დავით მელაშვილი – „ბოლო 6-7 წლის განმავლობაში ძალიან ინტენსიურად ხდება კარიერული და ნაყარს ქვემოდან გამოსული მჟავე წყლების გადამუშავება და განეიტრალება”

0

10449207_10203985415977439_1936699081_oსაწარმოში ერთი წვეთი წყალიც კი არ იკარგება  

რამდენიმე დღის წინ კომპანია RMG-ის შვედური კომპანია Höganäs-ისწარმომადგენლები სტუმრობდნენ. თუ რა იყო მათი  სტუმრობის მიზეზი და რა პარტნიორული ურთიერთობა არსებობს ორ კომპანიას შორის,  ამის შესახებ საწარმოს კარიერული მჟავე წყლების გადამუშავების კოორდინატორი  დავით მელაშვილი გვესაუბრა.

 ბატონო დავით, რა კომპანიაა ეს და რა სახის ურთიერთობა აქვს RMG-ის  მასთან?

– ეს გახლავთ  შვედური კომპანია Höganäs, რომელიც ჩვენს საწარმოს წლების მანძილზე უწევს საუკეთესო პარტნიორობას და აწვდის ისეთ პროდუქციას, როგორიცაა   აქტივირებული რკინის ფხვნილი. ეს კი  მჟავე წყლების გასანეიტრალებლად მნიშვნელოვან ნივთიერებას წარმოადგენს. როგორც სკანდინავიელებს სჩვევიათ, ისინი მუდმივად ამოწმებენ თავიანთ თავს, რომ არ იყოს რაიმე შეფერხება, არ გამოეპაროთ პროდუქციის  ცუდი ხარისხი და სწორედ ამიტომ იყო მათი ვიზიტი დაგეგმილი საქართველოში. ჩვენთან სტუმრად იყვნენ კომპანიის სამხრეთ ევროპის დირექტორი და კომპანიის წარმომადგენელი ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში.

შეგიძლიათ,  უფრო ვრცლად გვითხრათ,  რა არის ე.წ. მჟავე წყლები და როგორ ხდება მისი განეიტრალება?

–  RMG ისეთი საწარმოა, რომ აქ არ ხდება რაიმე სახის გამონაბოლქვი, არ ხდება ქვანახშირის დაწვა და არც რაიმე სახის ქიმიური წარმოება არ მიმდინარეობს. თვითონ მადნის გამდიდრება ხდება ფლოტაციის მეთოდით. მთავარი ეკოლოგიური პრობლემა მადნეულისათვის წლების წინ იყო მჟავე წყლები, მადანგამოვლილი წყლები, რომლებიც ბუნებრივადაც  გამოედინებოდა ისტორიულ წარსულში და შემდეგ უკვე კარიერის გახსნამ ამ წყლების ინტენსიფიკაცია გაზარდა. ვიცით, რომ აქ, ადგილზე გამოდიოდა წყლები, რომლებსაც, როგორც ადგილობრივი უხუცესი მოსახლეობა გვეუბნება, საქონელი არ სვამდა. ამას ეძახიან ე.წ. გეოქიმიურ ანომალიას. ეს თავისთავად უკვე არის საბადოს მოძებნის ერთ-ერთი ნიშანი, რომ შენ მიადგები ისეთ ადგილს, სადაც აღმოჩნდება, რომ წყალში, ნიადაგსა თუ  მცენარეებში უფრო მეტია იმ ელემენტების შემცველობა, ვიდრე გარშემო ფონშია და ამით აღმოაჩენ საბადოს, რომელიც მიწის ქვეშაა. ერთი სიტყვით, წლების მანძილზე ამ მჟავე წყლების გადამუშავების პრობლემა იდგა. 80-იანი წლების შუა ხანებში ამ წყლებთან დაკავშირებით დაიწყო პირველი საცდელი ექსპერიმენტების ჩატარება, ხოლო ბოლო 6-7 წლის განმავლობაში ძალიან ინტენსიურად ხდება კარიერული და ნაყარს ქვემოდან გამოსული მჟავე წყლების გადამუშავება და განეიტრალება.

რამდენად მნიშვნელოვანია აქტივირებული რკინის ფხვნილი ამ პროცესებისთვის და როგორია შედეგი?

-პირველი ეტაპი არის მჟავე წყლებიდან სპილენძის მოშორება, რა დროსაც მიიღება სასაქონლო პროდუქციაც. იმის გამო, რომ მასში ყველაზე მეტად ტოქსიკური და აგრესიული სპილენძი და სპილენძის იონებია, მათი მოცილებით  უკვე ერთი სასარგებლო საქმე კეთდება. ამ წყლების გავლა ხდება ე.წ. რეაქტორებში, სადაც გამოიყენება სპილენძის იონების მოსაშორებლად აქტივირებული რკინის ფხვნილი. როგორც უკვე აღვნიშნე, ამ პროდუქციას გვაწვდის კომპანია Höganäs. რეაქტორების გავლის შემდეგ სპილენძის მოშორების შედეგად ხდება ამ მჟავე წყლების მჟავიანობის დაკლება, ანუ ტუტიანობისაკენ გადანაცვლება. წყალი უერთდება ფაბრიკის პულპას, სადაც კირიანობა და ტუტიანობა უკვე ძალიან მაღალია. მათ შორის მიმდინარეობს ნეიტრალიზაცია და შემდეგ პულპასთან ერთად ამ წყლების  გადატუმბვა ხდება  კუდსაცავზე, რომელიც თავისთავად უკვე ტუტე გარემოა. მჟავესა და ტუტეს შერევა კი გვაძლევს ნეიტრალიზაციის რეაქციას.  კუდსაცავზე წყლის დასუფთავება დაწმენდის შედეგად (ამ დროს ხსნადი მარილები გადადის ე.წ. ჰიდროჟანგულ მარილებში, რომლებიც უკვე წყალში აღარ იხსნება- ილექება კუდსაცავზე) გასუფთავებული წყალი უკან მოეწოდება ფაბრიკას, როგორც ტექნიკური წყალი.

–         ანუ ეს არის ციკლური მოძრაობა?

–         დიახ, ეს არის ციკლური მოძრაობა, სადაც ერთი წვეთი წყალიც კი არ იკარგება. მჟავე წყლები აღარ ხვდება გარემოში და ამის დიდი დასტურია ის, რომ მდინარე მაშავერაში აღდგა ფლორა და ფაუნა.

წყარო: კომპანია RMG-ის  საინფორმაციო გამოცემა „სიახლეები”

მასალა იბეჭდება უცვლელად.


Share.

Comments are closed.