სიონის ჩიხის მცხოვრებლები არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ

0

სიონის ჩიხის მცხოვრ.1ე.წ. რკინიგზის დასახლება, სადაც ოცი ოჯახი ცხოვრობს, როგორც თავად აღნიშნავენ დაპირებებისგან დაიღალნენ. წლების მანძილზე მდგომარეობის გამოსწორების იმედით არჩევნებში საკუთარ პოზიციას აფიქსირებდნენ, თუმცა  ხელი ჩაიქნიეს და აღარავისი  სჯერათ.

„რამდენჯერ დაგვპირდნენ დახმარებას, მძიმე პირობებში გვიწევს ცხოვრება, სანამ სათავეში მოვლენ ყველაფრის მოგვარებას გვპირდებიან, მაგრამ მერე ავიწყდებათ, არც კი იციან ბოლნისში რკინიგზის დასახლება თუ არსებობს. ნამდვილად აღარ წავალ არჩევნებზე, რა აზრი აქვს. ჩვენი მდგომარეობა მაინც არავის ადარდებს“. –აღნიშნა სიონის ჩიხის მცხოვრებმა ციცინო მიქაუტაძემ.

ბინები, სადაც მოსახლეობა ცხოვრობს ბარაკის ტიპისაა, ის რკინიგზის მუშებისთვის აშენდა, ზაურ ლომსაძე გვიამბობს, რომ ბარაკები მუდმივი საცხოვრებელი არაა, მაგრამ სხვა გზა  არ აქვთ და თავი აქ შეაფარეს. 60 წლის წინ აშენებული სახლები იმდენად ძველია, შეკეთებას აღარ ექვემდებარება, კედლები დაბზარულია, სახურავი ხავს მოკიდებული და ავარიულია.

„ამ ბინებმა თავისი ვადა ამოწურა, 60 წლის წინ აშენდა მუშებისთვის, უკვე იმდენად ძველია, კედლებს და სახურავს ხავსი აქვს მოკიდებული, საკუთარი ძალებით გავამაგრეთ, მაგრამ აზრი არ აქვს, სახურავი მთლიანად დაზიანებულია. წვიმას საკუთარი ძალებით ვებრძვით, რომ წყალი ოთახებში ნაკლებად ჩავიდეს. დახმარებაზე განცხადება რამდენჯერმე დავწერეთ, გვპირდებოდნენ მაგრამ არავინ დაგვხმარებია“. –აცხადებს ზაურ ლომსაძე.

სამი წლის წინ რკინიგზის დასახლებაში წყალი დროებით, წვრილი მილით გაიყვანეს, თუმცა დღემდე მილი არავის შეუცვლია, უბანში სამი ონკანია დამონტაჟებული. ამ დასახლებაში მცხოვრებთა უმეტესობა პენსიონერია, უჭირთ ავარიულ გზაზე გადაადგილება, ნახევარკილომეტრიანი გზის მონაკვეთის  მოასფალტების დაპირება მოსახლეობამ ბევრჯერ უშედეგოდ  მიიღო.

„რა გახდა ამ გზის მოასფალტება ვერ ვხვდებით, განცხადება გვაქვს დაწერილი, ნახევარ კილომეტრიანი გზის დაგებას ვითხოვთ. საშინელი ტალახი დგება წვიმის დროს. გარე განათების ბოძებიც რამდენიმე დაამონტაჟეს, შებინდდება თუ არა გარეთ ვერ გამოხვალ ქვეწარმავლების და ტურების შიშით“ – აღნიშნა გუგული ხელაძემ.

რკინიგზის დასახლებაში მცხოვრებლებს აღარ სჯერათ, რომ რომელიმე ხელისუფლების წარმომადგენელი დაინტერესდება მათი საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებით, ამიტომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებისგან თავს იკავებენ.

სიონის ჩიხის მცხოვრ.5 სიონის ჩიხის მცხოვრ.4 სიონის ჩიხის მცხოვრ.3 სიონის ჩიხის მცხოვრ.2

 მაგდა დევნოზაშვილი


Share.

Comments are closed.