ქვემო ქართლში პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა

0

10478162_1526827414207180_8502483061529712826_n21 ივნისს რუსთავში სასტუმრო „გრანდ ვეჯინში“ ქვემო ქართლის ბიზნეს-სექტორისთვის სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა, სადაც დეტალურად განიხილეს მოცემული სახელმწიფო პროგრამის მიმართულებები, კონკრეტული სექტორები და ის პირობები, რომლითაც მთავრობა ხელს უწყობს ახალი საწარმოების შექმნასა და ადგილობრივი პროდუქციის წარმოების განვითარებას.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი მღებრიშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით ნატროშვილი, პროგრამაში მონაწილე ბანკებისა და საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის წარმომადგენლები.

სამთავრობო პროგრამა “აწარმოე საქართველოში“ 1 ივნისიდან ამოქმედდა. მისი მიზანია კონკურენტუნარიანი ადგილობრივი წარმოების სტიმულირება, განვითარება და ხელშეწყობა. სახელმწიფო დაინტერესებულ მეწარმეს ფინანსურ, ინფრასტრუქტურულ და საკონსულტაციო მხარდაჭერას სთავაზობს. პროგრამა გათვლილია მხოლოდ ახალი საწარმოს შექმნის მხარდაჭერაზე.

„მოხარული ვარ, რომ პრემიერის ინიციატივას ხორცი შეესხა და დღეს „აწარმოე საქართველოს“ პრეზენტაციას ქვემო ქართლშიც ვაწყობთ. ახალი საწრმოების შექმნა ხელისუფლების პრიორიტეტია და ჩვენი ქვეყნის განვითარების ქვაკუთხედი. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია ამ სფეროს მაქსიმალური წახალისება. მოცემული პროგრამა სწორედ აღნიშნულ მიზანს ემსახურება და იმედი მაქვს, სახელმწიფოს თანადგომით ჩვენს რეგიონში უფრო მეტი საწარმო გაიხსნება და შესაბამისად, ადგილობრივებისთვის სამუშაო ადგილებიც შეიქმნება“,-აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.

პროგრამის თანახმად, ნებისმიერ დაინტერესებულ მეწარმეს შეუძლია ახალი საწარმოს შესაქმნელად პროგრამაში მონაწილე რომელიმე ბანკში წარადგინოს პროექტი და აიღოს შეღავათიანი სესხი. ასევე, სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად მიიღოს უძრავი ქონება მასში საწარმოს ამოქმედების პირობებით. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შექმნილი საწარმო უნდა ახორციელებდეს ან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება-გადამუშავებას, ან უნდა აწარმოებდეს პროდუქციას იმ სექტორების მიხედვით, რომლებიც პროგრამით არის განსაზღვრული (მაგალითად: სამშენებლო მასალების წარმოება, ქიმიური წარმოება, რეზინისა და პლასტმასის წარმოება, მანქანათმშენებლობა და ა.შ.).

პროგრამის ბიუჯეტი 46 მილიონი ლარია. აქედან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება-გადამუშავებაზე დაიხარჯება 30 მილიონი ლარი, ინდუსტრიული პროდუქციის წარმოებაზე კი – 16 მილიონი ლარი.


Share.

Comments are closed.