რატომ შეჩერდა ბოლნისის მუნიციპალიტეტში სოციალური პროგრამები

0

DSC_0021ბოლო თვეების განმავლობაში ოქროს მომპოვებელ კომპანიაში შექმნილმა სიტუაციამ ბოლნისის მუნიციპალიტეტს კრიზისული მდგომარეობა შეუქმნა. მუშების რამდენიმე თვიანი გაფიცვა და საყდრისზე მიმდინარე საპროტესტო აქცია, რომელიც დღემდე გრძელდება, ხელს უშლის კომპანიას სრულყოფილ მუშაობაში. ბოლნისის ბიუჯეტი 2014 წელს 12 მილიონით განისაზღვრა, საიდანაც 80%-ს არ-ემ-ჯი იხდის გადასახადების სახით, თუმცა კომპანიაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის გამო, არ ხდება ბიუჯეტში თანხის ჩარიცხვა, რის გამოც შეჩერდა მუნიციპალიტეტში დაგეგმილი პროექტები და სოციალური პროგრამები.
„კომპანიაში შექმნილმა მდგომარეობამ დიდი დაღი დაასვა ბიუჯეტს, გაჩერდა აბსოლუტურად ყველა პროგრამა, იგვიანებს თანამშრომელთა ხელფასები, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია იმ ადამიანების დახმარება, ვინც უკიდურესად გაჭირვებულია და ვისაც ნამდვილად ესაჭიროება მუნიციპალიტეტის გვერდში დგომა. მუნიციპალიტეტმა რა პროგრამებიც აიღო თავის თავზე ყველაფერი გაჩერებულია, დავიწყოთ რეინტეგრირებული ბავშვებით, რომლებზეც ჩავდეთ ყოველთვიური დახმარება 100 ლარი, ამ წელიწადში მათ მხოლოდ ერთხელ მიიღეს ეს თანხა. ყოველდღე გვაკითხავენ მშობლები, თუმცა ვერაფრით ვეხმარებით. ასევე ავამოქმედეთ დიალიზით დაავადებული ადამიანების ტრანსპორტის დაფინანსების ხარჯი, ავადმყოფებს კვირაში სამჯერ მარნეულში უხდებათ ანალიზის გაკეთება და უჭირთ ტრანსპორტის თანხის გადახდა. 14 ადამიანია ასეთი, მათთვის ბიუჯეტში თითოეულზე ყოველთვიურად 50 ლარია გათვალისწინებული. დავიწყეთ სტუდენტების დაფინანსება, ხუთი კატეგორიის მქონე ბავშვებს დავუნიშნეთ 50 ლარი, ასეთი სულ 180-ია, ასევე გამოვყავით წარჩინებული სტუდენტები, მათთვის ყოველთვიურად უნდა გადაგვერიცხa თანხა სტიპენდიის სახით, რასაც ვერ ვახერხებთ. ამ ეტაპზე მხოლოდ საგარანტიო ფურცლებს ვაძლევთ ონკოლოგიურად დაავადებულ ადამიანებს. ვინაიდან თანხა არ არის და ვერ ვუწევთ მატერიალურ დახმარებას, გაიზარდა ერთჯერად დახმარებებზე შემოსული განცხადებების რაოდენობა, ნაწილს რეზოლუციაც კი აქვს დადებული. შეჩერდა ასევე სპორტსმენების სტიპენდიების ჩარიცხვაც. ბიუჯეტში თანხის გამოჩენისთანავე ყველა მუნიციპალური პროგრამა ამოქმედდება“. – აღნიშნა bolnisi.ge-თან სოციალური მიგრაციისა და ვეტერანთა სამსახურის ხელმძღვანელმა ლალი ციხელაშვილმა.


Share.

Comments are closed.