კულტურის სამინისტრომ ხელფასების და დანამატების შესახებ განცხადება გაავრცელა

0

downloadკულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ხელფასების და დანამატების შესახებ განცხადება გაავრცელა:

„მინისტრი პრემიას არ იღებს!

ბოლო დროს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა სხვადასხვა მედიასაშუალებაში გამოქვეყნებულმა დეზინფორმაციამ, თითქოს, მინისტრები ხელფასებთან ერთად დიდი ოდენობით პრემიას იღებენ. ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

საქართველოს ყველა მინისტრის ხელფასი ერთნაირია და შეადგენს – 3500 ლარს.

2013 წლის მარტიდან წინა ხელისუფლებაში დამკვიდრებული წესი შეიცვალა და ყოველთვიური პრემიების დანიშვნის პრაქტიკა გაუქმდა.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით, 2013 წლის მარტიდან საქართველოს მინისტრებს ხელფასებთან ერთად დაენიშნათ ყოველთვიური ფიქსირებული თანხა – სახელფასო დანამატი. სახელფასო დანამატი მინისტრების არანორმირებული სამუშაო დღისთვის ხელფასზე დამატებული თანხაა და არა – ფულადი ჯილდო.

„საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის N54 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს მთავრობის რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მინისტრებს (სახელმწიფო მინისტრებს) საფინანსო წლის განმავლობაში დაუწესდეთ დანამატი – თითოეულს თვეში 4335 (ოთხი ათას სამას ოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით”.

ხოლო, 2014 წლის იანვრიდან პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, მინისტრთა კაბინეტის წევრების სახელფასო დანამატი თითქმის, ორჯერ შემცირდა – მინისტრთა სახელფასო სარგო, ნაცვლად 6300 ლარისა, სახელფასო დანამატთან ერთად 5000 ლარი გახდა.

ანუ დღეისათვის საქართველოს ყველა მინისტრის ყოველთვიური შემოსავალი აბსოლუტურად თანაბარია.

ფიქსირებული სახელფასო დანამატის შემოღებამ დაასრულა წინა ხელისუფლების არაჯანსაღი პრაქტიკა, როცა მინისტრების შემოსავალი დიდი ოდენობის პრემიებით იყო გაზრდილი.

პრესაში და სოციალურ ქსელებში მინისტრთა კაბინეტის პრემიების შესახებ გავრცელებული დეზინფორმაცია მიზანმიმართულ კამპანიას ჰგავს, რომელიც ახალი მთავრობის იმიჯის შელახვას ემსახურება.

დაინტერესებული საზოგადოებისთვის ინფორმაცია საჯაროა და ხელმისაწვდომი.” – ნათქვამია განცხადებაში. 


Share.

Comments are closed.