მოსახლეობა წყლის და კანალიზაციის სისტემის მოწესრიგებას ითხოვს

0

DSC_0260ქალაქ ბოლნისის დასავლეთ ნაწილში მრავალი წელია მოსახლეობას ქუჩებში შექმნილი მდგომარეობა აწუხებს. პრობლემას მუდმივი ტალახი და სისველე წარმოადგენს. სასმელი წყლის მილები, რომელიც უბანზე გაედინება, სიძველის გამო მწყობრიდანაა გამოსული, ხშირად ზიანდება და წყალი ქუჩაში უსარგებლოდ იღვრება. ადგილობრივების აღნიშვნით გადაადგილება უჭირთ, რადგან ზამთარ-ზაფხულ უბანზე ცუდი მდგომარეობაა, სიტუაციას ისიც ამძიმებს, რომ კანალიზაციის უქონლობის გამო ნარეცხ და ნარჩენ წყალს  ქუჩაში ღვრიან.

მაია მიქელაძე, იაკობ ხუცესის ქუჩის მცხოვრები: 

– დღის საათებში წყალი მთელ უბანზე მდინარესავით მოედინება, სულ ტალახი და სისველეა. ნიაღვარი რეცხავს გზას,  გვიჭირს გადაადგილება, მილები  ძველია, მალ-მალე ზიანდება და წყალი უსარგებლოდ იღვრება, ხშირად აკეთებენ, მაგრამ სისტემა იმდენად მოძველებულია, ნაწილ-ნაწილ გამოცვლას და შეკეთებას აზრი არა აქვს.

ელიკო გაბრიჭიძე, გორგასლის ქუჩის მცხოვრები:

– წყალი ეზოებში შედის და კედლებსაც ანესტიანებს. მდგომერეობას ისიც ამძიმებს, კანალიზაცია არ არის, ნარეცხ წყალს ქუჩაში ვღვრით და საშინელი სუნი დგას.

ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში წყლის საკანალიზაციო სისტემის გაყვანა წლების წინ მოხდა. 2014 წლისთვის რეგიონალური  განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაგეგმილი  აქვს, რომ ქალაქის დანარჩენ ნაწილშიც მოხდეს ახალი სისტემის დამონტაჟება. აპრილის თვიდან გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას წყლის სისტემის გამოცვლა უნდა დაეწყო, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი დააფინასებდა. აღნიშნული საკითხის მოგვარების შემდეგ კი კანალიზაციის სისტემის გაყვანას მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდი მუნიციპალური თანადაფინანსებით უზრუნველყოფდა. თუმცა აღნიშნული სამუშაოები დღემდე არ დაწყებულა. იმის გამო, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი შვებულებაში იმყოფება,  ვერ გავარკვიეთ  როდის დაიწყება აღნიშნული სამუშაოები.

bolnisi.ge თემას ისევ დაუბრუნდება და მოსახლეობას მიაწვდის ინფორმაციას,  როდის მოხდება ქალაქში წყლისა და კანალიზაციის პრობლემის მოგვარება.


Share.

Comments are closed.