უმოქმედო მაღაზიები, თვეობით დაგროვილი ვალები, ბანკის პროცენტები და უხელფასოდ დარჩენილი მოსახლეობა

0

DSC_0273რა პრობლემები შეუქმნა ბოლნისის მოსახლეობას დაბა კაზრეთში განვითარებულმა მოვლენებმა

აღნიშნულთან საკითხთან დაკავშირებით bolnisi.ge მოსახლეობას გაესაუბრა.
მზია თუთიაშვილი, მაღაზიის მეპატრონე:
– ისედაც ძალიან ბევრი გაჭირვებული იყო ჩვენს მუნიციპალიტეტში და ახლა უფრო უარესი მდგომარეობა გვაქვს. კაზრეთში მიმდინარე აქციებმა და სამუშაოების შეფერხებამ უხელფასოდ დატოვა მთელი ბოლნისი. ვიცით რომ მადნეულის მუშაობა ეკოლოგიურ პრობლემებს ქმნის, მაგრამ მისი გაჩერების შემთხვევაში რა ეშველება ამდენ ხალხს? გინდა ჰაერის დაბინძურებით დავხოცილვართ და გინდა უმუშევრობით, უხელფასობით და შიმშილით. თვეობით უხელფასოდ დარჩენილმა ხალხმა როგორ უნდა გადაიხადონ მაღაზიებში, ბანკებში ვალები, როგორ უნდა არჩინონ ოჯახები? რვეული სავსე მაქვს ნისიებით, უკვე სამი თვეა ვალი ვერავის შემოაქვს. ვერაფერს ვეუბნები, რომ მოვთხოვო, საიდან მომიტანენ, უხელფასოდ არიან. იმედია გამოსწორდება სიტუაცია.
თინიკო ინაძე:
– პირადად მე სასტუმროში ვმუშაობ და კვლავ ნორმალურ რეჟიმში ვაგრძელებთ ფუნქციონირებას, მაგრამ ხომ ვხედავ, რაც ხდება მუნიციპალიტეტში. მაღაზიები გაჩერებულია, ხალხი ისედაც კაპიკებს იღებს და ახლა სულ უხელფასოდ არიან. პირადად მე სოციალურად დაუცველი ვარ, ვიღებდი დახმარებას და ისიც მომიხსნეს. სახლი არ მაქვს, ერთჯერად დახმარებასაც ვერ მპირდებიან ბიუჯეტის არქონის გამო.
ლენა გოგოლაძე:
– ერთადერთი საწარმო, რომელიც ჩვენს მუნიციპალიტეტში მუშაობს და ხალხია დასაქმებული, ეს არის მადნეული, რომლის გაჩერებაც დაუშვებელია. მისი გაჩერება ბოლნისის მოსახლეობაში შექმნის ფინანსურ კრიზისს და დიდ გაჭირვებას გამოიწვევს.

ნონა მერაბიშვილი, სტილისტი:

– ხელფასების უქონლობამ ჩემს სალონზეც იმოქმედა. ძალიან იკლო კლიენტების რაოდენობამ. ნისიები ვერ შემოაქვთ. სალონის მუშაობა მოსახლეობის ხელფასებზეა დამოკიდებული.
ლილი კარგარეთელი:
– იმის გამო, რომ კაზრეთში სამუშაოები შეფერხებებით მიმდინარეობ, ბოლნისის ბიუჯეტში თანხები არ ირიცხება, რაც ხელფასების დაგვიანებას იწვევს. უკვე მესამე თვეა დაგვიანებით ვიხდით გადასახადებს, კრედიტებს, რის გამოც გვერიცხება პროცენტები და ისედაც მიზერულ ხელფასებს ზედმეტად გადახდილი პროცენტების გამო ბანკებში ვტოვებთ. ძალიან კარგია კულტურული მემკვიდრეობა, თუმცა მიმაჩნია, რომ საყდრისზე მიმდინარე მოვლენები ვიღაცის ინტერესებს ემსახურება. ამიტომ, ერთეულების ინტერესების გამო ოქროს საბადოზე სამუშაოები არ უნდა გაჩერდეს. უმუშევრად დარჩენა ხალხს ძალიან ცუდ დღეში ჩააგდებს. მთელი ბოლნისის მოსახლეობა მადნეულის მუშაობაზე და მათ მიერ ჩარიცხულ თანხებზეა დამოკიდებული.
ლარისა ნემსიწვერიძე:
– პირადად ჩემი მაღაზია ნისიაზე არ მუშაობს, ნაღდი ფული კი არავის აღარ აქვს. სამი თვეა უკვე თითქმის აღარავინ შემოსულა მაღაზიაში. ჩვენ კი არა პროდუქტის მაღაზიებიც ვეღარ მუშაობენ.
ვენერა გაზაშვილი:
– კაზრეთში მიმდინარე მოვლენებმა და მუნიციპალიტეტში უხელფასობამ ძალიან იმოქმედა პირადად ჩემზე და მთელს ბოლნისზე. ხელფასები არ არის, შესაბამისად სწრაფი ჩარიცხვის აპარატზე ჩარიცხვებიც განახევრდა, რამაც ჩემს შემოსავალზე დიდი ზეგავლენა მოახდინა. დენის, გაზის, წყლის გადასახადებს ვერ იხდის ხალხი.
ნანული მუშკუდიანი:
– არ მგონია საყდრისი წარმოადგენდეს კულტურულ მემკვიდრეობას, რომც იყოს, ის სახელმწიფოსთვის ვერანაირად ვერ იქნება შემოსავლის წყარო. ამის მაგალითი მრავლად გაგვაჩნია, თუნდაც ზეზვა და მზია. ვერ დამარწმუნებთ იმაში, რომ დმანისის მუნიციპალიტეტი აყვავდა ამ სამუზეუმო ექსპონატებით. მით უმეტეს მათი აღმოჩენა ლამის მსოფლიო აღმოჩენად აღიარეს. მსოფლიოში არსებობს პრეცედენტები არტეფაქტების მუზეუმში გადატანის, ამ შემთხვევაში არც ერთი მხარე არ დაზარალდება. რაც შეეხება ოქროს მოპოვებას და ბიუჯეტში შემოსავალს ,მოსახლეობის 99% ბანკებში აქვთ კრედიტები, ვფიქრობ, რომ აქ უნდა იყოს დაცული ამ ადამიანების უფლებები, რამეთუ ბანკები არავის არაფერს პატიობს. ამიტომ მიმაჩნია, რომ RMG-მ სამუშაოები უნდა გააგრძელოს და კომპანიამ მაქსიმალურად უნდა იზრუნოს ეკოლოგიაზე.


Share.

Comments are closed.