რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თვმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე – რწმენა თავისუფლების აქტია!

0

marabda-2014-1171-1024x4319 ივნისს სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს პრეზენტაცია გაიმართა. გთავაზობთ, სააგენტოს თავმჯდომარის ზაზა ვაშაყმაძის მიერ წარმოთქმული სიტყვის ტექსტს:

«ჩვენი ინსტიტუციის მისიაა მრავალეთნიკურ და მრავალრელიგიურ გარემოში, ისტორიულ გამოცდილებისა და საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების გათვალისწინებით, თანასწორობასა და შემწყნარებლობაზე დაფუძნებული მშვიდობიანი თანაცხოვრების უზრუნველყოფისათვის ხელშეწყობა.»

ქალბატონებო და ბატონებო,

მოხარული გახლავართ ჩვენი შეხვედრის. ჩემთვის დიდი პატივია თქვენს წინაშე ახალი სახელმწიფო პროექტის  წარდგენა.

საქართველომ ტოლერანტობის უძველესი სახელმწიფოებრივი ტრადიციების გათვალისწინებით დაიწყო ახალი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი პროექტი, რაც გულისხმობს ეროვნული გამოცდილებისა და თანამედროვეობის მოთხოვნების საფუძველზე მწყობრი რელიგიური პოლიტიკის ჩამოყალიბებას, რამაც  ქვეყანას უნდა დაუბრუნოს თავის კუთვნილი ადგილი თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში.

ამ მიზინის განხორციელებისათვის აუცილებელი გახდა სახელმწიფოს ინიციატივითა და კვალიფიციურ ექსპერტთა და მეცნიერთა თანამონაწილეობით სპეციალური ინსტიტუტის  – რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დაფუძნება, რომელიც ისტორიული გამოცდილებისა და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების გათვალისწინებით პროფესიული კვლევისა და მეცნიერული ანალიზის საფუძველზე შეიმუშავებს რეკომენდაციებს რელიგიის სფეროში თანამედროვეობის გამოწვევების შესაბამისად.

უნდა მოგახსენოთ, რომ საქართველო ტრადიციულად მრავალრელიგიური ქვეყანა გახლავთ. რელიგიური ტოლერანტობა ჩვენი ეთნოსის ბუნებრივი თვისებაა. აქვე ვიტყვი, მიუხედავად იმისა, რომ ლამის  15–16 საუკუნის განმავლობაში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგია გახლდათ და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას მართლმადიდებლები შეადგენდნენ, ქართულ სახელმწიფოში არაქრისტიანი ქართველების გარდა, მუდმივად შინ გრძნობდნენ თავს სხვა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები.

 საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ  საქართველოს წინაშე გაჩნდა გამოწვევა მრავალეთნიკურსა და მრავალრელიგურ გარემოში, დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით, ქვეყანას დამოუკიდებელი ეთნიკური და რელიგიური პოლიტიკა ეწარმოებინა. სამოქალაქო ომის, ეთნიკური კონფლიქტების, 70 წლიანი წყვეტის შემდგომ რელიგიურ სისტემების მასშტაბური რესტავრაციის და გამოცდილებათა უკმარობის მიზეზით, ამ მიმართულებით მრავალი შეცდომა იქნა დაშვებული, რამაც გარკვეული ზიანი მიყენა დემოკატიული განვითარების გზაზე მყოფ ახალგაზრდა სახელმწიფოს ინტერესებს.

აი, სწორედ ამ წინააღმდეგობათა დასაძლევად საქართველოს მთავრობამ, პირველად საქართველოს ისტორიაში, წამოიწყო ეს ეროვნულ–სახელმწიფოებრივი პროექტი, რომლის მიზანიაგანვითარებული დასავლური სახელმწიფოების გამოცდილებათა გაზიარებით ხელი შეუწყოს ქვეყანაში სწორი რელიგიური პოლიტიკის განხორციელებას. აღნიშნული პროექტის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფოს მიზანია შექმნას ისეთი პოლიტიკურ სამართლებრივი გარემო, რომელიც საშუალებას მისცემს რელიგიურ ორგანიზაციებს ქვეყანაში განახორციელონ მშვიდობის, ურთიერთსიყვარულისა და სიკეთის მისია, რაც ხელს შეუწყობს დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული ტოლერანტული საზოგადოების მშენებლობას.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფოს ოფიციალურ პოლიტიკას რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით და სახელმწიფოს სტრატეგიულ მიზნებიდან გამომდინარე  მიზნად ისახავს საზოგადოებაში რელიგიის თავისუფლებისა და რელიგიური შემწყნარებლობის, როგორც ფუნდამენტური ღირებულების აღიარების, დამკვიდრებისა და პატივისცემის ხელშეწყობას.

