“ყოჩები” წინ მიიწევს!

0

kochebi_1-cr-300x200ჩვენმა კლუბმა ქუთაისის “აიას” პირველ წრეში მიყენებული წყენა არ აპატია და ერთი თვის თავზე ზედიზედ მეორედ დაამარცხა, თანაც ახლა უფრო მნიშვნელოვან დაპირისპირებაში და უფრო დამაჯერებლად.
დიახ, “შევარდენზე” ბოლნისის “ყოჩები” მეტოქეს საათის განმავლობაში ყველაფერში სჯობდა, მეორე ტაიმის საწყის 20 წუთში კი, მეტოქეს ისიც აჩვენა, რომ დაცვაში თამაშიც არ ეშლებოდა და რომ არა ერთმანეთს მიბმული შეცდომები, დიდი ალბათობით, “აია” მშრალზე დამარცხდებოდა. ეს იყო დღეს, როდესაც თემურ სოხაძეს დარტყმები არ წაუვიდა, მაგრამ კაპიტანს მხარში მთელი გუნდი ამოუდგა, მეტოქეს როგორც მონდომებით, ასევე ტაქტიკურად აჯობა და ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობა ანგარიშში ასახა.
პირველ ტაიმში ქარი “ყოჩების” სასარგებლოდ უბერავდა და გუნდიც მის გამოყენებას ეცადა. მხოლოდ მე-2-ე წუთი მიდიოდა, როდესაც ბოლნისელებს ანგარიშის გახსნის საშუალება მიეცათ. მანამდე სოხაძემ ტაქტიკურად ზუსტი დარტყმა განახორციელა, ამას მეტოქის ჩათვლის მოედნიდან 10 მეტრში ქუთაისელთა დერეფნის მოგება მოყვა, მოლით და მოკლე დარტყმებით მოგებული 5 მეტრის შემდეგ, სოხაძე ორ მცველს შორის შევიდა და გიორგი ხარშილაძეს უპასა, მაგრამ მან ბურთი ვერ შეიმაგრა და ქუთაისური გუნდი ასპროცენტიან ლელოს გადარჩა.
მალე სოხაძემ კარის გასწვრივ 45 მეტრიდან ჯარიმა დაარტყა, მაგრამ ქარმა მას ხელი შეუშალა. “აიამ” თამაში განაახლა და შავლეგ მახარაშვილმა 50 მეტრიდან არეკნი სცადა, შემდეგი განახლებისას კი, სოხაძემ უკვე თითქმის 60 მეტრიდან სცადა არეკნის გატანა,მაგრამ მიზანმა უდნავ უმტყუნა. ასეთმა გადაწყვეტილებამ ქუთაისელები აიძულა, რომ შემდგომში დარტყმები უფრო ახლოს, საბრძოლოდ განეხორციელებინა და ამ ტაქტიკურმა გადაწყვეტილებამ აშკარად გაამართლა. მე-10-ე წუთზე სოხაძეს ჯარიმა 55 მეტრიდან გაუფუჭდა, ხოლო ერთ წუთში მისი მორიგი არეკნი კვლავ არაზუსტი აღმოჩნდა.
ამასობაში მე-16-ე წუთი მოვიდა, “ყოჩებმა” მოლით შეუტია და გუნდის კაპიტანმაც 22-ის ხაზიდან ჯარიმა ზუსტად შეასრულა. ქუთაისელებმა ამის შემდეგღა მოახერხეს ცენტრალური ხაზის გადაკვეთა და 35 მეტრიდან ჯარიმით წონასწორობის აღდგენაც შეეძლოთ, მაგრამ ახლა მათი დარტყმა იყო არაზუსტი. ამას ფეხით თამაში მოყვა, რომლითაც ბოლნისელებმა უფრო იხეირეს, რადგან საკუთარი ნახევრიდან სოხაძემ ბურთი მარცხენა ალამთან გადაიტანა, 5-მეტრა მოლს რამდენიმე მოკლე დარტყმა მოყვა და ბაჩანა გოგიშვილმა ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში დაამიწა, ხოლო სოხაძემ გარდასახვით ანგარიში 10:0 გახადა.
თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ ორიდე წუთში სამმაგ შეცდომას “აიას” ლელო მოყვა. ლუკა კვარაცხელიას ფეხით გადაკიდებული ბურთის აღება დაუგვინდა და სოხაძეს რომ უპასა, წნეხის ქვეშ მისი შემაგრება ვერც კაპიტანმა მოახერხა, შედეგად, მეტოქემ დაულეგებელი დაცვის ხაზი გადაკვეთა და ლელო გაიტანა, ხოლო გარდასახვით ჩამორჩენა კიდევ უფრო შეამცირა. “ყოჩების” სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ამან მათ თამაშზე არ იმოქმედა და სოხაძემ მარცხნივ 30 მეტრიდან ჯარიმით უპირატესობა გაზარდა. მალე კვარაცხელიამ გადაკიდა ფეხით, მეტოქე შეავიწროვა და საკუთარ გუნდს 5-მეტრა შერკინება მოუტანა. აქ მეტოქე დაჯარიმდა, მაგრამ დარტყმა არაზუსტი იყო, ხოლო ტაიმის ბოლოს ხელდახელ კარგად გათამაშებული იერიში, წინ თამაშის გამო ჩაიშალა.
მეორე ტაიმში ქარი “აიას” სასარგებლოდ უბერავდა და სათამაშო უპირატესობა მათ ხელში გადავიდა. საწყის 20 წუთში მათ ლელოს გატანის შანსიც მიეცათ, მაგრამ ბოლნისელებმა თავგანწირული დაცვა ითამაშეს და მეტოქეს დაღლა რომ დაეტყო, ახლა უკვე მათ დაიბრუნეს უპირატესობა. აღსანიშნავია, რომ “ყოჩები” ხელდახელ თამაშით ცდილობდა უპირატესობის მოპოვებას და ასე იგებდა მეტრებს. მერე მარცხენა ლევან გოგოლაშვილმა ითამაშა ფეხით, ბურთ დავით ხიდეშელი მიყვა და იერიში ფეხით გააგრძელა, მაგრამ მცველმა დამიწება დაასწრო.
ამას “ყოჩების” შერკინება მოყვა და სოხაძემ 22-ის ხაზიდან არეკნი სცადა, მაგრამ თამაშიდან მიზანი ვერც ამჯერად გაისწორა. სამაგიეროდ, ქუთაისელებმა ბურთი თამაშში რომ შეიყვანეს, სოხაძე თავისი ნახევრიდან დაიძრა, ოთხ მეტოქეს გაცდა და მათი ხაზი მოარღვია, იერიში იერიში რატი გარუჩავამ გააგრძელა და ცოტა რომ იარა ბურთს ფეხი წაკრა, მას ხარშილაძე მიყვა, ფეხით ერთხელაც ითამაშა და ლელოთი “აიას” საქმე მოუმთავრა, ხოლო სოხაძემ გარდასახვით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 20:7.
ამრიგად, “ყოჩები” შემდეგ ეტაპზე გავიდა და იქ 10-11 მაისს “ლოკომოტივს” ეთამაშება, რომელმაც “ავჭალაზე” “ჯიქებს” ვერ აჯობა. თამაში ფრედ 19:19 დასრულდა და რკინიგზელებმა წონასწორობა 78-ე წუთზე ჯარიმით აღადგინეს. შედეგად, საქმეში დაბულება ჩაერთო და რადგან “ლოკომოტივს” ორი ლელო ჰქონდა გატანილი, ხოლო “ჯიქებს” ერთი, შემდეგ ეტაპზე ის გავიდა. ახლა “ყოჩებმა” რკინიგზელთა ძლევით მცირე ფინალში თამაშის უფლება უნდა მოიპოვოს, სადაც მისი მეტოქე “არმია”-“ლელოს” წყვილს შორის დამარცხებული იქნება.

საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატი
3 მაისი. პლეი ოფი. პირველი ეტაპი
თბილისი. “შევარდენი”. 500 მაყურებელი
ყოჩები (ბოლნისი) – აია (ქუთაისი) 20:7 (13:7)
ყოჩები: 15. კვარაცხელია (ხუციშვილი 79), 14. გეგენავა, 13. ხარშილაძე (აბდუშელიშვილი 79), 12. გარუჩავა, 11. გოგოლაშვილი, 10. სოხაძე, 9. შ. მახარაშვილი (ბეგაძე 75); 1. გოგიშვილი (შენგელია 53), 2. ხიდეშელი, 3. ხოსიტაშვილი (ჯინჭარაძე 66), 4. ურუშაძე, 5. გრძელიშვილი (ტვილდიანი 74), 6. გუგეშაშვილი (ხვისტანი 76), 7. ტყეშელიაძე (მაისურაძე 80), 8. ნ. ჩხიკვაძე.
2 ლელო: გოგიშვილი, ხარშილაძე
2 გარდასახვა: სოხაძე
2 ჯარიმა: სოხაძე
აია: 15. ძნელაძე, 14. აბრამიძე, 13. ფრუიძე, 12. ირემაძე (სინაურიძე 75), 11. კვერნაძე, 10. ჯინჭველაშვილი (ბაბუნაშვილი 50), 9. როხვაძე (თ. თუთბერიძე 75); 1. რატიაშვილი (ლომსიანიძე 74), 2. მატკავა (სალდაძე 65), 3. ტ. ჩხიკვაძე (ულუმბელაშვილი 41), 4. შალამბერიძე (გიორგაძე 74), 5. ჩიტეიშვილი (ჯავახია 63), 6. რევიშვილი, 7. დანგაძე, 8. ყურაშვილი.
1 ლელო: ყურაშვილი
1 გარდასახვა: ჯინჭველაშვილი

თბილისი. “ავჭალა”. 1000 მაყურებელი
ლოკომოტივი (თბილისი) – ჯიქები (თბილისი) 19:19 (11:3)
(ლელოებით 2:1 შემდეგ ეტაპზე გავიდა “ლოკომოტივი)
ლოკომოტივი: 15. წიკლაური, 14. გ. ბიწაძე, 13. ქავთარაძე, 12. კავთიძე, 11. ჩიტიძე, 10. გო. ჭინჭარაული, 9. ზაბახიძე; 1. დ. გასვიანი (თავბერიძე 80+), 2. გენებაშვილი, 3. მაღალდაძე (ზარიძე 51), 4. ხულუაშვილი, 5. გეგია, 6. ფოფხაძე, 7. ბერიშვილი, 8. კიკვიძე (ტალახაძე 34).
2 ლელო: წიკლაური, გეგია
3 ჯარიმა: წიკლაური
ჯიქები: 15. კიკნაძე, 14. ნ. ბიწაძე, 13. ბერძული, 12. დევსურაშვილი, 11. ხარაზიშვილი, 10. კალანდაძე (სვანიძე’უმც. 79), 9. გი. ჭინჭარაული; 1. ხატიაშვილი (ოქრომელიძე 67), 2. მამრიკიშვილი, 3. ოქრიაშვილი, 4. მჭედლიშვილი, 5. შენგელია, 6. მოგელაშვილი, 7. ტუჩაშვილი (ტრაპაიძე 51), 8. სუხაშვილი.
1 ლელო: დევსურაშვილი
1 გარდასახვა: ხარაზიშვილი
4 ჯარიმა: ხარაზიშვილი
1 სინბინი: სუხაშვილი

10-11 მაისი. პლეი ოფი. მეორე ეტაპი
ლოკომოტივი (თბილისი) – ყოჩები (ბოლნისი)
არმია (თბილისი) – ლელო (თბილისი)

Share.

Leave A Reply