იმიტომ, რომ… ვინ რას ჰპირდება ბოლნისელ ამომრჩეველს და როგორ აპირებენ ფინანსური კრიზისის დაძლევას მომავალი მმართველები

0

Bolnisi_075დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი მრავალპარტიული არჩევნები 1990 წელს ჩატარდა, მაშინ ქართველმა ხალხმა ქვეყნის მთავარი საკანონმდებლო ორგანო – უზენაესი საბჭო აირჩია. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები პირველად 1998 წლის შემოდგომაზე გაიმართა.
ქვეყნის უახლეს ისტორიაში ბევრმა არჩევნებმა ჩაიარა. უამრავ მთავარ ფაქტორთან ერთად ყველა არჩევნებზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, წინასაარჩევნო დაპირებებია, რომლებიც 100%-ით შესრულებული ჯერ არავის უნახავს.
ახალი კანონმდებლობით, მრავალი ბერკეტი ექნება ადგილობრივ თითმმართველობას მართოს მის მიერ დაქვემდებარებული თემი და ქალაქი. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია ვის ხელში აღმოჩნდება მმართველობის სადავეები.
ვინ რას ჰპირდება ბოლნისის მოსახლეობას და რატომ თვლიან, რომ მათზე გამოხატული ნდობა გაამართლებს.
რატომ უნდა მისცეს ბოლნისის მოსახლეობამ ხმა თქვენს პოლიტიკურ მოძრაობას, (პარტიას, ბლოკს, გაერთიანებას) ?
_ იმიტომ რომ…
დავით მჭედლიძე, ბოლნისის მაჟორიტარობის კანდიდატი „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა”:
– ჩვენს პარტიაში ძირითადად გაერთიანებული არიან ადამიანები, რომლებიც სამშობლოს იცავდნენ. ჯარისკაცი ბრძოლის ველზე იქნება თუ შრომით ფრონტზე, უნდა გრძნობდეს ზურგს, უნდა იცოდეს რომ მისი თავგანწირვა და შრომა დაფასებულია, დაცულია კანონით და სამაგალითოა მომავალი თაობისთვის. სწორედ ამიტომ შეიქმნა ჩვენი ორგანიზაცია, ერთის მხრივ საქართველოს კეთილდღეობისთვის ბრძოლა, მეორეს მხრივ კი თითოეული ვეტერანის, მისი ოჯახის ინტერესების დაცვა ჩვენი ორგანიზაციის მუშაობის პრიორიტეტია. მოვდივართ იმიტომ, რომ დავიცვათ საქართველოს მთლიანობისთვის მებრძოლთა, პენსიონერთა, ძალოვანი სტრუქტურების და შრომის ვეტერანთა უფლებები. ვიცით როგორ უნდა შევუწყოთ ხელი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ვინც თავს სწირავდა ქვეყანას, არასოდეს მოატყუებს საკუთარ ხალხს. ჩვენს პარტიას ხმა იმიტომ უნდა მისცენ, რომ მოდიან სამშობლოს ჯარისკაცები, ვეტერანები, ძალოვანები, პატრიოტები, მოდიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან დაიცვან სამშობლო, ახალგაზრდა თაობა, სარწმუნოება და ტრადიციები.
მალხაზ ერაძე, “ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიცია“ – ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი:
– თუნდაც იმიტომ, რომ რაც საკრებულოში ვიმუშავე, კარგის მეტი არაფერი გამიკეთებია, ყველაზე მეტი სოციალური დახმარებაც მაშინ გადიოდა და ძალიან ბევრი სასიკეთო გეგმებიც გვქონდა. ვაპირებდით 30 უსახლკარო, გაჭირვებული ბოლნისელისთვის საცხოვრებელი სახლის გადაცემას, ამ პროექტისთვის გათვლილი თანხა სამწუხაროდ სხვა მიმართულებით წავიდა. მუდმივი პრობლემა ბოლნისში სასმელი და სარწყავი წყალია, რის მოგვარებასაც ვპირდებით მოსახლეობას. ჩვენი პრიორიტეტი იქნება სოციალური სფერო. პირველი და აუცილებელი კი ხალხის დასაქმება. ბოლნისი აგრარული რაიონია და პრიორიტეტი უნდა იყოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავება. კიდევ იმიტომ უნდა მოგვცენ ხმა, რომ სიებს გადახედონ. ჩვენ შევეცადეთ ისეთი ადამიანები გვყოლოდა გვერდში, ვინც კითხვის ნიშნებს არ გააჩენდა. თუ გადავხედავთ მათ სიებს, ორი თუ სამია ხალხისთვის მისაღები კანდიდატი, ისინიც სიის ბოლოში ჰყავთ, ეს გახლავთ სინამდვილე.
