„როგორ შეიძლება უწყლო სოფელში წყლის გადასახადის მოთხოვნა?!“ – რატომ მიეწოდება სოფლებს სასმელი წყალი შეზღუდული გრაფიკით

0

onkani-mejvrisxevshiზაფხულის დადგომასთან ერთად მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა შეექმნა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში სოფელ რატევნის  მცხოვრებლები აღმოჩნდნენ, დილით ორი საათით მოსული წყალი  საკმარისი არ არის, ქვითრები მაღალი ტარიფით კი ყოველთვიურად მისდით, გადასახადის მოთხოვნით შეწუხებული ადგილობრივები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, მათთვის უცნობია თუ რატომ არ მოდის ქალაქის მსგავსად წყალი საღამოს. სარწყავი არხის არარსებობის გამო მოსახლეობა ბოსტანს სასმელი წყლით რწყავს, რაც ორი საათით მოსულ წყლის რაოდენობას ამცირებს.

ნანული ლაზარეშვილი, სოფელ რატევნის მცხოვრები:

–        სოფლის საერთო პრობლემაა სასმელი წყალი, რომელიც მალე წყდება, ჭურჭლის ავსებასაც ვერ ვახერხებთ. დილით ქალს უამრავი საქმე აქვს, სანამ საქონელს მივხედავ წყალი წყდება, ზაფხულში კი ძალიან ცოტა მოდის, რადგან მოსახლეობა სარწყავად იყენებს, აბა რა ქნან, სარწყავი არხი არ არის და ბოსტნებს სასმელი წყლით რწყავენ, ზაფხულში ფაქტიურად ვერც სარეცხ მანქანას ვრთავთ, ის კი არა სარეცხის დასარეცხად კვირაობით ვაგროვებთ წყალს, გადასახადს კი ითხოვენ, ტარიფი მაინც შეამცირონ, როგორ შეიძლება უწყლო სოფელში წყლის გადასახადის მოთხოვნა? რა ვქნათ, თუ არ გადავიხდით, ორი საათითაც აღარ მოგვცემენ, ასე როდემდე შეიძლება გაგრძელდეს.

სასმელი წყლის პრობლემა რაჭისუბანშიც დგას, თუმცა აქ მდგომარეობა გაცილებით მძიმეა, რადგან სოფლის ერთ ნაწილს წყალი გრაფიკით უპრობლემოდ მიეწოდება, ნაწილს კი კვირაობით საერთოდ არ აქვს. მოსახლეობა აღნიშნულ პრობლემას ასე ხსნის, სოფლის იმ ნაწილში, სადაც  სასმელი წყალი შეუფერხებლად მოდის, ეზოებში დიდი მილებით აქვთ შეყვანილი, რის გამოც წყალი სოფლის თავში აღარ აღწევს, რაც ხშირად ხდება სოფლელებს შორის დავის საგანი. რაჭისუბნის მოსახლეობამ პრობლემის მოგვარება არაერთხელ სთხოვა თემის რწმუნებულს, თუმცა უშედეგოდ, უწყლოდ დარჩენილი მოსახლეობის ნაწილი თავად აპირებს ბოლნისის გაერთიანებული წყალმომარაგების სერვის ცენტრში მისვლას და ხელმძღვანელისგან პასუხის მოთხოვნას, თუ რატომ იხდიან  გადასახადს, როცა წყალი არ აქვთ?

bolnisi.ge საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას დაუკავშრდა.

„მოსახლეობის დიდი ნაწილი სასმელი წყლით მარაგდება ქ. ბოლნისის ცენტრალური მაგისტრალური მილსადენიდან ყოველდღე 2 სთ. მოსახლეობას წყალი შეყვანილი აქვს დ=15- დ=32 მმ. მილებით. წელიწადის ცხელ პერიოდში ადგილი აქვს სასმელი წყლის არამიზნობრივ, უყაირათო მოხმარებას (წყლის ონკანებს მოსახლეობა პრაქტიკულად არ კეტავს).

ამ ეტაპზე გრაფიკის გაზრდა შეუძლებელია, ვინაიდან ყველა სოფელს შეძლებისდაგვარად თანაბარი გრაფიკით მიეწოდება სასმელი წყალი. დროის იმ პერიოდში, როდესაც ხდება ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლების წყალმომარაგება, შეწყვეტილია წყლის შედინება ქ. ბოლნისის რეზერვუარებში, ამიტომ სოფლების წყალმომარაგების გრაფიკის გაზრდა გამოიწვევს ქ. ბოლნისის წყალმომარაგების გრაფიკის გაუარესებას.

აღსანიშნავია, რომ სოფ. რატევანის მცირე ნაწილი სასმელი წყლით მარაგდება იგივე გრაფიკით, როგორც ქალაქის მოსახლეობა“. –აღნიშნა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების ტექნიკური დეპარტამენტის სამსახურის უფროსის მოადგილე ლაშა კვიციანმა.

რაც შეეხება მოსახლეობის მოთხოვნას სასმელი წყლის გადასახადის შემცირებასთან დაკავშირებით, წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ ტარიფს განსაზღვრავს „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია“.

 მაგდა დევნოზაშვილი


Share.

Comments are closed.