რა მოლოდინი აქვს ბოლნისის მოსახლეობას ახალი ხელმძღვანელობისგან

0

სიონის ჩიხის მცხოვრ.2Bolnisi.ge-მ ქუჩაში მცირე სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაატარა და მოსახლეობას გაესაუბრა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე მოქალაქეები თითქოს უიმედოდ იყვნენ, ზოგი მათგანი არც კი აპირებდა საკუთარი არჩევანის დაფიქსირებას, თუმცა ნეგატიური განწყობა დღეს თითქმისგამქრალია, ხალხი დიდი იმედებით ელოდება ახალი ადგილობრივი ხელისუფლების მოსვლას. როგორც ყველასთვის ცნობილია, რამდენიმე დღეში არჩევნებში გამარჯვებული „ქართული ოცნების“ კანდიდატი ჩაიბარებს მუნიციპალიტეტის მმართველობას, ახალმა ხელმძღვანელობამ უნდა შეძლოს ყველა იმ ძირითადი პრობლემის მოგვარება, რაც მუნიციპალიტეტის მოსახლეობას აწუხებს, მაინც რა მოლოდინი აქვს მოსახლეობას ახალი ხელისუფლებისგან? რა უნდა იყოს მისთვის პრიორიტეტი და უნდა შეიცვალოს თუ არა ძველი კადრები? ეს შეკითხვები ოცდაათამდე ადამიანს დავუსვით, გთავაზობთ ხალხის აზრს ახალი გამგებლის და საკრებულოს შესახებ.

კახა ლაზარეიშვილი:

–        კარგია ხელისუფლება ადგილობრივი რომ არის, იმედია ეტაპობრივად მოაგვარებს ყველა საკითხს. სოფლებში ბევრი პრობლემაა, უპატრონოდ არის ქართული სოფლები დარჩენილი, ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ ქართველებზე წინ სხვა ერს აყენებენ, პატივი მათაც უნდა სცე, მაგრამ ჯერ შენი უნდა დააფასო. იმედია ამას გაითვალისწინებს, უმცირესობაში დღეს ჩვენ ვართ.

–        უამრავი პრობლემა გვაქვს: გზა, სასმელი და სარწყავი წყალი, დაუსაქმებელია ხალხის 70%. იმედია გაამართლებს ჩვენს მოლოდინს ახალი გამგებელი.

მზევინარ ბასილაშვილი:

–        ბევრი პრობლემა ხვდება, ალბათ მან ეს კარგად იცის და ექნება შემუშავებული სამოქმედო გეგმა. პირველ რიგში უნდა დასაქმდეს ხალხი, ამუშავდეს გაჩერებული ობიექტები.

ლეილა მაღრაძე:

–        არ ვიცი ვინ არიან, მთავარია ბოლნისელები არიან, იმედია ხშირად შეხვდებიან ხალხს, მოისმენენ მათ პრობლემებს, გულთან მიიტანენ და შეეცდებიან მოგვარებას. პრიორიტეტულ საკითხს რაც შეეხება, კაზრეთში ვცხოვრობ და ძალიან მინდა გაიხსნას პროფსასწავლებელი, ყველას არ აქვს საშუალება შვილს თბილისში ასწავლოს,  ასევე სოფელ ბალიჭში, სადაც 300 ოჯახი ცხოვრობს, მნიშვნელოვანია გაიხსნას დაკეტილი სკოლა. იმედია უკეთესობისკენ შეიცვლება ხალხის მდგომარეობა.

მარინე ლაზარეიშვილი:

–        გოგი ბოლნისელია და ყველამ იცის, როგორი წესიერი პიროვნებაა, აქვს დიდი სამუშაო გამოცდილება, გარკვეულია ყველა საკითხში, იცის კანონები, თავს ვაძლევ უფლებას და თამამად ვიტყვი, რომ ის არის პატრიოტი, ამის ნათელი მაგალითია მისი ბრძოლა ცხინვალში, რომ არა სამშობლოს სიყვარული, არ დადგებოდა ტყვიის წინაშე. ნამდვილად ვერ დაასახელებდა „ქართული ოცნება“ გოგიზე უკეთეს კანდიდატს. მჯერა, შეძლებს ბოლნისელების მოლოდინის გამართლებას, დარწმუნებული ვარ არ გამიცრუვდება იმედი.  ერთი პიროვნება ვერ შეძლებს გამოასწოროს ყველაფერი, მაგრამ მას ალბათ ეყოლება გვერდში ის ადამიანები, რომლებიც ერთად შეძლებენ ბოლნისისთვის სასიკეთო ნაბიჯების გადადგმას.

