ანსამბლ „ბოლნელმა“ საანგარიშო კონცერტი გამართა

0

9 (1)ქართული სულისკვეთებით გამსჭვალული ღონისძიება ფრიდონ სულაბერიძის სახელობის ბოლნისის სახალხო სკოლა-სტუდია „ბოლნელისა“ და იოანე ბოლნელის სახელობის ბოლნისის სასულიერო გიმნაზიის ერთობლივი ძალებით მოეწყო.“ეს იყო ქართული სულის, ფოლკლორის, ქორეოგრაფიის ზეიმი. ეს იყო ამაღლებული წუთები ჩვენს ცხოვრებაში, ქართული ფესვების მოფერება“. ასეთ შეფასებებს აკეთებდა დამსწრე საზოგადოება ღონისძიების დასასრულს. „ამ ბრწყინვალე სპექტაკლის შემყურე შეუძლებელი იყო ცრემლების შეკავება“, განაცხადა ქორეოგრაფმა ფრიდონ სულაბერიძემ.

ანსამბლ „ბოლნელის“ მე-5 თაობის აღსაზრდელების საანგარიშო კონცერტი ორ საათს გაგრძელდა, რომელშიც საკუთარი წვლილი შეიტანეს ბოლნისის სასულიერო გიმნაზიის ბავშვებმა. ისინი არაჩვეულებრივი სპექტაკლითა და რამდენიმე მუსიკალური ნომრით წარსდგნენ მაყურებლის წინაშე.

კონცერტის მსვლელობას თვალყურს ადევნებდნენ მოწვეული სტუმრები: ქორეოგრაფები ფრიდონ სულაბერიძე, ომარ მხეიძე, თამაზ გოგოტიშვილი, საქართველოს ქორეოგრაფიულ მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარე რევაზ ჭანიშვილი, ჩოხოსან რაინდთა დასის ხელმძღვანელი გოგი დოლიძე, ბოლნელი ეპისკოპოსი მეუფე ეფრემი, პარლამენტარი დარეჯან ჩხეტიანი, კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები და ბოლნისის საზოგადოება.

ღონისძიების დასასრულს მეუფე ეფრემმა ანსამბლის ახალი თაობა დალოცა და წარმატებები უსურვა.

ბოლნელი ეპისკოპოსი მეუფე ეფრემი:

– დღეს დიდი დღესასწაულია, დიდი სიხარულია ბოლნისში. ანსამბლმა „ბოლნელმა“ და სასულიერო სკოლამ ულამაზესი წუთები გვაჩუქეს, ერთობლივად  დიდებული წარმოდგენა შემოგვთავაზეს. ეს იყო ქართული ფესვების მოფერება. სწორედ ასეთი სულისკვეთებით უნდა იზრდებოდეს ჩვენი მომავალი თაობა,  განსაკუთრებით  სჭირდება ბოლნისს – ქრისტიანობა და ქართველობა, რამაც უნდა გადაარჩინოს,  გააძლიეროს ბოლნისი და სრულიად საქართველო. მე ვულოცავ ამ ანსამბლს დღევანდელ დღეს და  მჯერა, რომ ისინი კიდევ უფრო ფართო მასშტაბით ასახელებენ საქართველოს.

დარეჯან ჩხეტიანი, პარლამენტარი:

– დიდი ბედნიერებაა, რომ ვარ მომსწრე ამ ლამაზი ზეიმისა. ბატონმა კობამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, თუ როგორი პატრიოტი, ხელოვანი და ნიჭიერი ადამიანია. იგი ბავშვებს არა მარტო ქართულ ცეკვას, არამედ ტრადიციებს, სამშობლოს სიყვარულს, წესიერებას, ისტორიას ასწავლის.

ფრიდონ სულაბერიძე, ქორეოგრაფი:

– ამაღლებული, საოცარი სპექტაკლი ვნახე. რამდენჯერაც აქ ჩამოვედი, ყოველთვის უფრო და უფრო მეტი სიახლე დამხვდა. უფრო და უფრო საოცარი ქართული სულია ჩაქსოვილი ანსამბლში. დიდ წარმატებებს ვუსურვებ მათ. ჩვენ გვინდა, რომ „ბოლნელს“ მიენიჭოს სახელმწიფო ანსამბლის სტატუსი, რადგან ამ ბავშვების უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება. საოცარი საყურებელია მათი ცეკვა, მათი ქართველობა. ცრემლები ვერ შევიკავე, ისეთი ამაღელვებელი იყო დღევანდელი დღე.