სახელმწიფო თვლის, რომ დაუშვებელია პოლიტიკაში რელიგიის ჩართვა ისევე, როგორც თავად რელიგიისათვის უნდა იყოს მიუღებელი პოლიტიკური ენის გამოყენება საკუთარი მიზნების მისაღწევად. სახელმწიფო ინსტიტუციურად არის გამიჯნული რელიგიისაგან, მაგრამ ეფუძნება ზოგადსაკაცობრიო ეთიკურ და მორალურ პრინციპებს, რომელიც იმავდროულად შესაძლოა რეგლიგიურ ღირებულებებსაც წარმოადგენდეს. ამ პრინციპებს ეყრდნობა განვითარებული დასავლური ცივილიზაციები, სადაც სახელმწიფოში რელიგიის როლის მნიშვნელობა გააზრებულია, როგორც სახელმწიფოს კეთილდღეობის საწინდარი:

„მაშინ, როცა ხელისუფლება მფარველობს ყველას თავიანთ რელიგიურ უფლებებში, ჭეშმარიტი რელიგია შესაძლოა ყველაზე საიმედო მხარდამჭერად იქცეს ხელისუფლებისთვის. ყველა ქცევათა და ჩვევათაგან, რომელიც პოლიტიკურ კეთილდღეობას მოგვიტანს, რელიგია და ზნეობა შეუცვლელი საყრდენებია“. (ჯორჯ ვაშინგტონი)

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საკუთარი მიზნებიდან გამომდინარე წარმოადგენს ინსტიტუციას, რომელიც საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის ახორციელებს საინფორმაციო, სარეკომენდაციო, კვლევით და საგანმანათლებლო საქმიანობას რელიგიის სფეროში. სააგენტო მუშაობს რელიგიის სფეროს ყველა მიმართულებით და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხების შესწავლა-ანალიზისას ქმნის ფართო წარმომადგენლობებს ექსპერტთა საბჭოების სახით. აღნიშნული დამოკიდებულებით სახელმწიფო ხაზს უსვამს რელიგიის სფეროს განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

აქედან გამომდინარე, ვთვლით, რომ ჩვენი ინსტიტუციის მისიაა მრავალეთნიკურ და მრავალრელიგიურ გარემოში, ისტორიულ გამოცდილებისა და საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების გათვალისწინებით, თანასწორობასა და შემწყნარებლობაზე დაფუძნებული მშვიდობიანი თანაცხოვრების უზრუნველყოფისათვის ხელშეწყობა.

გამოვდივართ რა ამ კონცეფციის ძირითადი საზრისიდან, ვფიქრობთ, აუცილებელია მცირე სიტუაციური ანალიზი, რომელიც საფუძველს მოგვცემს მოვნიშნოთ ის სტრატეგია, რაც ზემოთდასმული მისიის განხორციელებისათვის იქნება მიზანშეწონილი.

უპირველესად, სტატისტიკის შესახებ. საქართველოს მოსახლეობის რელიგიური განაწილების ზუსტი მონაცემების მოპოვება საკმაოდ რთული საქმეა. მოსახლეობის 2002 წლის აღწერის მიხედვით, მართლმადიდებელი მოსახლეობის ხვედრითი წილი 83%-ს შეადგენს. ვფიქრობთ, ამ მონაცემებში სერიოზული კორექტივი შეაქვს არამართლმადიდებელი მოსახლეობის, პირველ რიგში, აზერბაიჯანელებისა და სომხების შრომითი მიგრაციის მაღალ ხარისხს. ამიტომაც, ვარჩიეთ, ერთმანეთთან შეგვეჯერებინა აღწერისა და სხვადასხვა ექსპერტული მონაცემები. რა თქმა უნდა, წინამდებარე სურათიც არ არის ზუსტი, მაგრამ, ვფიქრობთ, იგი გარკვეულ წარმოდგენას მაინც შეგვიქმნის არსებული სიტუაციის შესახებ.

