საყდრისი-ყაჩაღიანის საბადო ბოლნისელთა სატკივარი

0

საყდრისიუკვე რამდენიმე ხანია, რაც საყდრის-ყაჩაღიანის თემა მთელი ქვეყნისთვის აქტუალურია. საზოგადოებაში, როგორც ყოველთვის, აზრთა სხვადასხვაობა ამ საკითხთან დაკავშირებითაც მწვავედ გამოიხატება. მოსახლეობის ნაწილს მიაჩნია, რომ ეს მართლაც უძველესი კულტურული მემკვიდრეობაა, ნაწილი კი ამ საკითხს კრიტიკულად უყურებს და ძეგლთა დამცველების წინააღმდეგ უკმაყოფილებას გამოთქვამს. ორივე მოსაზრებას და შეხედულებას არსებობის უფლება აქვს, ყველას შეუძლია თავისი აზრი ჯანსაღად გამოხატოს, ეძებოს მტყუანი და მართალი სანამ კომპეტენტური კომისია ამ სადაო საკითხს წერტილს არ დაუსვამს.
მევენახეთა გაერთიანების საინიციატივო ჯგუფის წევრმა ნუგზარ კობახიძემ წერილი მოგვიტანა და გვთხოვა მისი გამოქვეყნება. კობახიძე თვლის, რომ მის პოზიციას ბოლნისელთა უმრავლესობა იზიარებს. ვინაიდან ბატონი ნუგზარი ამავდროულად ჩვენი კოლეგაა, გთავაზობთ წერილის სრულ ვერსიას.

 

