ცესკო-ს თავმჯდომარე მიმართვას ავრცელებს

0

Tamar_jvaniaცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებსა და არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს მიმართავს. 

“15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩა სულ რაღაც ორი დღე. მინდა, საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებს და არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს მადლობა გადავუხადო წინასაარჩევნო პერიოდში გაწეული მუშაობისთვის და შევახსენო, რომ ამ არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარება არის ჩვენი ქვეყნის შემდგომი წინსვლისა და განვითარების გარანტი. ამიტომ მოვუწოდებ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების თითოეულ წევრს: პასუხისმგებლობით მოეკიდონ მათზე დაკისრებული საქმიანობის პროფესიულ და მიუკერძოებელ განხორციელებას, იხელმძღვანელონ მხოლოდ კანონით და იმოქმედონ უფლებამოსილების ფარგლებში, ამომრჩევლებს და დაინტერესებულ მხარეებს შეუქმნან ყველა პირობა თავისუფლად განახორციელონ კანონით მათთვის მინიჭებული უფლებები, დროული და ადეკვატური რეაგირება მოახდინონ ყველა საფუძვლიან პრეტენზიაზე და არ დაუშვან სამართლებრივი გადაცდომის შემთხვევები, უზრუნველყონ საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობა და ყველა შესაბამისი საარჩევნო დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობა, ემსახურონ ხალხს და უზრუნველყონ ამომრჩევლების ნების ასახვა არჩევნების შედეგებში. აქვე მინდა მივმართო არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს: საარჩევნო სუბიექტებს, დამკვირვებლებს, მედიას, თითოეულ ამომრჩეველს, – ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდობიან და თავისუფალ გარემოში წარმართვას, საკუთარი უფლებებისა და მოვალეობების განხორციელებისას იმოქმედონ სამართლებრივ ჩარჩოებში და საარჩევნო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით ხელი შეუწყონ გამჭვირვალე და სანდო არჩევნების ჩატარებას”, – ნათქვამია განცხადებაში. 

Share.

Comments are closed.