მართლმადიდებელი                         85.0%

მუსლიმი                                             8%

სომეხთა სამოციქულო ეკლესია       4%

იუდეველი                                         0.5%

სხვა                                                     2.5%

არც ერთი                                           1.0%

ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით სახელმწიფო აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას, ამასთან, აღიარებს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და ეკლესიის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსგან (მუხლი 9).

90-იანი წლების მეორე ნახევრიდან ჩნდება საგანგებო შეთანხმების იდეა სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის. საბოლოოდ, დოკუმენტი ჩამოყალიბდა კონსტიტუციურ შეთანხმებად. კონსტიტუციურ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2002 წლის 14 ოქტომბერს. კონსტიტუციური შეთანხმების მიხედვით ეკლესია წარმოადგენს ისტორიულად ჩამოყალიბებულ საჯარო სამართლის სუბიექტს.

რელიგიასთან თუ ნებისმიერ სხვა სფეროსთან დაკავშირებული კანონმდებლობის შემუშავებისას  აუცილებელია ორი უმნიშვნელოვანესი ფაქტორის გათვალისწინება: პირველი არის ის რეალობა, რაც მოცემულ სფეროში მიმდინარე პერიოდში ობიექტურად არსებობს, ხოლო მეორე ის მიზანი, რაც კანონმდებლობის საშუალებით მომავალში უნდა იქნას მიღწეული. ის პრინციპები, რომლებიც თავისი არსით შუალედურია, წარმოადგენს ჯანსაღი კანონმდებლობის ფორმირების უმთავრეს საფუძველს. მისი დაცვის გარეშე მხოლოდ არსებული ობიექტური მდგომარეობის ასახვა კანონმდებლობას ერთ ადგილზე გაყინავს და სახელმწიფოს თუ საზოგადოების  განვითარების შესაძლებლობას მოსპობს, ხოლო ჯერ არარსებული, მხოლოდ საურველი მიზნების დაკანონება, ყოველგვარი რეალობის გათვალისწინების გარეშე, კანონმდებლობას უბრალოდ ქმედითობას მოუშლის და ე. წ. „მკვდარ ნორმებს“ წარმოშობს. ამდენად პირველ რიგში უნდა გაიზომოს მანძილი რეალურ მდგომარეობასა და სასურველ მიზანს შორის, მოიძებნოს შუა წერტილი და სწორედ იქ დაფიქსირდეს კანონი.

ცალკე მოგახსენებთ რელიგიის საკითხთა პოლიტიკისა და საკანონმდებლო რეგულირების  სტრატეგიის  და მიზნის შესახებ:

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ საკანონმდებლო დონეზე  შემდეგი რინციპების  უზრუნველვყოფას:

  1. საქართველოში კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის რელიგიური უფლებებისა და თავისუფლებების თანაბარი და სრულყოფილი სარგებლობის უზრუნველყოფისსამართლებრივი მექანიზმების განსაზღვრა;
  2. რელიგიის ან რწმენის საფუძველზე დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრისსამართლებრივი მექანიზმების განსაზღვრა;
  3. რელიგიასთან დაკავშირებით ს , შირებით ნხილულ იქნეს  მოქალაქეთტასახელმწიფოს პოლიტიკურ-სამართლებრივი ურთიერთობის ფორმის განსაზღვრა ურთიერთგამიჯვნისა და ავტონომიურობის პრინციპების დაცვით.
  4. საქართველოში მოქმედი რელიგიური გაერთიანებების საქმიანობის ხელშეწყობისათვის სახელმწიფოს პოზიტიური და ნეგატიური ვალდებულებების განსაზღვრა;
  5. რელიგიის სფეროს მარეგულირებელი ეროვნული კანონმდებლობის სისტემური და კონცეპტუალური ანალიზი მათი შემდგომი დახვეწისა და სრულყოფის მიზნით.
  6. კანონმდებლობით გარანტირებული რელიგიური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფისათვის სამართლებრივ-პოლიტიკურიმექანიზმების განსაზღვრა;
  7. ზოგადი განათლების ერთიან სისტემაში შემავალ საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებებში (სკოლები) ინტერრელიგიური განათლების ხელშეწყობა და სწავლების ფორმის განსაზღვრა.
  8. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (უნივერსიტეტები) რელიგიური განათლებისა და ამ მიმართულებით, აკადემიური პროცესის განვითარების ხელშეწყობა.
  9. სახელმწიფო დაწესებულებებში რელიგიური წარმომადგენლობების („კაპელანის ინსტიტუტის“) ჩამოყალიბებისა და მათი საქმიანობის ფორმების განსაზღვრა;
  10. რელიგიურ ნიადაგზე განვითარებული კონფლიქტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ქმედითი და ეფექტური მექანიზმების განსაზღვრა.

