ეპიდსიტუაციის პროგნოზი 2104 წლის ზაფხულის თვეებისათვის

0

timthumbროგნოზი იმუნიზაციით მართვადი ინფექციების მხრივ (რომელთა წინააღმდეგ არსებობს ეფექტური ვაქცინები და ქვეყანაში ტარდება რუტინული იმუნიზაცია) დიფთერია, ტეტანუსი, პოლიომიელიტი, ყივანახველა, ყბაყურა, ჰეპატიტი B ბავშვებში – კეთილსაიმედოა. პოლიომიელიტის ადგილობრივი შემთხვევები არ უნდა აღმოცენდეს, შესაძლებელია დიფთერიის ერთეული შემთხვევების გამოვლენა, სავარაუდოა ყივანახველას ათეულამდე შემთხვევა, მათ შორის დასასვენებელ ადგილებში ახლად ჩამოყალიბებულ კოლექტივებში მოხვედრილ აუცრელ მოზარდებს შორის. ამიტომაც ბავშვთა დასასვენებელი ბანაკების დაკომპლექტებისას ყურადღება უნდა მიექცეს ბავშვთა აცრის სტატუსს (ასაკის მიხედვით). აუცრელი ბავშვების დაშვება ახალ კოლექტივებში მიზანშეუწონელია.

ბავშვებში წითელას შემთხვევების მინიმუმადე დაყვანის ფონზე, ავადობა, სამწუხაროდ, გაგრძელდება იმ მოზარდებში და მოზრდილებში, რომლებიც თავის დროზე არ ყოფილან აცრილები, ან ერთხელ არიან აცრილები, ასეთ კონტინგენტებში შესაძლებებლია ლოკალური ეპიდაფეთქებებიც. ამიტომ აუცილებელია ყველა წითელა-წითურა-ყბაყურაზე აუცრელი ბავშვის აცრა, რომელიც ხორციელდება შესაბამისი პროგრამით სახელმწიფოს დაფინასებით.

აფრიკაში და მცირე აზიაში პოლიომიელიტის ეპიდაფეთქებებთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ შევახსენებთ მშობლებს პოლიომიელიტის აცრების აუცილებლობის შესახებ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პოლიომიელიტის ვირუსის გადაცემის გზა (ფეკალურ-ორალური) იგივეა, რაც ენტეროვირუსული მენინგიტის რომლის ამჟამინდელი ეპიდაფეთქება მართალია უკვე კონტროლირებადია, მაგრამ ერთეული შემთხვევები მთელი ზაფხულის განმავლობაშია მოსალოდნელი.

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო მცირე დაგუბებულ წყალსატევებში ბავშვების ბანაობისას. ბავშვები უნდა მოვარიდოთ ასეთი წყლის ჩაყლაპვას და მკაცრად დავიცვათ ჰიგიენის წესები.

მოსალოდნელია მენინგოკოკური (ბაქტერიული)ერთეული შემთხვევებიც.

გარემოს ტემპერატურის მატების ფონზე იქმნება ხელსაყრელი პირობები ბევრი გადამდები დაავადების გავრცელებისათვის, მათ შორის მალარიის გამომწვევის განვითარების ციკლის დამთავრებისათვის კოღოს (ადამტანის) ორგანიზმში, ასევე ლეიშმანიოზის გადამტანის (ფლებოტომუსების) აქტიურობისათვის. ამის გამო ინფექციის წყაროს (რეზერვუარის) არსებობის პირობებში მოსალოდნელია მალარიის (ქვეყანაში შემოტანის შემთხვევაში) ერთეული და ლეიშმანიოზის რამდენიმე ათეული შემთხვევა. მალარიის დაბალი რისკია კახეთის და ქვემო ქართლის რაიონებში, ლეიშმანიოზის დაბალი და საშუალო რისკია იგივე რაიონებში და ქ. თბილისში (ლეიშმანიოზის რეზერვუარი ბუნებაში ავადმყოფი ძაღლებია). პროფილაქტიკისათვის აუცილებელია გადამტანებისაგან თავის დაცვა, განსაკუთრებით შებინდებისას, როდესაც გადამტანები მეტად აქტიური არიან (ფანჯრების აბადვა, გრძელსახელოებიანი ტანსაცმელი, რეპელენტების  (დამაფრთხობლები) წასმა სხეულის ღია ადგილებზე. მსგავსი წესები უნდა დავიცვათ ტკიპებისაგან თავის დასაცავად, დამატებით, ბუნებაში ყოფნისას სასურველია ვატაროთ წინდებში ჩატანებული შარვალი. ტკიპებს ბევრი საშიში დაავადება გადააქვთ, მათ შორის ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებაც, ამიტომ დაუშვებელია ცხოველებიდან ტკიპების მოშორება დაუცველი ხელებით.

ასევე გარემოს ტემპერატურის მატებასთან, მოსახლეობის ხშირ გასვლებთან ბუნებაში, საბანაოდ, პირადი ჰიგიენის წესების, საჭმლის მომზადებისა და შენახვის წესების დაუცველობასთან დაკავშირებულია ‘’საკვებითა და წყლით გადაცემადი’’ ინფექციების (შიგელოზისალმონელოზიდიარეით მიმდინარე სხვადასხვა ეტიოლოგიისდაავადებები).