ომარ მხეიძე, ქორეოგრაფი:

– დღევანდელი საღამო ეს არის ქართული გენის ამოფრქვევა. ეს არის ის განძი, რომელიც ემსახურება ჩვენს ერს, რომელსაც ისეთი ძლიერი ფესვები აქვს, რომ ვერავინ ამოძირკვავს. ამიტომ, „ქართული გენი როკვით განფენილი“, ისე ვერ იცეკვებს სხვა ერი,  რასა არ ეყოფა. იმიტომ რომ, ეს არის დამცავი მექანიზმი ერის თვითმყოფადობის და ჩვენი სულიერი საზრდო. ეს არის სავიზიტო ბარათი საზღვრებს გარეთ. დე, ნახონ რას ნიშნავს  ქართული ჯიში და ქართული გენი. დიდი მადლობა ამ ზეიმისთვის ყველას.

გოგი მეშველიანი:

– ეს იყო ერთ-ერთი ამაღელვებელი ღონისძიება, რომელსაც მე დავსწრებივარ. „ბოლნელი“ არის ბრწყინვალე ანსამბლი, რომელსაც ჰყავს პროფესიონალი ხელმძღვანელი.  შემიძლია გულწრფელად გითხრათ,  ვარ ამაყი და ბედნიერი, რომ ბოლნისში არსებობს ასეთი ანსამბლი. მნიშვნელოვანი ელემენტია ქართული სულის შენარჩუნება ქვ. ქართლის რეგიონში. ჩვენი მხრიდან ამ კუთხით იქნება ყველანაირი ხელშეწყობა. რაც შეეხება ანსამბლის სტატუსს, რომ ის გახდეს მუნიციპალური, ეს არის ნაწილი იმ დახმარებისა, რაც შეგვიძლია  გავაკეთოთ. ჩვენი სურვილია  ისინი იყვნენ წარმოჩენილნი როგორც სრულიად საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

 კობა ჟღენტი, ანსამბლ „ბოლნელის“ დამფუძნებელი:

– ქალაქ ბოლნისის ფრიდონ სულაბერიძის სახელობის სახალხო სკოლა-სტუდია „ბოლნელი“ თავისი მოღვაწეობის მანძილზე ყოველწლიურად საზოგადოების წინაშე წარსდგება ხოლმე საანგარიშო კონცერტით. დღეს  ანსამბლის მეხუთე თაობის ერთგვარი პრეზენტაციაცაა. ამ ბავშვებმა რამდენიმე თვის წინ პირველად მიიღეს მონაწილეობა ქვ.ქართლის ფესტივალზე, რაც მათი  ნათლობა იყო დიდ სცენაზე. დღეს ბოლნისელი მაყურებლის გარდა, მათ გამოსვლას თვალყურს ადევნებენ საპატიო სტუმრები საქართველოს ქორეოგრაფიულ მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარე ბატონი რევაზ ჭანიშვილი, ქორეოგრაფი ომარ მხეიძე, ფრიდონ სულაბერიძე, რომლის სახელსაც ატარებს  ანსამბლი და სწორედ მისი მეთვალყურეობის ქვეშ მოღვაწეობს „ბოლნელი“, რაც დიდი პატივია ჩვენთვის. აქ ასევე იმყოფება დიდი ქორეოგრაფი თამაზ გოგოტიშვილი, ჩოხოსან რაინდთა დასის ხელმძღვანელი გოგი დოლიძე, ასევე ტრადიციულად ყველა ჩვენს კონცერტზე იმყოფება ბოლნელი ეპისკოპოსი მეუფე ეფრემი. ამ ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი შტრიხია ისიც, რომ  მეუფე დალოცავს ანსამბლის ახალ თაობას. ასევე, როგორც იცით სულ რამოდენიმე კვირის წინ იყო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და მე ბედნიერი ვარ, რომ დღეს ჩვენთან ერთად იმყოფება მუნიციპალიტეტის ახალი გამგებელი, რომელიც რამდენიმე დღეში შეუდგება  საპასუხისმგებლო საქმიანობას.  მინდა ვისარგებლო თქვენი გაზეთით,  მივულოცო მას ეს გამარჯვება და ვუსურვო წარმატებები. ასევე   ყველა ბავშვს, ყველა მშობელს ვულოცავ დღევანდელ დღეს.  მინდა აღვნიშნო, რომ ამ ღონისძიებაში საკუთარი წვლილი შეიტანა ბოლნისის სასულიერო გიმნაზიამ. ჩვენ  ვთანამშრომლობთ შემოქმედებითი კუთხით და ამიტომ გადავწყვიტეთ ჩაგვერთო „ბოლნელის“ საანგარიშო კონცერტში გიმნაზიის მოსწავლეები. ვფიქრობ გაამართლა  ჩანაფიქრმა და საზოგადოება კმაყოფილი დარჩა.

ნინო კარგარეთელი

1 3 (2) 5 (2) 7 (1) 10 (1) 12 (1) 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40

 


Share.

Comments are closed.