–        რაც შეეხება პრიორიტეტებს, ჯანდაცვის სფერო ნამდვილად მისახედია და ამაში დაგვჭირდება მისი დახმარება, მიუხედავად იმისა, რომ ამ კუთხით სახელმწიფომ კარგი ნაბიჯები გადადგა, ამოქმედდა საყოველთაო დაზღვევა, თუმცა ეს პროგრამა ადგილზე რამდენად სწორად ხორციელდება, ეს არის გასარკვევი. ასევე პირველ ეტაპზე უნდა მიხედოს უსახლკარო ადამიანებს, რომლებიც იპოთეკარებმა გარეთ დატოვეს, ეს ადამიანები გაუსაძლის პირობებში,  ღია ცის ქვეშ არიან დარჩენილები, მათ მუდმივ საცხოვრებელს თუ ვერ მისცემენ, დროებით მაინც უნდა შეასახლონ სადმე.

–        ჩაატარონ ტესტირება ყველა სფეროში, ვინც დაძლევს და ჩააბარებს, ის დატოვონ. თუმცა მე მაინც ვიტყვი, რომ უნდა დაიყენოს გვერდში ის ხალხი, ვინც საქმეს გააკეთებს, ვისაც ენდობა.

მანანა მიქელაძე:

–        გახარებული ვარ. მოდის ადამიანი, რომელსაც რაიონი იცნობს. კარგი ადამიანია, განათლებული, ჭკვიანი, ნამდვილად ღირსეული კადრია, მჯერა ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებს ბოლნისისთვის.

–        უნდა განხორციელდეს ინფრასტრუქტურული პროექტები, მოსაწესრიგებელია შიდა გზები, წყლისა და კანალიზაციის სისტემა, ეს უდიდესი პრობლემაა. უნდა მიეხედოს სოციალურ სფეროსაც.

–        არ უნდა შეიცვალოს ძველი კადრები, ვინც საქმეს აკეთებს, არ შეიძლება მისი გაშვება სამსახურიდან. თუ ძველს ახლით ჩაანაცვლებს, ამით არ დაიძლევა უმუშევრობის პრობლემა, მცოდნე კადრები უნდა დატოვონ და საქმე ერთად აკეთონ, არც პოლიტიკური ნიშნით შეიძლება ვინმეს გათავისუფლება.

ირმა ლიპარტელიანი:

–        წინასაარჩევნო დაპირება არ უნდა დარჩეს შეუსრულებელი. ამ საპასუხისმგებლო საქმეს რომ იღებ საკუთარ თავზე, გამკლავება უნდა შეძლო. იქნება ახლა მაინც მოგვხედონ ლტოლვილებს, მე მრავალი წელია თავშესაფარი არ მაქვს და სხვის სახლში ვცხოვრობ.

ქეთევან დევნოზაშვილი:

–        დადებითად შევხვდი გოგი მეშველიანის კანდიდატურას, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე სწორედ მას მივეცი ხმა. არ ვიცნობ პირადად, ამას არც აქვს მნიშვნელობა, მთავარია ის ბოლნისელია, იცნობს რაიონს, ადგილობრივს მეტად შესტკივა გული, საკუთარ თავს არ მისცემს უფლებას ისეთი რაღაც გააკეთოს, რაც ხალხისთვის ცუდი იქნება. დარწმუნებული ვარ პატივს სცემს ბოლნისურ ტრადიციებს. მუნიციპალიტეტში პრობლემებიც ბევრია, მაგრამ პირველ რიგში სასმელი წყლის საკითხი უნდა მოგვარდეს, წყალი არ გვაქვს, გადასახადს მაღალი ტარიფით კი ვიხდით. ძველი კადრების შეცვლას რაც შეეხება, სასურველია ისეთი ადამიანები ჰყავდეს გვერდში, ვინც იქნება ნიჭიერი, მისი თანამოაზრე და საქმის მკეთებელი, ვინც ხალხის გასაჭირს მიიტანს გულთან.