მიუხედავად იმისა, რომ საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოზე განვითარებული მოვლენები ბოლნისელებისათვის მეტად მტკივნეულია, მათ მაინც თავი შეიკავეს და არ ჩაერიენ დაპირისპირებაში, რომელიც წარმოიშვა და დღემდე არსებობს „საყდრისის დამცველ საზოგადოებრივ კომიტეტსა“ და RMG ჯგუფს შორის. ბოლნისელებმა საკუთარი ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები, მეზობლები, რომლებიც დაქირავებულნი არიან სამთომომპოვებელ საწარმოში, ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე დატოვეს. ბოლნისის არასამთავრობო ორგანიზაციებმა, საზოგადოების აქტიურმა ნაწილმა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა საკუთარი პოზიციაც კი არ გამოხატეს, რადგან არ სურდათ საზოგადოებაში დამატებით აგრესიული დაპირისპირება გამოეწვიათ. ბოლნისელებს იმედი ჰქონდათ, რომ საკითხი გადაწყდებოდა და ჭეშმარიტება გაიმარჯვებდა. მაგრამ, რადგან დაპირისპირება კი არ განიმუხტა, არამედ უფრო მეტად საშიში მიმართულება მიიღო, დროა ბოლნისელებმა და არა მარტო მათ, იცოდნენ სიმართლე.
„ამ წერილის დაწერის მიზეზია ის გარემოება, რომ ჩვენთვის აუხსნელი მიზეზების გამო საყდრისის პრეისტორიული ოქროს მაღაროს გარშემო სიტუაცია დღითიდღე იძაბება, რადგან საქართველოს სახელმწიფო კერძო კომპანიის ინტერესებს იქამდე იცავს, რომ უარყოფს საყდრისი-ყაჩაღიანის ბორცვზე უნიკალური კულტურულ-არქეოლოგიური ძეგლის არსებობას და უშვებს მის განადგურებას“ – წერს „საყდრისის დამცველი საზოგადოებრივი კომიტეტი“ წერილში „რა არის ჩვენთვის საყდრისი და რატომ უნდა შენარჩუნდეს საერთაშორისო მნიშვნელობის კულტურული ძეგლი“.
იმისათვის, რომ შენარჩუნდეს საერთაშორისო მნიშვნელობის კულტურული ძეგლი, იგი უბრალოდ უნდა არსებობდეს.
„თავისი უნიკალურობის გამო საყდრისის კულტურულ-არქეოლოგიური ძეგლი უპირველესად სწორედ ამ ჩამონათვალის (ჩამოთვლილია სხვა ძეგლები ნ.კ.) წინა რიგებში თავსდება, რადგან მას ცივილიზაციის, ეკონომიკის ისტორიის და სამთო წესით წიაღისეულის მოპოვების (ისტორიის) განვითარების თვალსაზრისით უნიკალური ღირებულება გააჩნია. სრულიად დადასტურებული ფაქტია, რომ პრეისტორიულ ხანაში ოქროს ინდუსტრიული წესით მოპოვება საქართველოს ტერიტორიაზე სწორედ საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროში ხდებოდა და ეს გაცილებით უფრო ადრე, ვიდრე სხვა ცივილიზაციებში, მათ შორის ეგვიპტეში“.
„უახლოეს პერიოდში სწორედ ამ ფაქტის აღიარება მოუწევს მთელ მსოფლიოს იმ შემთხვევაში, თუ კომპანია RMG გოლდმა ქართული სახელმწიფოს ხელშეწყობით არ გაანადგურა პრეისტორიული ხანის აღნიშნული ძეგლი“.
ამ სიტყვების რახა-რუხზე ღირს კი რაიმე კომენტარი?
გთავაზობთ წერილს „მეცნიერთა მიმართვა პრემიერსა და საზოგადოებას“, რომელიც განთავსებულია ინტერნეტში. (ვიღებთ ცალკეულ აბზაცებს).
„საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს საბადო – მითია თუ სინამდვილე?“
„პრობლემა პირველივე უკანონო ქმედებამ და მასზე თვალის დახუჭვამ შექმნა, რის შედეგსაც დღეს ვიმკით“.
„საბადოს ცენტრალურ ნაწილს ძეგლის სტატუსი ისე მიანიჭეს, რომ სამთამადნო საწარმო არც კი იქნა გაფრთხილებული – სტატუსის შესაძლო მინიჭებასთან დაკავშირებით. საერთოდ არანაირი დისკუსია, განხილვაც კი არ გამართულა“… „პირდაპირ ვთქვათ საქმე გვაქვს შეგნებულ თაღლითობასთან, მეცნიერულ გაყალბებასა და ფალსიფიკაციასთან“.
მეცნიერები სვამენ 14 კონკრეტულ შეკითხვას. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:
–„როგორ ადგენდა პრეისტორიული ადამიანი უხილავი ოქროს არსებობას ამა თუ იმ ქანში. როგორ საზღვრავდა მის შემადგენლობას?“
–„როგორ გაიყვანა ვერტიკალური 20-30მ სიღრმის გვირაბი უფრო მაგარ ქანებში, ვიდრე შრომითი იარაღებია?“ (იგულისხმება იმდროინდელი შრომითი იარაღები. ნ.კ).
–„როგორ სუნთქავდნენ ადამიანები 20-30 მეტრის სიღრმეზე ყოველგვარი ვენტილაციის გარეშე, როგორ ანთებდნენ და ინახავდნენ კოცონს?“
–„რატომ მიენიჭა ძეგლის სტატუსი მაინცდამაინც მოქმედი საწარმოს ტერიტორიაზე არსებულ ობიექტს მაშინ, როცა მსგავსი არტეფაქტები მრავლად არის იქვე, იგივე ბოლნისის რაიონში?“
დასასრულს, მეცნიერები წერილში აცხადებენ, რომ „ჩვენ სხვაზე არანაკლები კომპეტენცია გაგვაჩნია ჩვენს სფეროში და კარგად ვარჩევთ ნამდვილ მეცნიერს ავანტიურისტისაგან, ნამდვილ არგუმენტებს, ზერელე და პოპულისტური მსჯელობისაგან“.
წერილს ხელს აწერენ ბატონები: ა. თვალჭრელიძე, ო. ქუცნაშვილი, დ. ლომიტაშვილი, გ. ყიფიანი, ნ. შეყრილაძე, რ. მიხელსონი.
საქართველოს ისტორიის ნარკვევებში (ტომი I გვ.26) ვკითხულობთ: „ძვ.წ.IV-III ათასწლეულთა მიჯნაზე, ე.ი. ხუთი ათასი წლის წინათ, საქართველოს მოსახლეობა უკვე ბრინჯაოს ხანაში გადადის, ე.ი. განვითარების იმ საფეხურზეა, როდესაც ადამიანი სწავლობს სპილენძის ბუნებრივი შენარევიანი მადნიდან, ან ხელოვნური შენარევების გზით მიღებული მასალის გადადნობით ახალი ლითონის, ბრინჯაოს მიღებას და ამ უკანასკნელიდან იარაღის კეთებას“. „გვიანი ბრინჯაოს ხანაში ე.ი. ძვ.წ. II ათასწლეულის დასასრულიდან საქართველოში განვითარებას იწყებს რკინის მეტალურგია“…
როგორც ვხედავთ ამ პერიოდისთვის საქართველოში ოქროს არ იცნობდნენ და არც შეიძლება სცოდნოდათ.
საქართველოს ისტორიის ნარკვევები, რომელიც გამოცემულია 8 ტომად და რომელთა ავტორები არიან გ. მელიქიშვილი, ი. ანთელავა, ვ.დონდუა, ვ. დუმბაძე, ი. კაჭარავა, შ. მესხია, ნ. სტურუა, ა.სურგულაძე (და არა დღევანდელი ზოგიერთი „კუჭის ისტორიკოსი“) ყველაზე ავტორიტეტულ ნაშრომად არის მიჩნეული.
რა სურს „საყდრისის დამცველ საზოგადოებრივ კომიტეტს?“
რატომ ცდილობენ სხვათა უბედურებაზე (რაც აისახება ბოლნისელთა ფინანსურ მდგომარეობაზე) საკუთარი ბედნიერების შენებას?
ვის სჭირდება ასეთი, ელემენტარულ ლოგიკას მოკლებული „მეცნიერული დასაბუთება“ იმისა, რომ თითქოს აქ, ბოლნისის რაიონში, 4000 თუ 5000 წლის წინათ ოქროს მოიპოვებდა ადამიანი და რომ დღეს ამის აღიარება არის „სახელმწიფოსა და საზოგადოების უსაფრთხოების ყველაზე ქმედითი საშუალება“.
„სახელმწიფოსა და საზოგადოების უსაფრთხოების ყველაზე ქმედითი საშუალება“, თუ ეს გამოთქმა სწორია, არის ბოლნისელი და საერთოდ საქართველოს მოქალაქე, რომლებსაც დღევანდელობა ქვეყნიდან ერეკება საზღვარგარეთ.
მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ქვეყანაში აბსოლუტურ უმრავლესობას არ სჭირდება ასეთი „გაზვიადებული“ ისტორია და „გაზვიადებული“ ქვეყანა.
ნუგზარ კობახიძე
მევენახეთა გაერთიანების
საინიციატივო ჯგუფის წევრი

P.S. ბოლნისში უკვე გაისმის იმ მოქალაქეთა მუქარანარევი განცხადებები მომიტინგეთა წინააღმდეგ, რომელთა ოჯახის წევრები დასაქმებულნი არიან საყდრის-ყაჩაღიანის საბადოზე. დღეს ჩვენ ვახერხებთ მათ დაჯერებას, რომ თავი შეიკავონ აგრესიისაგან. რა იქნება ხვალ, თუ მიტინგები არ შეწყდა, ძნელი სათქმელია.


Share.

Comments are closed.