ქვემო ქართლის რეგიონის მეწარმეებს ახალ სამთავრობო პროგრამას – ,,აწარმოე საქართველოში” გააცნობენ

0

 N140076755177078321 ივნისს  სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით ნატროშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი  ქვემო ქართლის რეგიონის მეწარმეებს ახალ სამთავრობო პროგრამას –  ,,აწარმოე საქართველოში” გააცნობენ. შეხვედრა რუსთავში სასტუმრო „ვეჯინში” 14:00 სთ-ზე დაიწყება.  

სამთავრობო პროგრამა კონკურენტუნარიანი ადგილობრივი წარმოების სტიმულირებას, ქართული პროდუქციის შექმნას, მისი ხარისხის უზრუნველყოფას და წარმოებაზე ორიენტირებული  ინდუსტრიების განვითარებას ემსახურება. 

ვრცლად პროგრამის შესახებ: 

ახალი სახელმწიფო პროგრამის “აწარმოე საქართველოში“ პრეზენტაცია 19 მაისს თბილისის საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“  გაიმართა.პრეზენტაციაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელსაც აღნიშნული პროგრამის განხორციელების ინიციატივა ეკუთვნის. პრემიერის განცხადებით, მთავრობა იწყებს სახელმწიფო  პროგრამას – “აწარმოე საქართველოში“, რომელიც კონკურენტუნარიანი ადგილობრივი წარმოების სტიმულირებას, ქართული პროდუქციის შექმნას, მისი ხარისხის უზრუნველყოფას და წარმოებაზე ორიენტირებული  ინდუსტრიების განვითარებას ემსახურება.

პროგრამის განმახორციელებელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

პრეზენტაციას, რომელსაც მთავრობის წევრები, ბიზნესისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ეკონომიკის სფეროს ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები ესწრებოდნენ, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უძღვებოდა. მისი განცხადებით, საქართველოში იწყება უმნიშვნელოვანესი სამთავრობო პროექტი “აწარმოე საქართველოში.”

“აწარმოე საქართველოში” არის სისტემური რეფორმატორული პროგრამა, რომლის ძირითადი მიზნებია საქართველოში მეწარმეობის ხელშეწყობა; ადგილობრივი წარმოების სტიმულირება – განსაკუთრებით ეკონომიკურად ნაკლებად განვითარებულ რეგიონებში; ახალი საწარმოების ამუშავება; ახალი სამუშაო ადგილების შექმნა; საექსპორტო პოტენციალის გაზრდა. აღსანიშნავია, რომ სამთავრობო პროგრამა “აწარმოე საქართველოში” მომზადდა უშუალოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით. ამავე დროს, ეს არის ერთიანი გუნდის სამთავრობო პროგრამა და მისი ეფექტიანი განხორციელება თითოეული სამთავრობო უწყების სკრუპულოზურ მუშაობაზე არის დამოკიდებული. ამ პროგრამის უშალოდ განმახორციელებელი უწყებები გახლავთ ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები. დღეს საქართველო ბიზნესის წამოწყების სიმარტივის კუთხით მსოფლიო ათეულშია, თუმცა ახალი ბიზნესის სიცოცხლისუნარიანობის ციკლი ხანგრძლივი და პროდუქტიული არ არის. მოქმედ საწარმოთა ნახევარი გაყიდვების ზრდას დაარსებიდან 5 წლის შემდეგაც კი ვერ ახერხებს” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, პროგრამის მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე-სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდა ფინანსებზე, უძრავ ქონებასა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობისა და ტექნიკური დახმარების საშუალებით.

პროგრამა მოიცავს სამ კომპონენტს:

  • ფინანსებზე ხელმისაწვდომობა;
  • ინფრასტრუქტურაზე  (უძრავი ქონება) ხელმისაწვდომობა;
  • საკონსულტაციო მომსახურება.

პროგრამის ფარგლებში კომპონენტები მეწარმე სუბიექტებისთვის ხელმისაწვდომია როგორც ერთდროულად, ისე ცალ-ცალკე.

პროგრამის ფარგლებში მოხდება წარმოებაზე ორიენტირებული ინდუსტრიების განვითარების ხელშეწყობა, რომელიც შერჩეულია შემდეგი კრიტერიუმებით: იმპორტის მოცულობა და წარმოების ადგილობრივი პოტენციალი.

უფრო კონკრეტულად, პროგრამის დარგებია:

  • ქაღალდის და მუყაოს წარმოება: მათ შორის შესაფუთი მასალები;
  • სამშენებლო მასალების წარმოება: მათ შორის კერამიკული ფილები, მარმარილო, გრანიტი და სხვა ბუნებრივი ქვები;
  • საფეიქრო წარმოება: მათ შორის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ქსოვილი; ნართი (შალი, აბრეშუმი);
  • ქიმიური წარმოება: მათ შორის ზედაპირულად აქტიური საშუალებები;
  • ხის გადამუშავება: მათ შორის საოფისე ავეჯი, მდფ, დსპ;
  • ელექტრომოწყობილობების წარმოება: მათ შორის საყოფაცხოვრებო ელექტროსაქონელი;
  • ფარმაცევტული წარმოება: მათ შორის სადიაგნოსტიკო საშუალებები;
  • მანქანათმშენებლობა: მათ შორის სათადარიგო ნაწილები;
  • რეზინის და პლასტმასის წარმოება;  მათ შორის მილები, მილაკები, ღრუ პროფილები, ტარა, საკანცელარიო ნაწარმი;
  • ლითონის მზა ნაწარმი: მათ შორის რკინა-კავეული, სამზარეულო ნაკეთობანი.
 ასევე პრიორიტეტულია სოფლის მეურნეობის მიმართულება, მათ შორის:
  • მეხილეობა-მებოსტნეობა;
  • მაღალტექნოლოგიური სასათბურე მეურნეობების განვითარება;
  • მესაქონლეობის ფერმები;
  • მეფრინველეობის ფაბრიკები;
  • მატყლის და ტყავის დამუშავება;
  • დაფნის, ჩაის და თამბაქოს მოყვანა-გადამუშავება;
  • კაკლის, თხილის და სხვა კაკლოვანების მოყვანა-გადამუშავება;
  • ხილის, კენკროვანების, ბოსტნეულის და ციტრუსის გადამუშავება.

პროგრამის მიმართულებების განსაზღვრა მოხდა მთავრობის მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებდა მონაცემთა ანალიზს, მეწარმეების გამოკითხვას და ექსპერტების ჩართულობას.

პროგრამის ბიუჯეტია 46 მლნ ლარი. აქედან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება-გადამუშავებაზე  დაიხარჯება 30 მლნ ლარი, ინდუსტრიული პროდუქციის წარმოებაზე კი  16 მლნ ლარი.

Share.

Comments are closed.