საჯარო მოხელეთა სახელფასო სარგოსა და პრემიების გაცემის ერთიანი წესი მალე ამოქმედდება

0

288_43030_913564_unnamed_250საჯარო სამსახურში პრემიების გაცემის წესი ერთხელ და სამუდამოდ მოექცევა სამართლებრივ ჩარჩოებში და გამორიცხული იქნება თვითნებობა ნებისმიერი თანამდებობის პირის მხრიდან,-ამგვარი განცხადება გაკეთდა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ნინო კობახიძისა და საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის, ეკატერინე ქარდავას მიერ გამართულ ბრიფინგზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, მთავრობა ხელფასებისა და თანამდებობრივი სარგოების მოქნილი, სამართლიანი განაწილების პრინციპზე დაფუძნებული და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანილი სტრუქტურის ჩამოყალიბებაზე მუშაობს. აღნიშნული პროექტი მთავრობის სხდომას ხუთშაბათს, 26 ივნისს წარედგინება.
ნინო კობახიძის განცხადებით, ბოლო ხანს საზოგადოების სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია და გაჩნდა კითხვები სახელმწიფო მოხელეებისა და მაღალი თანამდებობის პირების მიერ განსაკუთებით დიდი ოდენობით მიღებულ პრემიებთან დაკავშირებით.
“სწორედ ამიტომ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ამ საკითხზე მუშაობენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და საჯარო სამსახურის ბიურო, ამ დროისთვის უკვე შემუშავებულია პრემიების გაცემის წესი და სულ მალე წარედგინება მთავრობას დასამტკიცებლად. აღსანიშნავია, რომ პრემირების წესის შემუშავებაში ჩვენ გავითვალისწინეთ ევროპის მოწინავე ქვეყნების გამოცდილება და პრაქტიკა და, რა თქმა უნდა, მივუსადაგეთ საქართველოს რეალობას,”-აღნიშნა ნინო კობახიძემ.
ეკატერინე ქარდავას განცხადებით, დღეისათვის უკვე დადგენილია პრემიის ზღვრული ოდენობა, რომლის ზემოთაც დაუშვებელი იქნება პრემიის გაცემა, განსაზღვრულია როგორც პრემიის გაცემის პერიოდულობა, აგრეთვე პრემიის გაცემაზე პასუხისმგებელი პირების წრე.
„მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს საჯარო სამსახურში ხელმძღვანელი პირების შეზღუდვა, ვერ მიიღონ გადაწყვეტილება საკუთარ თავზე პრემიის გამოწერის თაობაზე. კერძოდ, საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე პრემიის გაცემის საკითხს წყვეტს, მისი უშუალო ხელმძღვანელის დასაბუთებული წარდგინების შემთხვევაში, დაწესებულების ხელმძღვანელი. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მოადგილეებზე, ასევე სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელებზე პრემიის გაცემა შესაძლებელი იქნება შესაბამისი დასაბუთებით, დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით. იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელზე, რომელიც კონკრეტული სამინისტროს დაქვემდებარებაშია, პრემიის გაცემის საკითხს წყვეტს შესაბამისი მინისტრი. ხოლო, იმ საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელზე, რომელთაც არ ჰყავთ ზემდგომი ორგანო, ანუ არ იმყოფებიან კონკრეტული სამინისტროს დაქვემდებარებაში, პრემიების გაცემის საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ასევე, საქართველოს მთავრობის წევრებზე პრემიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრემიერ მინისტრი”,-განაცხადა ეკატერინე ქარდავამ.

როგორც ბრიფინგზე გახდა ცნობილი, 1 ივლისისთვის დაგეგმილია საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციის წარდგენა ფართო საზოგადოებისათვის.
“ეს კონცეფცია გახლავთ ერთწლიანი კონცეპტუალური მსჯელობის შედეგი და ითვალისწინებს სრულიად ახლებურ მიდგომებს. მისი შემუშავება მოხდა საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ამაში გვეხმარება და მხარში გვიდგას ამერიკის განვითარების სააგენტო (USAID), კონცეფციის შესამუშავებლად მუშაობდა სპეციალური კომისია, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ როგორც უცხოელი ექსპერტები, ისე ქართველი მეცნიერები და პრაქტიკოსები,”-აღნიშნა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ.

Share.

Comments are closed.