ოლეგ მაღრაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი:
– პირველ რიგში იმიტომ, რომ ბოლნისელი ვარ და ჩემი ხალხისთვის ყოველთვის კარგს მოვისურვებ. ერთხელ და სამუდამოდ დავასრულებ სხვა ქალაქებიდან ჩამოსული ადამიანების დასაქმებას. ბოლნისში უამრავი ნიჭიერი ადამიანია, რომლებიც დღემდე უმუშევრები არიან, ყველას დავასაქმებ.
ნათელა სვანიძე, „დავით თარხან-მოურავი − საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” სიის პირველი ნომერი:
– ჩვენ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი გვაქვს პროგრამაში, რაც აისახება საზოგადოების კეთილდღეობაზე.
ნუგზარ ჯაჯანიძე, საარჩევნო ბლოკი „თვითმმართველობა ხალხს” ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი:
– ათჯერ რომ მოგატყუებს კაცი, იმას მხარი აღარ უნდა დაუჭირო, ხალხი გონს უნდა მოეგოს, სწორი არჩევანის გაკეთებაა საჭირო, ხელისუფლებაში იყვნენ და ტყუილის მეტი არაფერი გაუკეთებიათ, ახლა მაინც უნდა გამოსწორდეს რამე. ჩვენ თუ შევალთ საკრებულოში, აუცილებლად განვავითარებთ ბოლნისის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობას, მოვაწესრიგებთ საპლანტაციო გზას.
გრიგოლ მღვდელაძე, „სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს გზა”:
– ჩვენი ძალებით ვაწარმოებთ საარჩევნო კამპანიას, რადგან არ გვაქვს დაფინანსება, ვხვდებით ამომრჩეველს, ვაცნობთ იმ სამომავლო გეგმებს, რომელსაც ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში აუცილებლად დავაყენებთ საკრებულოს სხდომაზე, საქართველოს სჭირდება რეგიონალური განვითარების სწორი პოლიტიკა. ბოლნისი უნდა წარმოადგენდეს ეკონომიკურ და კულტურულ ცენტრს. სოფლად აღდგება ინფრასტრუქტურა, ჩვენ აუცილებლად მოვითხოვთ და განვახორციელებთ მაპროფილებელი პროფესიული სასწავლებლების გახსნას და დავნერგავთ ახალგაზრდების დასაქმების პროგრამას, პირველ ეტაპზე ღარიბი მოსახლეობისთვის დავაწესებთ შეღავათებს, კომუნალურ გადასახადებს შევამცირებთ, განვავითარებთ ადგილობრივ ტურიზმს.
ლუბა დოლიძე, „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ სიის პირველი ნომერი”:
– პირადად მე ძალიან პატრიოტი ადამიანი ვარ. ჩემი ოჯახი წინა ხელისუფლების მიერ იძულებით იქნა გადასახლებული, ვცხოვრობდით ევროპაში. მთავრობის შეცვლის შემდეგ დავბრუნდით სამშობლოში. ვმუშაობ სოფელ ჭაპალას აზერბაიჯანულ საჯარო სკოლაში, ქართული ენის პედაგოგად. როგორც მოხალისე ისე ჩავერთე პილიტიკაში, რადგან მინდა დავეხმარო ჩემს ხალხს, ჩემს ქვეყანას და ვებრძოლო უსამართლობას. გამომდინარე იქიდან, რომ ვმუშაობ აზერბაიჯანელებთან, კარგად ვიცნობ მათ ყოველდღიურობას და პრობლემებს. უმთავრესია ვაკეთო ჩემი საქმე და მქონდეს შესაძლებლობა უფრო მეტად დავეხმარო ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს და ჩემ ქვეყანას
გოგი მეშველიანი, საარჩევნო ბლოკი – „ქართული ოცნება” ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი:
_ გვსურს, რომ მაქსიმალურად გამჭირვალე ადგილობრივი მმართველობა შევქმნათ, რომელიც მუშაობის ყველა სტადიაში ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს გაითვალისწინებს, ეს იქნება ბიუჯეტის შედგენა და მისი ხარჯვის მონიტორინგი. პირველ რიგში ჩვენ ვიზრუნებთ იმ პრობლემატიკის მოგვარებაზე, რაც არის გამოწვეული ადგილობრივი ბიუჯეტის კრიზისული მდგომარეობით. ჩვენი მიზანია, გარდამავალ ეტაპზე გავზარდოთ ადგილობრივი ბიუჯეტის სოციალური ნაწილი და რაც შეიძლება ბევრ ადამიანს მივცეთ მისი სიკეთით სარგებლობის საშუალება. ჩვენს პროგრამაში მნიშვნელოვანი პრიორიტეტია სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი საწარმოების განვითარების ხელშეწყობა. სურვილი გვაქვს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ადგილობრივ ბიზნესს, იმისათვის რომ მოხდეს სამუშაო ადგილების შექმნა.

