ვის რამდენი მანდატი ერგება – ბოლნისის საკრებულოს სავარაუდო შემადგენლობა

0

imagesცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით ბოლნისის 62 უბნიდან, 53 უბნის მიხედვით პროპორციული სიით ხმათა 62.45% მიიღო ქართულმა ოცნებამ, ნინო ბურჯანაძე -ერთიანი ოპოზიცია – 14.21% , ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ – 10.83 % ,  „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა”- 4.05 %, დანარჩენმა პარტიებმა ბარიერი ვერ გადალახეს. სავარაუდოდ, დარჩენლი ცხრა უბნის შედეგები აღნიშნულ მონაცემებს მნიშვნელოვნად ვერ შეცვლის, არაოფიციალური ინფორმაციით დარჩენილი უბნების მონაცემები ლიდერი პარტიების პროცენტულობას ზრდის და  „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობაც” ბარიერს მიღმა რჩება.

ამ მონაცემების მიხედვით პროპორციული სიით ქართული ოცნება 10-11 მანდატს მიიღებს, ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიცია – ორ ან სამს, ნაციონალური მოძრაობა კი 2 მანდატს. ქართული ოცნებიდან საკრებულოში 10 მაჟორიტარი დეპუტატი შევა. მმართველმა პარტიამ ოთხი მაჟორიტარული ოლქი წააგო.  საკრებულოს წევრობის უფლება მოიპოვა 4 – მა დამოუკიდებელმა კანდიდატმა. აღსანიშნავია, რომ ტანძიის თემში ქართული ოცნების კანდიდატს დამოუკიდებელმა მაჟორიტარმა კანდიდატმა მხოლოდ 2 ხმით მოუგო.

გთავაზობთ საკრებულოს სავარაუდო შემადგენლობას:

ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიცია – შოთა რეხვიაშვილი, სოფიო ლარცულიანი, გიორგი დაუშვილი.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ედიშერ შუკვანი, იასამან გაჯიევა.

ქართული ოცნება – გია კორტავა, დავით ასპანიძე, ბაირამ აბასოვი, ტარიელ ჩხეტიანი, ნუკრი ანდრიაძე, თეიმურაზ გაბიძაშვილი, თამაზ ჟორჟოლიანი, დავით ჯაფარიძე, მალხაზ ვეშაპიძე, ლეილა ალიევა, ლუიზა რეხვიაშვილი.

მაჟორიტარი დეპუტატები ქართული ოცნებიდან: ქალაქი ბოლნისი – თამაზ ჩუბინიძე, თამარისი – მამედ გუსეინოვი, აკაურთა – ილიას ალშანოვი, ბოლნისის ოლქი – ლევონ მანუკიანი, დარბაზი – შირადინ ასლანოვი, მამხუტი – რასულ ბახტიაროვი, ნახიდური – ვუგარ ისაევი, რაჭისუბანი – დავით რეხვიაშვილი, ქვემო ბოლნისი – იმრან გასიმოვი, ქვეში – დიმიტრი ურუმაშვილი.

დამოუკიდებელი დეპუტატები: კაზრეთი –  ტარიელ ჯაყელი, რატევანი –  გიორგი ლომიძე, ტალავერი – კარა გულმამედოვი, ტანძია – შერმადინ დადვანი. 

გავრცელებული ინფორმაციით შესაძლოა საკრებულოს წევრობაზე ნაციონალური მოძრაობიდან პირველმა ან მეორე ნომერმა უარი განაცხადოს და საკრებულოში სიის მესამე ნომერი გიორგი არევაძე შევიდეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით bolnisi.ge – გიორგი არევაძეს ესაუბრა: „საკრებულოში ნაციონალური მოძრაობიდან 2 წევრი შევა, დათვლილი  ხმების მიხედვით ვერ მოვიპოვე საკრებულოს მანდატი, ამიტომ ჩვენი პარტიიდან შევლენ ედიშერ შუკვანი და იასამან გაჯიევა. მე სიით მესამე ვარ, არჩევნებზე მეტი აქტიურობა და მობილიზება რომ ყოფილიყო, ხმების მეტ პროცენტს მივიღებდით.”

