არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ბოლნისელ ამომრჩეველს შეხვდნენ

0

კახა კუკავას პარტია ბოლნისი1არასაპარლამენტო ოპოზიციის (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე) საარჩევნო ბლოკის წარმომადგენლები, ბოლნისის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატთან ერთად მოსახლეობას შეხვდნენ. ამომრჩეველთან შეხვედრა ბოლნისის ბაზარში შედგა, ბლოკის წევრებმა შეკრებილებს საარჩევნო პროგრამა გააცნეს და მათგან მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემები მოისმინეს. მოსახლეობამ შეუსრულებელ დაპირებებზე გაამახვილა ყურადღება, მთავარ პრობლემად კი უმუშევრობა და წყლის მაღალი გადასახადი დაასახელა. მანანა ნაჭყებიამ და ფიქრია ჩიხრაძემ  ბოლნისელებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდეს.  „აირჩიე ცვლილებები“ – ამ სლოგანით დაიწყეს ამომრჩევლისთვის საარჩევნო პროგრამის გაცნობა არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა.

მანანა ნაჭყებია, არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრი:

–        დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ცრუობს ოპოზიცია, როდესაც საუბრობს ქვეყანაში შექმნილ სირთულეებზე, მე ვურჩევდი მთავრობის წარმომადგენლებს, ჩამოვიდნენ რეგიონებში, რეალურად დაინახონ და მოსახლეობისგან გაიგონ შეიცვალა თუ არა მათი მდგომარეობა. სამწუხაროდ ხალხს ისევ ძალიან უჭირს, ადამიანებს მძიმე შრომა უწევთ ლუკმა-პურის საშოვნელად და ამ ფონზე სახელფასო განაკვეთებისა და პრემიების ზრდა არაადეკვატურია. ხელისუფლებას მოვუწოდებ გამოვიდეს ხალხში და რეალურად შეაფასოს საქართველოში არსებული მდგომარეობა.

ფიქრია ჩიხრაძე, არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრი:

–        საზოგადოებაში ნიჰილიზმია, თუმცა მინდა ყველას მოვუწოდო ხელს ნუ ჩაიქნევენ. ძალიან მნიშვნელოვანია მათი მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ხელისუფლება ხალხის იმედგაცრუებას არჩევნებზე იგრძნობს. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო აუცილებელია იყოს მრავალპარტიული. სათავეში მოსულ ხელისუფლებას არ უნდა ეგონოს მისი სიტყვა გადამწყვეტი, ეს გზა უკვე გავიარეთ და არ გაამართლა. 1 ოქტომბერს ჩვენ შევცვალეთ ხელისუფლება, მაგრამ უცვლელი დარჩა სისტემა, სწორედ ამის შეცვლა უნდა მოხდეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებით. ხელისუფლების ვალია მოაგვაროს ის პრობლემები, რაც ხალხს აწუხებს.

კახა კუკავა ბოლნისსი2

Share.

Comments are closed.