რამდენიმე დღეში ბოლნისის მუნიციპალიტეტს სათავეში ახალი გუნდი ჩაუდგება, ახალი „სახეებით” შეივსება ადგილობრივი თვითმმართველობის საკრებულო, უამრავ პრობლემასთან ერთად მათ ყველაზე მნიშვნელოვანი – ფინანსური კრიზისი დახვდებათ.

რას ფიქრობთ, ბოლნისში შექმნილ ფინანსურ კრიზისზე და რაში ხედავთ გამოსავალს?
შორენა მეფარიშვილი, მაჟორიტარობის კანდიდატი ბოლნისში, საარჩევნო ბლოკი „არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე)”:
_ უნდა შეიქმნას უამრავი მცირე საწარმო, დასაქმდეს მოსახლეობა და თავისთავად ბიუჯეტშიც შევა თანხა.
დავით მჭედლიძე, ბოლნისის მაჟორიტარობის კანდიდატი „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა”:
– როგორც ცნობილია , ადგილობრივი ბიუჯეტი დაბა კაზრეთში მოქმედი საწარმოების მიერ გადახდილი წიაღის მოსაკრებლით ივსება, ჩემი აზრით თანხა, რასაც საწარმო იხდის, მთლიანად ადგილზე უნდა რჩებოდეს, მუნიციპალიტეტი თვითონ უნდა განაგებდეს და არ უნდა ნაწილდებოდეს ცენტრალური ხელისუფლებიდან.
შოთა რეხვიაშვილი, “ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიცია“ – პარტიული სიის პირველი ნომერი:
– ამასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პროგრამა გვაქვს, ერთი ორი სიტყვით ვერ გეტყვით. თუკი რამე საწარმოებია, ყველა უნდა ამუშავდეს,ხელი შეეწყოს მცირე ბიზნესს. აუცილებელია გაკეთდეს ხილის და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო. რადგან ბოლნისის ბიუჯეტის შენარჩუნების წყარო არის მადნეული და კვარციტი, საჭიროა მათთან ჯანსაღი და საქმიანი ურთიერთობის დამყარება. უნდა დადგეს საკითხი, რომ იქედან შემოსული თანხები,წიაღის გადასახადია თუ სხვა რამ, დარჩეს ადგილობრივ ბიუჯეტში. გარდა ამისა, საჭიროა შეიქმნას მცირე საწარმოები, რაც ბიუჯეტის შემოსავალს გაზრდის. ყველა კაპიკი უნდა იყოს გათვლილი.
ოლეგ მაღრაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი:
– უნდა შეიქმნას მიუკერძოებელი, კომპეტენტური კომისია, ერთხელ და სამუდამოდ დადგინდეს სიმართლე. სწორედ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი ფინანსური კრიზისის გამოსწორება.
თემურ დემურაძე, „დავით თარხან-მოურავი − საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი:
– იმიტომ გავერთიანდი ამ პარტიაში, რომ დიდ პატივს ვცემ დავით თარხან-მოურავს და მისი პარტიის პროგრამას, რისი საშუალებითაც ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდება. ადგილობრივი რესურსების გამოყენებით შეიქმნება საწარმოები, დასაქმდება მოსახლეობა. 14-დან 51 წლამდე, ვისაც სურვილი ექნება, მოხდება ყველას გადამზადება. უფასოდ შეისწავლიან კომპიუტერულ პროგრამებს და შეძლებენ სახლიდან გაუსვლელად შექმნან პროგრამები და გაყიდონ სხვადასხვა ქვეყნებში. ძალიან ბევრი რესურსია ადგილზე, რისი დამუშავებითაც ამოისუნთქავს ხალხი, რაზეც დიდი ხელშეწყობა იქნება ჩვენი პარტიის გამარჯვების შემთხვევაში.
