FM 101.5 – ბოლნისში რადიო მაუწყებლობა დაიწყო

0

mikrofoni_16რადიო AG FM 101.5 -მა ბოლნისში მაუწყებლობა დაიწყო. რადიო ტესტირების რეჟიმში მუშაობს და ეთერში მხოლოდ მუსიკა გადის, ხოლო სექტემბრიდან ბადე სხვადასხვა გადაცემებითა და საინფორმაციო გამოშვებით დაიტვირთება. საინფორმაციო გამოშვება ეთერში ორ ენაზე, ქართულად და აზერბაიჯანულად გადაიცემა.

ბოლნისში მაუწყებლობის უფლება შპს „ნიუკომმა“ მოიპოვა. ამავე კომპანიამ რადიო მაუწყებლობის სიხშირის მიღება რუსთავშიც მოითხოვა. მისი განცხადების საფუძველზე კი კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ქალაქ რუსთავში რადიო მაუწყებლობის სიხშირის მისაღებად კონკურსი გამოაცხადა. კონკურსი აგვისტოში გაიმართება. „ნიუკომი“ რეგიონში საერთო მაუწყებლობის დაწყებას გეგმავს. 

მიუხედავად იმისა, რომ „ნიუკომმა“ ჯერ მხოლოდ ბოლნისის სიხშრის ლიცენზია მოიპოვა, რადიო ნაწილობრივ ფარავს მარნეულსა და დმანისს, თუმცა სამომავლოდ კომპანია ამ რაიონების დასაფარი სიხშირის ლიცენზიის მოპოვებასაც შეეცდება.

რადიოს მთავარი სტუდია თბილისში იქნება, ხოლო იმ ქალაქებში, რომელზეც მაუწყებლობა გავრცელდება მცირე ზომის სტუდიები განთავსდება.

საინფორმაციო გამოშვებაზე ქართველი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტები იმუშავებენ. კომპანია თანამშრომელთა მისაღებად კონკურსს უახლოეს პერიოდში გამოაცხადებს.

ახალ რადიოს თბილისში მოქმედი საკაბელო კომპანია „ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდი“ დააფინანსებს, რომელიც შპს „ნიუკომის“ 100 პროცენტიან წილს ფლობს.


Share.

Comments are closed.