საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მხარდაჭერით, თბილისში ჰაერის სხვადასხვა დამაბინძურებლების გამზომი ერთჯერადი ფილტრები დამონტაჟდა. ფილტრების დამონტაჟების პროცესს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე დაესწრო.
ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით 7 ქვეყანაში მიმდინარეობს რეგიონული პროექტი ,,ჰაერის ხარისხის მართვა ევროპული მეზობლობისა და პარტნიორობის ინსტრუმენტის აღმოსავლეთ რეგიონის ქვეყნებში”. პროექტის ფარგლებში შეძენილ იქნა ჰაერში სხვადასხვა დამაბინძურებლების (NO2, SO2, ბენზოლი და მიწისპირა ოზონი) კონცენტრაციის გამზომი ერთჯერადი ფილტრები, რომლებიც საქართველოს მასშტაბით (თბილისი, რუსთავი, ბათუმი, ქუთაისი, ჭიათურა, ზესტაფონი და ფოთი) 100 წერტილში განთავსდება. თბილისისთვის კი შერჩეულია 36 წერტილი.
გარკვეული პერიოდის შემდეგ ფილტრები შეგროვდება, განთავსდება კონტეინერებში და შესაბამისის პირობების დაცვით გაიგზავნება დიდ ბრიტანეთში ლაბორატორიული ანალიზის ჩასატარებლად. საქართველოს 7 ქალაქში ჰაერის ხარისხის მდგომარეობა შეფასდება, რომელიც მნიშვნელოვანია მონიტორინგის ქსელის განვითარების სწორად დაგეგმვისთვის.