ნუგზარ ჯაჯანიძე, საარჩევნო ბლოკი „თვითმმართველობა ხალხს” ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი:
– ფინანსური კრიზისი არ იქნება, თუ სწორად დაიგეგმება და მიზანმიმართულად გაიხარჯება ბიუჯეტი , საკმაო თანხა შემოდის გადასახადებიდან და ხელმძღვანელობამაც უნდა მოიკლოს ხელფასები, რომ კრიზისი თავიდან ავიცილოთ. თუ ხალხი მხარს დამიჭერს, საკრებულოს წევრებთან ერთად შევეცდები რომ ბიუჯეტი მიზანმიმართულად დავგეგმოთ.
გრიგოლ მღვდელაძე, „სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს გზა”:
– ახალი კანონმდებლობით ადგილზე მოპოვებული ფინანსების 80% რჩება ადგილობრივ ბიუჯეტში, ეს თანხა რომ მოხმარდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტს, აუცილებლად მოგვარდება პრობლემები. ბიუჯეტს სწორი დაგეგმვა და განაწილება სჭირდება, ამას ჭკვიანი ადამიანები შეძლებენ. დაბა კაზრეთის საწარმოდან გადახდილი თანხის 80% მიდის ცენტრალურ ბიუჯეტში, იქედან მოდის მიზერული რაოდენობის თანხა, რომელიც ასე თუ ისე წვდება მუნიციპალიტეტს.
გოგი მეშველიანი, საარჩევნო ბლოკი – „ქართული ოცნება” ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი:
_ ამ კრიზისიდან გამოსვლის ჩვენი ხედვა არის ორ მიმართულებიანი: პირველი გულისხმობს, რომ სრული დატვირთვით ამუშავდეს ის ორი საწარმო, რომელიც ბოლნისის შემოსავლების 70-75%-ს გვაძლევს. მათ უნდა ჰქონდეთ ხელსაყრელი გარემო, რომ გააგრძელონ საქმიანობა, რა თქმა უნდა საქართველოს კანონმდებლობის ჩარჩოების დაცვით. თუ აღმოჩნდა ისე, რომ ამ საწარმოებს პრობლემები შეექმნათ და ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლის გადახდას ვერ ახერხებენ, რომელიც 8 მილიონით არის დაგეგმილი, მაშინ გადავდივართ მეორე გეგმაზე, რაც გულისხმობს ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯვითი ნაწილის გადახედვას და აუცილებელი ხარჯების დაფინანსებას ცენტრალური ბიუჯეტის ტრანსფერის საშუალებით. ბოლო წლების განმავლობაში რაიონში პრაქტიკულად არაფერი გაკეთებულა იმისთვის, რომ განვითარებულიყო სხვა წარმოებები. სოლიდური ბიუჯეტის მიუხედავად, ბოლო 7-8 წლის განმალობაში არ ყოფილა წახალისებული ახალი საწარმოების გახსნა, შეიძლება ითქვას, რომ მთელი რაიონის ეკონომიკა დამოკიდებულია ამ ორ საწარმოზე, ეს რა თქმა უნდა თავის დროზე იყო დიდი შეცდომა, საქართველოს მთავრობასთან ერთად შევეცდებით ეს შეცდომა გამოვასწოროთ და მივცეთ სხვა მიმართულებებს განვითარების საშუალება.

არის თუ არა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი საყდრისი-ყაჩაღიანის ოქროს მაღარო?

შორენა მეფარიშვილი, მაჟორიტარობის კანდიდატი ბოლნისში, საარჩევნო ბლოკი „არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე)”:
– ეს არის სახელმწიფოს მოსაგვარებელი პრობლემა, სახელმწიფომ უნდა გამიჯნოს რა არის კულტურული მემკვიდრეობა და რითი იარსებოს ხალხმა.
დავით მჭედლიძე, ბოლნისის მაჟორიტარობის კანდიდატი „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა”:
– მეცნიერების თუ ცალკე ჯგუფების მხრიდან არის გამუდმებული მსჯელობა, მე ჩემს პოზიციას დავაფიქსირებ. მამა გეოლოგი მყავდა და მახსოვს ამ მაღაროზე რომ მესაუბრებოდა, ვფიქრობ იქ ნამდვილად მოიპოვებდნენ უნიკალური წესით ოქროს და არ უნდა მოხდეს კულტურული მემკვიდრეობის დანგრევა.
