცხვერიანსა და გულავერში მუშაობს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად, ჰყავს მეუღლე, 3 შვილი და 7 შვილიშვილი.

გოგი ურუმაშვილი სამი თვისაც არ ყოფილა, რომ მამა, შაქრო ურუმაშვილი ომში წაუყვანიათ. ომში წასვლამდე შაქროს მეუღლე და შვილები თბილისიდან სოფლად ჩამოუყვანია. გოგისთვის მეორე სახელი ზელიმხანი, გოგი ურუმაშვ.3მეზობელ კაცს დაურქმევია, რომელიც მის ნაწარმოებებს ფსევდონიმის სახით აქვს მინაწერი.

გოგის მამა 1946 წელს დაბრუნებულა ომიდან და სოფელში გაუგრძელებიათ ცხოვრება. სკოლის დამთავრების შემდეგ გოგი (რადგან ხატვა კარგად გამოსდიოდა) მამამ იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში შეიყვანა,სადაც მხოლოდ ორი წელი დაჰყო.

„მეორე წელს მივხვდი, ჯგუფელები ჩემზე ძლიერები იყვნენ და იმდენად გამიცრუვდა იმედი, რომ წამოსვლა გადავწყვიტე,  არ მინდოდა ძლიერებში სუსტი ვყოფილიყავი, რადგან ყოველთვის პირველობის სურვილი მქონდა. მამა ძალიან გაბრაზდა, ამიტომ სოფელში აღარ დავბრუნდი და თავი რომ მერჩინა, პურის ქარხანაში დავიწყე მუშაობა მტვირთავად, ორი წლის შემდეგ  ჯარში წავედი“.

გოგი ურუმაშვილს აქაც უმართლებს,  მისი სპორტული აღნაგობა არ გამოპარვიათ და ყოფილი მოკრივე  „სპორტ როტაში“ ხვდება. სპორტულ ნაკრებში მოხვედრილი კი თითქმის საბჭოთა კავშირის ყველა ქალაქს შემოივლის. ჯარის დამთავრების შემდეგ თბილისში დაბრუნებული ისევ პურის ქარხანაში იწყებს მუშაობას, ხოლო 1967 წელს  უნივერსიტეტში აბარებს.

„რადგან არ მქონდა იმის საშუალება რომ პედაგოგთან მოვმზადებულიყავი, ჩემმა მეგობარმა მომამზადა და ორივემ ერთად ჩავაბარეთ უნივერსიტეტში ეკონომიკურ ფაკულტეტზე. ჩაბარების დროს ასეთი ინცინდენტი შემემთხვა. ვუკარნახე ერთ გოგონას, რომელიც ძალიან მარტივ რაღაცას ვერ პასუხობდა და გამომცდელმა ლამის გამომაგდო გამოცდიდან.  ჩაბარებიდან  ერთ წელში ცოლი მოვიყვანე და ქირით დავიწყეთ ცხოვრება თბილისში. სწავლასთან ერთად მუშაობასაც ვახერხებდი ცოლ-შვილი რომ მერჩინა და არც წიგნები მავიწყდებოდა. „ილიადას“ წაკითხვამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, შემდეგ „ენეიდა“ წავიკითხე, ამან იმდენად დამაინტერესა, რომ გადავწყვიტე მითოლოგია, ასტროლოგია შემესწავლა და გამომეკვლია. ასეც მოვიქეცი და საკმაო ცოდნაც დამიგროვდა. ერთ-ერთი გენიოსის ნათქვამმა „მთავარი ის კი არაა ბევრი იცოდე, მთავარი ისაა ხალხისთვის რას გააკეთებ“ წერა დამაწყებინა“.

