რა იცის მოსახლეობამ მოახლოებულ არჩევნებზე

0

1349067573_sur1-22014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე კვირა დარჩა, პარტიებმა წინასაარჩევნო კამპანია დაიწყეს. ამომრჩევლისთვის ცნობილია გამგებლობის  და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, თუმცა საარჩევნო ციებ-ცხელება მოსახლეობაში ნაკლებად იგრძნობა. თუ რამდენადაა მოსახლეობა თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმირებული bolnisi.ge-მ გამოკითხვა ჩაატარა. აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის უმეტესობამ არ იცის, თუ რა არჩევნები ტარდება და შესაბამისად, არც კოდექსში გატარებულ ცვლილებებზეა ინფორმირებული. მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხულთა უმეტესობა იმედგაცრუებულია, 15 ივნისს საარჩევნო უბანზე მისვლას და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას მაინც აპირებს.

მანანა ლარცულიანი:

_ მთელ დღეს სამსახურში ვატარებ, საინფორმაციო საშუალებებს თვალყურს ვერ ვადევნებ, ამიტომ არ ვიცი რა არჩევნებია, რა ფორმით ჩატარდება  და შესაბამისად არც შედეგზე მიფიქრია, ერთი ეს ვიცი, რომ ქართული ოცნების გამგებლობის კანდიდატი გოგი მეშველიანია. მიუხედავად ყველაფრისა მაინც მივალ, გავეცნობი სიებს და მერე გადავწყვეტ ვინ შემოვხაზო.

ციცო დემურაშვილი:

_ არ ვარ ინფორმირებული, თუ არ ვცდები გამგებლის არჩევნებია, უკეთესი მომავლის იმედით წავალ არჩევნებზე, რომ არ მოხდეს  გაყალბება ყველა უნდა მივიდეს საარჩევნო უბანზე.

საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე წლის მარტის თვეში საარჩევნო კოდექსში შეიტანა ცვლილებები, რომლითაც საარჩევნო ბარიერმა აიწია. გამარჯვებული ის კანდიდატი იქნება, ვინც ამომრჩეველთა ხმების 50%+1 ხმას დააგროვებს. ეს პრინციპი მხოლოდ გამგებლის და მერის არჩევნებზე იმოქმედებს, რაც შეეხება საკრებულოს მაჟორიტარ წევრებს, ის კანდიდატი გაიმარჯვებს, ვინც ხმათა უმრავლესობას დააგროვებს. რა იციან ამ სიახლის შესახებ ბოლნისელებმა და რა აზრის არიან პარტიების მიერ წამოყენებულ კანდიდატებზე?

ლია ხურცილავა:

_ ვიცი რომ ადგილობრივი თვითმმართველობის გარდა ვირჩევთ საკრებულოს შემადგენლობას, ადრე თუ   საკრებულო ირჩევდა გამგებელს, ახლა ირჩევს მოსახლეობა. ბარიერის აწევის შესახებ ნამდვილად არ ვარ ინფორმირებული, კანდიდატებს რაც შეეხება, ძალიან კარგი კანდიდატი ჰყავს ყველა პარტიას, ვისაც აირჩევს მოსახლეობის უმრავლესობა, ჩემთვის ის იქნება მისაღები.

დარეჯან გუნაშვილი:

_ ვიცი რომ ვირჩევთ გამგებელს და პარლამენტის დეპუტატებს. მე მთავრობის იმედი აქამდეც მქონდა და მხარსაც მათ კანდიდატს დავუჭერ. ნაკლებად ვარ ჩახედული ცვლილებებში, ვიცი რომ აიწია პროცენტულმა ბარიერმა, ამით უფრო მეტი ადამიანი ირჩევს კანდიდატს, თუმცა რამდენია გადამწყვეტი ბარიერი, არ ვიცი.

მზია თუთიაშვილი:

_ არჩევნებზე აუცილებლად წავალ და ბოლნისელ ღირსეულ ადამიანს დავუჭერ მხარს, რომელმაც კარგად იცის ბოლნისის გასაჭირი. წლებია ცენტრალურ უბანს კანალიზაციის პრობლემა აქვს, რამდენი გამგებელი შეიცვალა და ეს პრობლემა მოუგვარებული რჩება, იმედი მაქვს თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ არჩეული გამგებელი გვერდში დაუდგება ბოლნისელებს.

გამოკითხული მოქალაქეების უმეტესობამ კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა, ზოგი მეტ-ნაკლებად გათვითცნობიერებულია, მოსახლეობის ნაწილმა იცის, თუ რა არჩევნებია, ნაწილს კი მიაჩნია, რომ 15 ივნისის არჩევნები საპარლამენტოა. მათ ნაკლებად აქვთ გააზრებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, თუ რამდენად გადამწყვეტია თითოეული მათგანის ხმა. ამომრჩეველს უჭირს ასევე იმის დაჯერებაც, რომ მომავალი გამგებელი და საკრებულო მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე იზრუნებენ. მიუხედავად ამისა  უმეტესობა არჩევნებზე უკეთესი მომავლის იმედით მიდის და ერთი რამ ცხადია: ამომრჩეველს მეტი ინფორმირებულობა სჭირდება.

ცირა რეხვიაშვილი:

_ ბოლნისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს არ ავირჩევ პარტიის მიხედვით, არჩევანს გავაკეთებ მათი განვლილი ცხოვრებიდან გამომდინარე, თუ რა დამსახურება აქვთ და  რამდენად ღირსეული ბოლნისელები არიან. გამგებელს რაც შეეხება, რა თქმა უნდა ადგილობრივი კადრი უნდა იყო, რადგანაც ცხოვრებამ გვიჩვენა, რომ ადგილობრივი მეტად ზრუნავს საკუთარ კუთხეზე ვიდრე ჩამოსული.

კარინა დევნოზაშვილი:

_ ვფიქრობ რომ არჩევნები ობიექტურად ჩატარდება და ხალხს მიეცემა საშუალება გააკეთოს საკუთარი არჩევანი. ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი არჩევნები, ვინაიდან მომდევნო ოთხი წელი მათ უნდა იზრუნონ მოსახლეობაზე. იმედი მაქვს ამომრჩეველი სწორ არჩევანს გააკეთებს.

მაგული უგრეხელიძე:

_ არჩევნების შემდეგ ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, თუმცა მოსახლეობამ მთავარია ამჯერად მაინც აირჩიოს ღირსეული კანდიდატი, რომელიც იზრუნებს ჩვენზე. აუცილებლად წავალ არჩევნებზე, ისევ და ისევ უკეთესი მომავლის იმედით.

მოსახლეობას შევახსენებთ, რომ 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ისინი სწორედ იმ საჯარო მოხელეებს ირჩევენ, ვისი პირდაპირი მოვალეობაც მათი პრობლემების მოგვარებაა.


Share.

Comments are closed.