შოთა რეხვიაშვილი, “ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიცია“ – პარტიული სიის პირველი ნომერი:
– რა თქმა უნდა არის, ამის გადაწყვეტა ჯიკაობით კი არ უნდა მოხდეს, საჭიროა შეჯერდეს ისე, არც მუშახელი დაზარალდეს და არც საწარმო. ამ საკითხის გადაწყვეტა ადვილად შეიძლებოდა, მაგრამ არ იყო პოლიტიკური ნება. ძიძგილაობაში კი დაზარალდა ორივე მხარე. არა მგონია გერმანელ მეცნიერებს ჩვენი ისტორიის და კულტურის შესახებ ტყუილი დაეწერათ. უბედურება იცით რაშია? ორივე მხარეს ხალხი შეცდომაში შეჰყავს. ცალ-ცალკე ამტკიცებენ რაღაცას და ქვეყნისთვის სასურველი პოზიციები არ იკვეთება. მე რომ ვიყო ხელისუფებაში რას ვიზამდი? დიდხანს ვიმუშავე მადნეულში, ძველი სამთოელი ვარ, ყველაფერში საკმაოდ კარგად ვერკვევი, შევკრებდი ორივე მხარეს და ამ საკითხს ყოველგვარი ექსცესების გარეშე, იოლად გადავწყვეტდი.
ოლეგ მაღრაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი:
– როგორც რიგითი ბოლნისელი ვფიქრობ და კვლევებიდანაც ვიცი, რომ საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე ნამდვილადაა აღმოჩენილი სიძველეები, ვინაიდან არ ვარ ამ საქმეში კომპეტენტური, ვერ ვადასტურებ.
თემურ დემურაძე, „დავით თარხან-მოურავი − საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი:
– არ ვიცი, ამაზე რა უნდა გითხრათ, უბრალოდ ერთ შედარებას გავაკეთებ. დღეს ხალხს ჰგონია, რადგან გადავედით XXI საუკუნეში, ინტერნეტის ეპოქაში, ძალიან განათლებულები ვართ და განვითარებული ცხოვრება გვაქვს. შოთა რუსთაველის ეპოქაში ისეთი აზროვნების, ისეთი განათლებული წინაპრები გვყავდა, რომ ჩვენ იმ დონეზე ალბათ ვერასდროს ვიქნებით. ისტორიიდან გამომდინარე ვფიქრობ, იმ პერიოდშიც კუსტარულად მოიპოვებდნენ ოქროს და საყდრისი ნამდვილად ისტორიული ძეგლია.
ნუგზარ ჯაჯანიძე, საარჩევნო ბლოკი „თვითმმართველობა ხალხს” ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი:
– საყდრისს რაც შეეხება, სპეციალისტი არ ვარ, თუმცა მჯერა იმ დასკვნის, რომელიც მეცნიერებმა დადეს. ვფიქრობ, რომ ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც არ უნდა განადგურდეს.
გრიგოლ მღვდელაძე, „სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს გზა”:
– ბოლნისის მუნიციპალიტეტში ძალიან ბევრი კულტურული ძეგლია, რაც შეეხება საყდრისს უძველესი ძეგლია, თუმცა ახლა განადგურებულია, მის მიდამოებში ოქროს მოპოვების წინააღმდეგი ვარ.
გოგი მეშველიანი, საარჩევნო ბლოკი – „ქართული ოცნება” ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი:
_ სავარაუდოდ საყდრისი წარმოადგენს კულტურულ ძეგლს, უნდა დაველოდოთ, რომ სპეციალისტებმა დადონ საბოლოო დასკვნა, მე პირადად ვემხრობი კომპრომისულ ვარიანტს, კულტურული მემკვიდრეობაც შენარჩუნდეს და საწარმოს ეკონომიკური საქმიანობაც არ შეიზღუდოს. თუ მსოფლიო პრაქტიკას გავითვალისწინებთ, ყოფილა შემთხვევები, როცა საყდრისზე უფრო დიდი მნიშვნელობის ძეგლები გადაუტანიათ ერთი ადგილიდან მეორეზე და მნიშვნელოვანი ექსპონატებიც უკეთ წარმოჩენილა სამუზეუმო სივრცეში. ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც ჩვენი რაიონის ეკონომიკა უახლოესი წლების განმავლობაში მაინც დამოკიდებული იქნება ამ საწარმოების ფუნქციონირებაზე.


Share.

Comments are closed.