რელიგიის თავისუფლება წარმოადგენს არა მხოლოდ უფლებებისა და თავისუფლებების სივრცეს, არამედ, აღიარებასა და სოლიდარობაზე დაფუძნებულ პერსონალურ  პასუხისმგებლობით აქტსაც. რელიგიის სფერო მოიცავს მრავალგვარ ურთიერთობას და აერთიანებს განსხვავებულ და მრავალფეროვან სუბიექტებს, რომლებიც მასში მონაწილეობენ სხვადასხვა სახით.

რელიგიის სფეროში ჯანსაღი ურთიერთობების უზრუნველყოფა ვერ მოხერხდება მხოლოდ სახელმწიფოს აქტიური ან პასიური მონაწილეობით. ამ მიმართულებით, უმთავრესი როლის შესრულება, სახელმწიფოს გარდა, უნდა შეძლოს თითოეულმა ადამიანმა, ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ  თუ რელიგიურმა ჯგუფმა.

ამ მიზნის გახორციელებისათვის კი ჩვენი ხედვა ამგვარია:

  1.  სახელმწიფოსათვის რეკომენდაციების მომზადების პროცესში აქტიურად ვთანამშრომლობთ რელიგიურ ორგანიზაციებთან, სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრებთან, სამოქალაქო სექტორთან. საჭიროების შემთხვევაში ვქმნით მუდმივმოქმედ სათათბიროსა და დროებით საბჭოებს;
  2. შევიმუშავებთ სამართლებრივი დოკუმენტების პროექტებს რელიგიის სფეროში არსებული საკანონმდებლო ხარვეზების აღმოსაფხვრელად;
  3. ხელს ვუწყობთ  საზოგადოებრივ ცნობიერებაში შემდეგი პრინციპის დამკვიდრებას – რწმენა თავისუფლების აქტი და თითოეული ადამიანის შინაგანი არჩევანია;
  4. მუდმივად ვსწავლობთ და ვითვალისწინებთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის განწყობებს რელიგიის სფეროში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ყოველწლიურ რეკომენდაციებს;
  5. ქვეყანაში მიმდინარე რელიგიური პროცესებისა და რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარების ანალიზის საფუძველზე შევიმუშავებთ მექანიზმებს რელიგიურ ნიადაგზე შესაძლო კონფლიქტის რისკების თავიდან ასაცილებლად;
  6. ხელს ვუწყობთ ისეთი საინფორმაციო ველის შექმნას, რომელიც განაპირობებს  გაუცხოების დაძლევას მოქალაქეებსა  და სხვადასხვა რელიგიურ ჯგუფებს შორის.

რელიგიურ ნიადაგზე განვითარებული კონფლიქტების პრევენცია და მათზე რეაგირება სახელმწიფოს პირველად ვალდებულებას წარმოადგენს. მსგავსი კონფლიქტები საფრთხეს უქმნის მრავალეროვან პლურალისტურ საზოგადოებაში განსხვავებულ ჯგუფთა მშვიდობიან თანაცხოვრებას, მათში შემწყნარებლობისა და სოლიდარობის იდეების დამკვიდრებას. სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება, პრევენციული მეთოდების გამოყენების ნაწილში, უპირველეს ყოვლისა, საზოგადოების ინფორმირებულობისა და განათლების უზრუნველყოფას გულისხმობს. აკადემიური, სისტემური და ნეიტრალური განათლება, ისევე, როგორც საზოგადოების ინფორმირების სხვა საშუალებები, დაძლევს განსხვავებულ ჯგუფთა შორის ერთმანეთის უცოდინრობის, ან სტერეოტიპული ცოდნის გამო წარმოქმნილ მიუღებლობასა და შიშებს. კონფლიქტებზე რეაგირების მიმართულებით, სახელმწიფოს სამართალდაცვითი საქმიანობის გააქტიურება უზრუნველყოფს დაცული გარემოს შექმნას და პასუხისმგებლობის გაცნობიერებას.

