ვის რამდენი კაცის შეყვანის იმედი აქვს ბოლნისის საკრებულოში

0

imagesბოლნისის თვითმმართველობის საკრებულოში არსებული 29 მანდატის მოსაპოვებლად 9 პარტია და რამდენიმე დამოუკიდებელი კანდიდატი იბძვის. პოლიტიკურ სუბიექტებს თავისი სტრატეგია და გათვლები აქვთ. ჯერჯერობით ყველა თავს იკავებს საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატის დასახელებისგან. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი უმრავლესობის მოპოვებისთვის ბრძოლაა.

ვის რამდენი კაცის შეყვანის იმედი აქვს საკრებულოში და ჰყავთ თუ არა საკრებულოს თავმჯდომარეების კანდიდატები შერჩეული.

შორენა მეფარიშვილი, მაჟორიტარობის კანდიდატი ბოლნისში, საარჩევნო ბლოკი „არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე)”: 

– ოთხი-ხუთი კაცის მაინც. თავმჯდომარეობის კანდიდატი ვიქნები მე, შორენა მეფარიშვილი.

დავით მჭედლიძე, ბოლნისის მაჟორიტარობის კანდიდატი „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა”: 

– არ ვიცი, ეს არჩევნების მერე გახდება ცნობილი.

სოფიო ლარცულიანი, “ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიცია“ – ბოლნისის შტაბის თავმჯდომარე:

–        ფონი, რომელიც დღეს სუფევს ბოლნისში, დამოკიდებულება, როგორიც აქვს მოსახლეობას მოქმედი ხელისუფლების მიმართ, გვიტოვებს იმედს, რომ ჩვენ  წარმომადგენლობითი სახით უნდა შევიდეთ საკრებულოში, რა თქმა უნდა,  თუ არ გაყალბდა.

„ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის“ სიის პირველი ნომრის შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატის ვინაობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენი კაცით შევლენ საკრებულოში.

გიორგი არევაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბოლნისის შტაბის ხელმძღვანელი:

 –        იმდენის იმედი მაქვს, რამდენი პროცენტითაც იკლო  ახალი ხელისუფლების რეიტინგმა. საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ჯერჯერობით არ გვყავს შერჩეული.

მარინა ლაზარეიშვილი, „დავით თარხან-მოურავი − საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”:

–        სიის მიხედვით შესაძლებელია საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე განვიხილოთ თემურ დემურაძე, ან ქალბატონი ნათელა სვანიძე. საკრებულოს შემადგენლობაში ჩვენი პარტიის შესვლა-არშესვლას კი ამომრჩეველი განსაზღვრავს. პირადად მე არ ვარ პოლიტიკოსი. სიაში რიგითობის ამბიციაც არ მაქვს. ჩემი ერთადერთი სურვილია  ვემსახურო ჯანდაცვის სფეროს კუთხით თითოეულ ადამიანს.  გავიმარჯვებთ არჩევნებში თუ არა,  მაინც არ დავიშლებით. ვითანამშრომლებთ ყველა პარტიასთან და მივაწოდებთ ჩვენს შეხედულებებს, ამა თუ იმ საჭირბოროტო საკითხებზე.

ნუგზარ ჯაჯანიძე, საარჩევნო ბლოკი „თვითმმართველობა ხალხს” ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი:

–        ზოგს შეიძლება ეგონოს, რომ არჩევნებზე ვერ მივიღებთ ხმას, რადგან არ არის პარტია პოპულარული, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ორი კაცი მაინც შევა ჩვენგან. საკრებულოს თავმჯდომარეობის შანსი არ გვაქვს, შეიძლება არც კომისიის თავმჯდომარეობისთვის საჭირო ხმა  მივიღოთ, თუმცა მთავარია მოვხვდეთ. თუნდაც უხელფასო დეპუტატი  აღმოვჩნდე, მაინც თანახმა ვარ, ვიზრუნებ იმაზე, რომ ახალგაზრდები ბოლნისიდან ლუკმა-პურის საშოვნელად აღარ წავიდნენ.

გრიგოლ მღვდელაძე, „სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს გზა”:

–        საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურა არ გვყავს, პარტიული სიიდან გვყავს მხოლოდ ორი მაჟორიტარი დაბა კაზრეთში და დაბა თამარისში. თუ შევალთ საკრებულოში პარტიული სიით, გვინდა მაქსიმუმი გავაკეთოთ, ფრაქცია შევქმნათ, ეს არის ჩვენი ამოცანა.

ლუბა დოლიძე,  „შალვა ნათელაშვილი  – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“:

– ზუსტად ვერ ვიტვი, ამას გვიჩვენებს არჩევნები, თუმცა  კარგი იქნება 3-4 თანაპარტიელთან ერთად თუ მოვხვდები საკრებულოში, ასეთ შემთხვევაში ვიბრძოლებთ ბოლომდე, რომ რაც შეიძლება ბევრი სასიკეთო საკითხი გადავწყვიტოთ მოსახლეობის სასიკეთოდ.

გოგი მეშველიანი, საარჩევნო ბლოკი – „ქართული ოცნება” ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი:

_ დღეს ამის თქმა არ შემიძლია, არის ვარიანტები, მაგრამ შესაჯერებელია, ეს გადაწყდება იმის მიხედვით რა შედეგს დადებენ კოალიციური კანდიდატები. ჩვენი გათვლებით სავარაუდოდ 20-მდე კაცს შევიყვანთ საკრებულოში.

 

Share.

Comments are closed.