ნინო დევნოზაშვილი:

–        ერთხელ შევხვდი ახალ გამგებელს და დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. როგორც ჩანს ძალიან კარგად აზროვნებს. მოდის დიდი იმედებით და იდეებით, დარწმუნებული ვარ,  მთელ თავის რესურსს მუნიციპალიტეტს მოახმარს. მარტო ერთი ადამიანი ვერ შეძლებს საქმის კეთებას, ყველა უნდა დავუდგეთ გვერდში.

–        უნდა შეიცვალოს სისტემა.  მოვიდეს ენერგიული გუნდი, სიახლეებითა და იდეებით, ბოლნისს უნდა დაუბრუნდეს ძველი დიდება.  დამთავრდეს შუღლი და ბოროტება.

ნანა მჭედლიძე:

–        როგორც იქნა, თერთმეტი წლის შემდეგ, ბოლნისს ეღირსა ადგილობრივი კადრები.  იმედით ველოდებით. მძიმე მემკვიდრეობა ხვდებათ,  გაგებით უნდა მოვეკიდოთ, მივცეთ დრო მდგომარეობის გამოსასწორებლად. ბოლნისს ერთხელ და სამუდამოდ უნდა ეშველოს.  გვერდში უნდა ედგნენ ერთგული ადამიანები, ნიჭიერები, რომლებიც შეძლებენ საქმის კეთებას, სწორედ ასეთმა ადამიანებმა უნდა შეცვალონ ძველი კადრები.

ლუიზა დევაძე:

–        საკრებულოს შემადგენლობა არ ვიცი. მთავარია ბოლნისელები არიან. მათ იციან მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემები, იცნობენ თითოეულ ოჯახს, მოსვლის შემდეგ უნდა მოხდეს წყლისა და კანალიზაციის პრობლემის მოგვარება. რაც შეეხება კადრების ცვლას, ახალი ხელმძღვანელობა თავისი გუნდით უნდა მოვიდეს, რადგან ერთმანეთს მეტად ენდობიან და ალბათ შეთანხმებულადაც იმუშავებენ.

ელენე საჯაია:

–        საკრებულოს წევრების შესახებ ინფორმაცია bolnisi.ge-დან შევიტყვე, რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარეს, ჩემი ინფორმაციით საუბარი თამაზ ჩუბინიძეზეა. ახალმა ხელისუფლებამ  ბოლნისელების კეთილდღეობაზე უნდა იზრუნოს და წინასაარჩევნო დაპირებები შეასრულოს.

–         დასაქმებულების გათავისუფლება იმის გამო, რომ თავისი გუნდი მოიყვანოს, არ მიმაჩნია გამართლებულად, თუ მოხდება კადრების ცვლა, ამ შემთხვევაში პროფესიული ადამიანების ჩანაცვლებით უნდა მოხდეს.

ნათია ზურაბაშვილი:

–        დაახლოებით ვიცი საკრებულოს შემადგენლობა. მთავარია აქცენტი ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობაზე იყოს გაკეთებული. ვინაიდან ჰქვიათ ადგილობრივი ხელისუფლება, უნდა იზრუნონ თითოეულ ადამიანზე.

ირმა წაქაძე:

–        თავმჯდომარე არ ვიცი ვინ იქნება. მას  კენჭისყრით აირჩევენ. საკრებულოს წევრებს რაც შეეხება, კარგი გუნდია.  ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ უნდა მიეხედოს ეკოლოგიას, რაც ამდენი წელია ტანჯავს მოსახლეობას.  იცვლება მთავრობა, მაგრამ ამ პრობლემას არ ეშველა, მოხარული ვიქნები ეს ხელმძღვანელობა მაინც თუ მოაგვარებს ამ საკითხს.

–         თანამშრომელთა ცვლას რაც შეეხება, ვიტყოდი, რომ უნდა ჩატარდეს კონკურსი და მისი შედეგების მიხედვით  აირჩეს გუნდი. მთავარია ნიჭიერი და მონდომებული ადამიანები ჩაუდგნენ სათავეში მუნიციპალიტეტს. თუკი ადამიანი პროფესიონალია, პოლიტიკური ნიშნით არ უნდა მოხდეს მისი გათავისუფლება.

Bolnisi.ge ერთი წლის შემდეგ ისევ ჩაატარებს მსგავს გამოკითხვას და მოსახლეობისგან შეიტყობს, გაამართლა თუ არა მათი იმედები ახალმა ხელმძღვანელობა.

მაგდა დევნოზაშვილი

Share.

Comments are closed.