რელიგიური უმცირესობები წარმოადგენენ საქართველოს მოსახლეობის განუყოფელ ნაწილს, რომელთაც პლურალისტური საზოგადოების განვითარებაში განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ. სახელმწიფო ვერ იქნება საზოგადოებაში მიმდინარე ბუნებრივ პროცესებზე აქტიური ზეგავლენის წყარო, რაც გამორიცხავს სახელმწიფოს მხრიდან ისეთ ქმედებებს, რომელიც უზრუნველყოფდა უმრავლესობასა და უმცირესობებს შორის არსებული ბუნებრივი განსხვავებების მოშლას. სახელმწიფოს უმთავრეს ვალდებულებას წარმოადგენს კანონის წინაშე ადამიანთა და მოქალაქეთა თანასწორობის უზრუნველყოფა. ამდენად, დაუშვებელია კანონის წინაშე თანასწორობის დარღვევა იმ ნიშნით, რომ რომელიმე პირი რელიგიურ უმრავლესობას ან რელიგიურ უმცირესობას მიეკუთვნება.

მოგეხსენებათ, რომ ქართული კანონმდებლობით უზრუნველყოფილი გახლავთ რელიგიისა და რწმენის თავისუფლება.

რელიგიისა და რწმენის თავისუფლება წარმოადგენს ადამიანის ერთ-ერთ ფუნდამენტურ უფლებას. ამ უფლებით თანაბრად და სრულად სარგებლობა დაკავშირებული არ არის მოქალაქეობასთან ან სხვა სამოქალაქო თუ პოლიტიკურ სტატუსთან. ეს უფლება სრულად არის   დაცული ნებისმიერი ადამიანის მიმართ, მიუხედავად მისი რელიგიური კუთვნილებისა; მიუხედავად იმისა, თუ რა ობიექტური ან სამართლებრივი მდგომარეობა უკავია იმ რელიგიურ გაერთიანებას, რომელსაც კონკრეტული პირი მიეკუთვნება.

რელიგიისა და რწმენის თავისუფლება, როგორც შინაგანი უფლება, წარმოადგენს აბსოლუტურ სამართლებრივ კატეგორიას, რომელიც არ შეიძლება რაიმე ფორმით შეიზღუდოს ან დაწესდეს რაიმე სახის განსხვავება ამ უფლებით სარგებლობისას. რელიგიის ან რწმენის საფუძვლით დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმა აკრძალულია.

რელიგიისა და რწმენის თავისუფლება, როგორც გარეგანი უფლება, წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლების სამართლებრივ კატეგორიას და რიგ შემთხვევებში ექვემდებარება გარკვეულ შეზღუდვებს. ასეთი შეზღუდვები გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუცია (1995 წ.) იცნობს რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების შეზღუდვის ერთადერთსაფუძველს — სხვათა უფლებების შელახვას (მუხ. 19(3)).

რელიგიის ან რწმენის ნიშნით დისკრიმინაცია თანამედროვე მსოფლიოში მრავალი საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. აღნიშნულს, განსაკუთრებული ყურადღება მიექცა საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებულ დოკუმენტში — საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია — 2014-2020 წლებისთვის („რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების უზრუნველყოფა“).

საქართველოს კანონმდებლობით უზრუნველყოფილი ამ ღირებულებითი პოსტულატის დამკვიდრებისათვის აუცილებელია ჩატარდეს მრავალმხრივი საგანმანათლებლო საქმიანობა, რაც ჩვენი სააგენტოსათვის ერთერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება.

ჩვენი საქმიანობის გამჭვირვალეობისათვის განსაკუთრებული როლი ენიჭება მედიასთან ურთიერთობას.

დემოკრატიული სახელმწიფოს შენების საქმეში მედიის როლზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ. განათლების სისტემის კვალდაკვალ მედიის როლი, არა მხოლოდ საზოგადოების ინფორმირებულობის თავალსაზრისით, არამედ, რელიგიური თავისუფლების, როგორც ღირებულების დამკვიდრების თვალსაზრისით განუზომლად დიდია. ის, რომ რწნენა თავისუფლების აქტია  სწორედ მედიით რელიგიურ თემათა გაშუქების მთავარი გზავნილი უნდა იყოს, ალბათ უდავოა.