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ბევრი თავისებურებით გამოირჩევა. 2014 წლის მოწვევის ბოლნისის საკრებულო შეიძლება უკვე შეფასდეს ყველაზე „ტიტულოვან” საკრებულოდ, თუ გავითვალისწინებთ მისი მომავალი წევრების რეგალიებს, ახალ საკრებულოში არც მეტი არც ნაკლები, შესაძლოა ორი, ან სამი ყოფილი გამგებელი და ერთი პარლამენტარი ვიხილოთ. ქართული ოცნებისგან განსხვავებით, რომელმაც აქცენტი მეტწილად ახალ სახეებზე გააკეთა, ოპოზიციურმა პარტიებმა პირველი პოზიციები „ძველებს” დაუთმეს. პროგნოზირებაც არ სჭირდება იმას, რომ მომავალი საკრებულოს სხდომები მხოლოდ ხელის აწევ-დაწევით აღარ შემოიფარგლება. ოცნებას საკრებულოში 20-21 დეპუტატი ეყოლება, თუმცა ამ ეტაპზე ძალთა გადანაწილებაზე საუბარი ნაადრევია, ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ შეინარჩუნებს ერთობას ბლოკი „ქართული ოცნება”, რომელშიც რამდენიმე პოლიტიკური პარტია შედის, ასევე საინტერესოა რა პოზიციას დაიჭერენ დამოუკიდებელი დეპუტატები. ჯერჯერობით კვლავ უცნობია საკრებულოს თავმჯდომარეობის სავარაუდო კანდიდატები.

საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

მუხლი 25. ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი სხდომა და შეკრება

1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სხდომას იწვევს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის ვადაში. მუნიციპალიტეტის საკრებულო მუშაობას შეუდგება, თუ შესაბამისი საარჩევნო კომისია დაადასტურებს (არჩეულად გამოაცხადებს) ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის არჩევას.

2. ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი სხდომა გაიხსნება, თუ მას ესწრება (რეგისტრირებულია) ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სხდომას ხსნის შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე უძღვება უხუცესი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი.

3. ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი შეკრება შემდგარად ჩაითვლება, თუ იმ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო მუნიციპალიტეტის საკრებულომ, არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედისა. ამ დროიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის საკრებულოს.

4. თუ იმ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო მუნიციპალიტეტის საკრებულომ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სრული შემადგენლობის ორ მესამედზე ნაკლებია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა წყდება. ასეთ შემთხვევაში ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს მომდევნო სხდომას იწვევს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია იმ დღიდან 10 დღის ვადაში, როდესაც შესაძლებელი გახდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე იმდენი პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხის დასმა, რამდენიც საკმარისია მუნიციპალიტეტის საკრებულოს სრული შემადგენლობის ორ მესამედამდე შესავსებად.

5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ვერ მოხერხდა შესაბამისი რაოდენობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობა, ინიშნება ხელახალი არჩევნები.

ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე უძღვება უხუცესი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი – აქედან გამომდინარე მმართველი პარტია სავარაუდოდ პირველივე სხდომაზე შეეცდება ერთსულოვნების შენარჩუნებას და საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას, წინააღმდეგ შემთხვევაში საკრებულოს სხდომებს ოპოზიციის წარმომადგენელი შოთა რეხვიაშვილი გაუძღვება.

 მუხლი 33. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე

1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს თავისი შემადგენლობიდან, მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს მუნიციპალიტეტის საკრებულოს არანაკლებ 3 წევრს.

3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე აცხადებს კანდიდატთა სიას და კანდიდატებისაგან ითხოვს თანხმობას, კენჭი იყარონ საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე. სხდომის თავმჯდომარე კენჭისყრისათვის ადგენს კანდიდატთა ერთიან სიას მათი წარდგენის რიგითობის მიხედვით.

4. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში 1 კანდიდატი მონაწილეობდა და მან ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება ხელახალი არჩევნები.

5. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში 2 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება ხელახალი არჩევნები. კენჭისყრის დროს ხმების თანაბრად გაყოფისას იმართება ხელახალი არჩევნები.

6. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში 2-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება არჩევნების მეორე ტური იმ 2 კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმები მიიღეს. მეორე ტურში კენჭისყრის დროს ხმების თანაბრად გაყოფისას იმართება ხელახალი არჩევნები. თუ მეორე ტურში ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება ხელახალი არჩევნები. თუ არჩევნების მეორე ტურში გასულმა კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, მის ნაცვლად კენჭი ეყრება მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით მომდევნო კანდიდატს.

7. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს უფლება აქვს, ყოველი კენჭისყრის წინ მოხსნას თავისი კანდიდატურა.

8. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ერთი და იმავე პირის წარდგენა შეიძლება ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

მშვიდი არჩევნებისგან განსხვავებით, ბოლნისში სავარაუდოდ არცთუ ისე გრილი პოლიტიკური ზაფხული იქნება.

 

 


Share.

Comments are closed.