ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე აზერბაიჯანის საზღვარზე დააკავეს

0

irmaგავრცელებული ინფორმაციით საპარლამენტო უმცირესობის წევრები ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე აზერბაიჯანში დააკავეს. 
არსებული ინფორმაციით, ისინი აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა საზღვარზე ელექტროშოკური აპარატების და დიდი ოდენობით ფულადი თანხის გადმოტანის მცდელობის ფაქტზე დააკავეს.

ირმა ნადირაშვილი ბაქოში მისი და ზურაბ ჯაფარიძის დაკავების შესახებ ინფორმაციას უარყოფს. ნადირაშვილი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან სატელეფონო საუბარში მხოლოდ მათ ბაქოში ყოფნას ადასტურებს.

“მე და ზურაბ ჯაფარიძე ამ წუთში ვიმყოფებით ბაქოში. ძალიან მალე მივდივართ აეროპორტში და მოვყვებით 9 საათიან რეისს. რა თქმა უნდა, ყველაფერს ველოდები ამ მთავრობისგან, იმაზე უარესის დაბრალებასაც, რაც გავრცელდა. თუ უნდათ დაგვხვდნენ და ეს ელექტროშოკები თვითონ ნახონ”, – განაცხადა ნადირაშვილმა.
საქართველოს კონსული აზერბაიჯანში, ნიკოლოზ გოგიტიძე საპარლამენტო უმცირესობის წევრებთან დაკავშირებული ინციდენტის გასარკვევად საბაჟოზე გაემგზავრა.

აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის თეიმურაზ შარაშენიძის ინფორმაციით, დეპუტატები ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე ბაქოში საბაჟო ტერმინალზე ჰყავთ გაჩერებული. საელჩოს წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებიან და მიზეზებისა და დეტალების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

“ჩემი ინფორმაციით, აეროპორტის საბაჟო ტერმინალზე ჰყავთ გაჩერებული და მიმდინარეობს ძიება. საუბარია დიდი რაოდენობით არადეკლარირებულ თანხაზე, რომლის დეკლარირება მათ არ მოახდინეს. ვითარებას სწავლობენ და დეტალები მოგვიანებით იქნება ცნობილი”, – განაცხადა შარაშენიძემ.
რაც შეეხება ელექტროშოკურ აპარატს, ელჩი ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს და აცხადებს, რომ მას მხოლოდ თანხის თაობაზე აქვს ინფორმაცია. 
“კონკრეტულად თანხა არ ვიცით, დაახლოებით მილიონ დოლარზეა საუბარი. ჩვენ მარტო თანხაზე ვიცით და ძიების შემდეგ დაზუსტდება ყველაფერი”, – აცხადებს შარაშენიძემ.

Share.

Comments are closed.