,,ქართულმა ოცნებამ’’ ამომრჩეველს გამგებლობის კანდიდატი წარუდგინა

0

წარდგინება2დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში კოალიცია „ქართული ოცნების “ გამგებლობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა მოხდა. ბოლნისის გამგებლობის კანდიდატად გოგი მეშველიანი, პარლამენტის წევრმა, თამაზ აბდალიანმა წარადგინა. გამგებლობის კანდიდატმა კი თავის მხრივ, მუნიციპალიტეტის 14 ტერიტორიული ორგანოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები გააცნო საზოგადოებას. მეშველიანმა დარბაზში შეკრებილ ბოლნისელებს წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და პრობლემების შეძლებისდაგვარად მოგვარებას დაჰპირდა.
კანდიდატის წარდგენას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი გოგლა ჟვანია, მსახიობი ზურაბ ცუცქირიძე და ბოლნისელებისთვის გამორჩეულად საამაყო ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი.
გოგლა ჟვანია, პარლამენტარი:
_ დღეს ღირსეული გუნდი წარვუდგინეთ ბოლნისს და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ადამიანები თითოეული ბოლნისელის იმედს გაამართლებენ. გამოვარჩევ გოგი მეშველიანს და ვიტყვი, რომ ეს ის ადამიანია ვინც კარგად იცის თავისი ქალაქის ტკივილი და კარგად ესმის მისი ხალხის. ამიტომ, გოგი მეშველიანი ღირსეულად გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას.
გოგი მეშველიანი, კოალიცია ,,ქართული ოცნების’’გამგებლობის კანდიდატი:
_ მე კარგად ვიცნობ ჩემს რაიონს და თითოეული ადამიანის გულისტკივილს მივიტან გულთან და გავიზიარებ. გვერდში დავუდგები ყველას ვისაც დახმარება სჭირდება.
თამაზ აბდალიანი, პარლამენტის წევრი:
_ მე დღეს წარვადგინე ბოლნისელი პროფესიით ეკონომისტი გოგი მეშველიანი, რომელიც კარგად ერკვევა თავის საქმეში და დამეთანხმებით, რომ ეკონომიკური წინსვლა მთავარი ამოცანაა ქვეყნისათვის. მე მჯერა, რომ ისეთ პირობებს შექმნის ბოლნისში ახალი გამგებელი, რომ ხალხიც ამოისუნთქებს და ბიზნესიც განვითარდება.
ნუკრი ანდრიაძე, კოალიცია ,,ქართული ოცნების’’ ბოლნისის შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი:
_ ჩემი საარჩევნო მესიჯია, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში. გოგი მეშველიანს არ ეყოლება კონკურენტი, რადგან ის მთელ ბოლნისს უყვარს. ასევე მჯერა, რომ გაიმარჯვებენ ის მაჟორიტარები, რომლებიც თემებში გვყავს წარდგენილი. წარმატებებს ვუსურვებ ყველას.
მიშა ყაველაშვილი:
_ გოგი ჩემი ბავშვობის მეგობარია და ძალიან გახარებული ვარ მისი წარმატებით. ის საკმაოდ წარმატებული ადამიანია და მჯერა, რომ შესძლებს ყველა დაპირება შეუსრულოს ბოლნისელებს, რადგან ღირსეული ადამიანია.

Share.

Comments are closed.