რელიგიის სფერო განსაკუთრებული საზოგადოებრივი ყურადღების ობიექტს წარმოადგენს. ამ ინტერესის გათვალისწინებით, მედიასაშუალებები ხშირად აშუქებენ რელიგიის სფეროში მიმდინარე მოვლენებს. საჭიროა, რელიგიური სპეციფიკის მქონე ინფორმაციის დამუშავება და გაშუქება მოხდეს ობიექტურად, თანასწორობისა და პროპორციულობის პრინციპების დაცვით, მაღალი პროფესიონალიზმითა და შესაბამისი კომპეტენციით. ამ და სხვა აუცილებელი ფაქტორების გათვალიწინებით ჩამოყალიბებული მედიაპოლიტიკა და პრაქტიკა უზრუნველყოფს რელიგიის სფეროთი დაინტერესებული საზოგადოების სწორად ინფორმირებას.

საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ(2004 წ.) განსაზღვრავს რელიგიური შინაარსის ინფორმაციის გაშუქებისას სავალდებულო რეგულაციებს. იგი გულისხმობს სარედაქციო პოლიტიკის დაცვას რელიგიური გავლენებისგან (მუხ. 16) და ისეთი პროგრამების აკრძალვას, რომლებმაც, შესაძლოა, გააღვივოს რელიგიური შუღლი, ან რომლითაც კონკრეტულ პირს ან  ჯგუფს, მისი რელიგიური კუთვნილებიდან გამომდინარე, მიადგება შეურაცხყოფა ან მოექცევა დისკრიმინაციულ მდგომარეობაში (მუხ. 56). მაუწყებელმა თავი უნდა აარიდოს ეთნიკურ ან რელიგიურ კუთვნილებასა და უარყოფით მოვლენებს შორის დაუსაბუთებელი პარალელების გავლებას და აუცილებელი შემთხვევების გარდა, არ უნდა აღნიშნოს პირის ეთნიკური წარმომავლობა და რელიგიური მრწამსი (მუხ. 33).

რელიგიური საკითხების გაშუქებისას ობიექტური ინფორმაციის გავრცელების მიზნით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ინფორმაციის პირველიწყაროდან მოპოვებას. შესაბამისად,მედიასაშუალებებისათვის მნიშვნელოვანია ოფიციალური ინფორმაცის მიღება უშუალოდ რელიგიური გაერთიანებებისგან; თავის მხრივ, რელიგიურმა გაერთიანებებმა უნდა უზრუნველყონ ინფორმაციის მაქსიმალურად სწრაფი გაცემა და ამ მიმართულებით  უნდა აწარმოონ ღია საინფორმაციო პოლიტიკა. თანამშრომლობისას თანაბრად უნდა იქნას გათვალისწინებული, როგორც ინფორმაციის მიმართ არსებული მაღალი საჯარო ინტერესი, ასევე, რელიგიური გაერთიანებების ავტონომიური ინტერესები. ყველა შემთხვევაში, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული რელიგიის სფეროს სენსიტიური ხასიათი. მედია სუბიექტები დაგვეთანხმებიან, რომ ინფორმაციის თავისუფალმა ინტერპრეტაციამ შესაძლოა არც თუ ისე სასურველი შედეგები გამოიღოს.

და ბოლოს,  ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სააგენტოს მოქმედება ემსახუროს ადამიანის, როგორც სახელმწიფოში უმაღლესი ღირებულების იდეის დამკვიდრებას, ტოლერანტობას, შემწყნარებლობას, კანონისადმი პატივისცემას. ჩვენ ყველა, რა თქმა უნდა,   თქვენთან ერთად, ვიმუშავებთ ასეთი გარემოს შექმნაზე. ჩვენი საზოგადოებასთან ურთიერთობის პოლიტიკა პირველ რიგში გათვლილია საზოგადოებრივი აზრის მხარდაჭერაზე.  საზოგადოებას კი ღირსების მქონე ადამიანები ქმნიან. ადამიანის ღირსება არ გახლავთ ერთი სუბიექტის მიერ დეკლარირებული პოსტულატი. ის მთელი საზოგადოების ცნობიერების მდგომარეობაა, რომელიც თავის მხრივ განსაზღვრავს ურთიერთობის ფორმატს საზოგადოების შიგნით, როგორც სახელისუფლო სტრუქტურებთან, ასევე რელიგიურ უმცირესობებთან.

Share.

Comments are closed.