ელგუჯა ხოკრიშვილი შვეიცარიის დელგაციას შეხვდა

0

53a2effb0cf2f176b8222f1aსაქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ელგუჯა ხოკრიშვილი, მინისტრის მოადგილეები – თენგიზ შერგელაშვილი და თეიმურაზ მურღულია დღეს საქართველოში შვეიცარიის ელჩს, შვეიცარიის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს, შვეიცარიის ეკონომიკის სამინისტროს, საქართველო-შვეიცარიას შორის ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების სამმართველოს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

საუბარი შეეხო პროექტებს, რომელსაც შვეიცარია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს.

შვეიცარიისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოები გაეროს თანამშრომლობის შესახებ პროექტის ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროთან სამი მიმართულებით მუშაობენ. ესენია: კანონმდებლობის დახვეწა, რეფორმების განხორციელება, სამინისტროს გაძლიერება; რეგიონების განვითარება და სამოქმედო გეგმების შემუშავება; ადგილობრივი მოხელეების სწავლება და გადამზადება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი იყო ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე, როგორც კერძო სექტორის, ისე – ინსტიტუტების კუთხით. მხარეები, ასევე, შეეხნენ მიმდინარე თვითმმართველობის არჩევნებს.

„ეს არის ბოლო წლებში ყველაზე დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარებული არჩევნები, რასაც მეორე ტურის დანიშვნაც ცხადჰყოფს“, – განაცხადა ელგუჯა ხოკრიშვილმა, – „ამ არჩევნებმა დაადასტურა, რომ, ქვეყნის მასშტაბით, მოსახლეობა სრულიად  უჭერს მხარს ახალი ხელისუფლების კურსს“.

შვეიცარიის მხარემ საქართველოს მიულოცა თვითმმართველობის არჩევენების სამართლიანად ჩატარება და გამოხატა სურვილი, დაეხმაროს ქვეყანას ახალი თვითმმართველობების ინსტიტუციურ განვითარებაში.

„თვითმმართველობის ეს არჩევნები იყო ძალიან წარმატებული,“ – განაცხადა გიუნტერ ბეხლერმა, – „ჩვენ ვაკვირდებოდით პროცესს სხვადსხვა რეგიონში, ამდენად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო მაღალი დემოკრატიულობის მაჩვენებელი არჩევნები. ჩვენ ვხედავთ მეტ დეცენტრალიზაციას, მეტ პოლიტიკურ პლურალიზმს, რაც ეკონომიკისა და სოციალური განვითარებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია“.

საქართველოსა და შვეიცარიას შორის უკვე ხელმოწერილია ადგილობივი სპეციალისტების სწავლების პროგრამა, რომელსაც შვეიცარია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის, მსოფლიო ბანკთან ერთად განახორციელებს.

 

Share.

Comments are closed.