გოგი ურუმაშვი5გოგი ურუმაშვილი წერასთან ერთად  ფიზიკურად შრომობს და სამ შვილს არაფერს აკლებს, წლების მერე ახერხებს  ბინა აიშენოს, არც შვილების განათლება ავიწყდება და გოგონებს გერმანიაში აგზავნის სასწავლებლად. ვაჟს კი, რომელიც დღეს სამშობლოს სამსახურში დგას, აქ უკვლევს გზას. არც სოფლის სახლს ტოვებს უპატრონოდ, მეუღლესთან ლალი ფოლადიშვილთან ერთად, რომელიც თბილისის მეხუთე სამშობიაროში მუშაობს, უვლის ვენახს, ყანას, უძღვება მცირე მეურნეობას. გოგი ურუმაშვილზე სოფლელები ასე ამბობენ:

„არავის რომ არ ჰქონდეს სოფლად ღვინო და არაყი, გოგი ბიძიას სარდაფში  ტონამდე ღვინოა ყოველთვის. თითქმის ყველანაირი ჯიშის ვენახი აქვს. არავის ახსოვს მასთან რაიმეზე მისული მეზობელი ხელცარიელი გამოსულიყოს. ძალიან კარგი მეზობელი და გულთბილი ადამიანიაო“.

გოგი ურუმაშვილის პირველი ნაწარმოებია პოემა „მზაკვრობის მსხვერპლი“, რომელიც ტროას ომის დაწყების მიზეზებზეა დაწერილი, მის დაწერას 8 წელი მოანდომა. შემდეგ შეიქმნა პოემა „მოგზაურობა სულთა ქვეყანაში“, რომანი „მათხოვრის მედალიონი“, ნოველები „პატარა უბედური“, „მკვლელობა საროსკიპოში“, „ვეფხისტყაოსნისა“ და „მათხოვრის მედალიონის“ სალიტერატურო სცენარი, ასევე მრავალი ლექსი და ანდაზა. ამ ნაწარმოებებს ჯერ მზის სინათლე არ უნახია, მაგრამ ავტორს იმედი აქვს,  რომ მისი შექმნილი გმირები თავის ადგილს  დაიმკვიდრებენ ქართულ მწერლობაში და საზოგადოება  აღიარებს როგორც ავტორს, ისე მის რომანებსა და პოემებს.

„მე არ მაქვს  საშუალება  დავბეჭდო  ნაწარმოებები წიგნებად და  გავაცნო ფართო საზოგადოებას. ჩემი თხოვნა იქნება დამეხმაროს ბოლნისის მუნიციპალიტეტი წიგნების დაბეჭდვაში. უკვე ასაკიანი კაცი ვარ და არ მინდა ამ ქვეყნიდან ისე წავიდე, რომ ჩემი საკუთარი ნაშრომი არ ვიხილო წიგნად გამოცემული. ვთხოვდი რეჟისორებს, სცენარისტებს, დაინტერესდნენ ჩემი ორი სცენარით „ვეფხისტყაოსნითა“ და „მათხოვრის მედალიონით“, იქნებ გოგი ურუმაშვ8მოეწონოთ და პატარა სიტყვა მეც მათქმევინონ ქართულ კინემატოგრაფიაში ამ სცენარებმა“.

გოგი ურუმაშვილი დღესდღეობით სოფელ ფოცხვერიანში და სოფელ გულავერში ასწავლის ქართულ ენასა და ლიტერატურას, ის აზერბაიჯანელ ბავშვებს აცნობს როგორც „ვეფხისტყაოსანს“, ისე იმ უდიდეს ნაწარმოებებს, რაც დღემდე გვაქვს შემონახული. მან არაერთი აზერბაიჯანელი ბავშვი მოამზადა, რომლებიც დღეს სტუდენტები არიან და ამაყობენ თავიანთი ქართულის ცოდნით. მისი ოცნებაა მშვიდობა იყოს მსოფლიოში, რადგან მშვიდობა ყველა სიკეთის დასაწყისი და დასაბამია. ნატრობს მისმა გერმანელმა სიძეებმა და შვილიშვილებმა იცოდნენ ქართული, ქართულ სუფრასთან სადღეგრძელო ისე თქვან არ სჭირდებოდეთ გადათარგმნა.

და ბოლოს, ოცნებობს საქართველოში ქართული სულის, ქართული ზნე-ჩვეულების, ადათ-წესებისა და კულტურის ისეთ ევროპიზაციას, რომ ყველაფერი ქართული არ დანგრეულიყოს, რადგან ევროპა კარგია თუ მისგან მხოლოდ კარგს ვისწავლით.

დარეჯან ოქრუაშვილი


Share.

Comments are closed.