ლეპტოსპიროზი შემთხვევების მოსალოდნელი მატება წინა თვეებთან შედარებით მოსალოდნელია ივლის-გვისტოში 30-40%ით. არაა გამორიცხული ეპიდაფეთქებებიც, როგორც საყოფაცხოვრებო (ოჯახური), ასევე (წყალსადენისა და კანალიზაციის თანმხვედრი დაზიანებებისას, წყლის წყვეტილად მიწოდების შემთხვევებში) ლოკალურად, სხვადასხვა დასახლებულ პუნქტებში. პროფილაქტიკის მიზნით აუცილებელია პირადი ჰიგიენის, საჭმლის მომზადების და შენახვის წესების ზედმიწევნით დაცვა, არაცენტრალიზებული წყალსადენების (რომლებიც არ იქლორება) და წყლის წყვეტილად მიწოდების შემთხვევაში სასმელად მხოლოდ გადადუღებული წყლის გამოყენება (განსაკუთრებით ბავშვებისათვის.)

ზაფხულის პერიოდში იზრდება რძისა და რძის პროდუქტების მოხმარება. გაითვალისწინეთ, რომ რძის მოხმარება თერმული დამუშავების (წამოდუღების) გარეშე დაუშვებელია.

ზაფხულში მატულობს სხვადასხვა ცხოველების (განსაკუთრებით ძაღლების) მიერ ადამიანთა დაკბენა-დაკაწვრა-დადორბვლის შემთხვევები. ცოფის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია საკუთრებაში მყოფი და მიკედლებული ცხოველების ცოფზე აცრა, მოხეტიალე ცხოველების პოპულაციის რეგულირება, დაზიანებისას ექიმ-რაბიოლოგთან მიმართვა ვაქცინაციის აუცილებლობის საკითხის გადასაწყვეტად.

ბალახის ხმობის პერიოდში (ჩვეულებრივ აგვისტოში) მატულობს ცხოველების ჯილეხით დაავადების ალბათობა და შესაბამისად ადამიანთა დასენიანების საფრთხეც. განსაკუთრებული რისკის ზონებია ქვემო ქართლი, გარე კახეთი, წყალტუბოს, სამტრედიისა და ზუგდიდის რაიონები. აუცილებელია შინაური ცხოველების დროული აცრა, ცხოველების დაკვლა ვეტერინარული მეთვალყურეობის ქვეშ, კატეგორიულად დაუშვებელია დაცემული ან/და ავადმყოფი ცხოველების დაკვლა-გატყავება. ჯილეხით დაავადების მაღალი რისკის ჯგუფი სწორედ ავადმყოფი ცხოველების დაკვლა-გატყავებაში მონაწილე პირებია.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი კორონავირუსის  (MERS-cov) ქვეყანაში შემოტანის რისკ დაბალია, სიფრთხილე მართებთ არაბეთის ნახევარკუნძულიდან ჩამოსულებს, სადაც დაავადება აღინიშნება, განსაკუთრებით მომლოცველებს უმრასა და ჰაჯის დროს. გრიპის სიმპტომებისას უნდა გაიკეთონ ნიღაბი და მიმართონ სამედიცინო სამსახურებს, მათმა ახლობლებმა კი ხშირად დაიბანონ ხელები.

ხელების ხშირი დაბანა დაგვიცავს მრავალი დაავადებისგან 

ზაფხულის ბოლოსთვის, ბავშვების სასკოლოდ მოსამზადებლად, აუცილებელია მათი აცრის სტატუსის კიდევ ერთხელ გადამოწმება და ასაკობრივად გამორჩენილი აცრების სკოლაში შეყვანამდე ჩატარება.

წლის თბილ პერიოდებში, მარტის ბოლოდან ოქტომბრის ბოლომდე მოსახლეობისთის გარკვეულ ხიფათს წარმოადგენენ საქართველოში გავრცელებული შხამიანი გველები (გველგესლები), რომელთაგან ყველაზე შხამიანია გიურზა.  ის ბინადრობს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე: შირაქში, გარეჯის უდაბნოში, თბილისისა და რუსთავის მიდამოებში. გიურზა სანადიროდ უმთავრესად ღამით გამოდის, მაგრამ გაზაფხულზე დღისითაც შეიძლება შეგვხვდეს. გიურზას შხამი მომაკვდინებელია.  დაგესვლის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა:

  • ადამიანმა ჩაიცვას მაღალი ჩექმა ან მაღალყელიანი ფეხსაცმელი და ე.წ. დამცავი შარვალი;
  • ბალახიან ადგილებში სიარულისას თან იქონიოს გრძელი ჯოხი, ასევე თავი უნდა მოარიდოს თივის ზვინებთან, მინდორში, ტყეში და ქვიან ადგილებში ყოფნას ჩექმისა და დამცავი შარვლის გარეშე;
  • ეზოები და სახლის მიმდებარე ტერიტორიები მუდმივად იქონიეთ ბალახისგან გასუფთავებული (გათიბული);
  • გველისგან დაკბენის შემთხვევაში ნაკბენის ადგილზე ხელით აიღეთ კანი ფართოდ, ნაოჭებით და ხელის მოძრობით “გამოწველეთ” კანი;
  • ჭრილობა “პირს დააღებს” და დაიწყებს გამოსვლას სისხლნარევი სითხე – ლიმფა, ნაკბენი ადგილი სპირტით ან იოდით;
  • მოახდინეთ კიდურის იმობილიზაცია: დააფიქსირეთ ნაკბენი კიდური არტაშანის მსგავსი სახელდახელო საშუალებით (ხის ტოტი, ღობის ფიცარი და სხვ) ორი სახსარის დონეზე და ავადმყოფი სასწრაფოდ მიიყვანეთ უახლოეს საავადმყოფოში, სადაც ჩაუტარდება ადექვატური მკურნალობა.

წყარო: www.ncdc.ge

Share.

Comments are closed.