მხარეთმცოდნეობის მუზეუმი თვითნასწავლი მხატვრის გამოფენას მასპინძლობს

0

10258175_724264084301380_5430788616117365837_oმუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომლებმა მოსაწვევები დაარიგეს და ბოლნისელები მხატვრის, დავით ენდელაძის ნახატების გამოფენაზე მიიწვიეს. ღონისძიების ფარგლებში დამთვალიერებლებმა საინტერესო ნამუშევრები იხილეს და თვითნასწავლი მხატვარი საზოგადოების უფრო ფართო წრისთვის გახდა ცნობილი.

ბოლნისის პირველი საჯარო სკოლის  დამთავრების მერე, ერთი ჩვეულებრივი ბოლნისელი ბიჭი დედაქალაქის გზას დაადგა. სამხედრო სავალდებულო სამსახური გერმანიაში მოიხადა და ისევ თბილისს დაუბრუნდა, ისწავლა, იღვაწა, მაგრამ არა მხატვრობაში.

1983 წლიდან მუზების მოზღვავება იგრძნო და შემოქმედება ტილოზე გადაიტანა. მას სახელოსნო არასდროს ჰქონია, არც  ფერთა გამა და ფუნჯის მოსმა უსწავლებია ვინმეს, ჯერ მუზა მოვიდა, ახალბედა მხატვარმა ჩაინიშნა, მერე ფუნჯი,ტილო, საღებავები შეიძინა და მუზა დააფიქსირა, თანდათანობით დაიბადა სხვადასხვა ტილოები. გადმოსცა სოციალიზმის დროინდელი სიმშრალე, ცარიელი ქალაქი,   პურის მანქანა და ყოფითი პრობლემებით დაღლილი გარემო, ოთხმოცდაათიანი წლების მძიმედ არეკლილი სინამდვილე,  ნახევრად აბსტრაქტული ტილოები, ძველი ფარდული, წიგნები, ანტინარკოტიკული კოლაჟი, კოსმო ხასიათის ნაწარმოებები, საოცნებო ნადირობა, მწყერის მაგივრად აფრენილი ჯადოსნური ფრინველი, ცხოვრებისეული მატარებელი და ხიდი- ეს ის მცირე ჩამონათვალია, რამაც დავით ენდელაძის სულიერი სამყარო სააშკარაოზე გამოიტანა.

”სახელოსნო არასდროს   მქონია, ყოველთვის მინდოდა გამოფენის მოწყობა. ქალბატონი ანას დახმარებით ეს გამოფენა შედგა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მას. ბევრი ჩანაფიქრი მაქვს, სამომავლოდ ისევ და ისევ მუშაობას ვაპირებ, როდესაც მუშაობ, ქმნი ახალ ტილოებს, წინ და წინ მიდიხარ და იზრდები, ძველს ძველი ერქმევა ახალი კი სხვა მოთხოვნებს გიყენებს. ყოველთვის ვცდილობ, როცა მუზა მოვა არ დავკარგო, ჩემთვის ეს წამის დაფიქსირებაა.” – აღნიშნავს თვითნასწავლი მხატვარი დავით ენდელაძე.

პრიმიტივისტი მხატვრის ტილოებს სხვადასხვა ცხოვრებისეულ ეპიზოდებთან შერწყმული მუზები ქმნიან, მისი სული მშვიდი ჩანს და შემოქმედებაც შესაბამისია, თუმცა დამთვალიერებლები მის ნამუშევრებს ინდივიდუალურად აღიქვამენ, რასაც მხატვარი ხან ეთანხმება,ხანაც ღიმილით პასუხობს.

ანა აკოფიანი, ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ხელმძღვანელი:

_ მუზეუმების საერთაშორისო დღეს ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმიც შეუერთდა. ერთი დღე გვქონდა უფასო მომსახურება,ხოლო 20-დან 23 მაისის ჩათვლით ბოლნისელები მოვიწვიეთ თვითნასწავლი  პრიმიტივისტი მხატვრის, დავით ენდელაძის ნახატების გამოფენაზე. ჩემი აზრით, მისი შემოქმედება მის სულიერსამყაროს გადმოსცემს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ბალზაკის ცნობილი გამოთქმა უნდა გავიხსენოთ: ”ფანტაზია სულის გამოძახილია.” დამთვალიერებელი მოდის, მაგრამ სასურველია მეტი აქტიურობა, კარგია გვქონდეს ცალკე საგამოფენო დარბაზი.  აქამდე დავითის შემოქმედება მხოლოდ ვიწრო წრეში იყო ცნობილი, ამ გამოფენის მეშვეობით იმედია მეტი ასპარეზი მიეცემა ნიჭიერ შემომქმედს.

კოტე ჩუმაშვილი,  ააიპ ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკლუბო, საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების“  ხელმძღვანელი:

_ ბრწყინვალე ადამიანმა  და მხატვარმა არაჩვეულებრივი გამოფენა წარმოგვიდგინა.    მის შემოქმედებაში თავისებური აზრი და დიდი დატვირთვა დევს. ჩვენი სამსახური შეძლებისდაგვარად გვერდში დაუდგება ამ ნიჭიერ ხელოვანს და იმედია ფართო საზოგადოება გაიცნობს.

მარინე ნონიაშვილი, დამთვალიერებელი:

_ დავათვალიერე მხატვრის დავით ენდელაძის ნამუშევრები. ნახატები ასახავენ ავტორის  მრავალფეროვან, იდუმალ სამყაროს, გამოყენებულია მხატვრობის სხვადასხვა სტილი. ყველა ნახატი გამორჩეულად საინტერესოა, ჩემი აზრით გამოფენის ცენტრალურ ადგილს იკავებს, ე.წ. ”წითელი ძროხა”, ვინაიდან ქმნის ხალისიან და პოზიტიურ განწყობას.დიდი მადლობა ბატონ დავითს,მადლობა გამოფენის ორგანიზატორებს.

ანი თათელაძე, იოანე ბოლნელის სახელობის ბოლნისის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლე:

_ ძალიან მომეწონა დავით ენდელაძის ნამუშევრები და მინდა წარმატებები ვუსურვო მას. ასევე მომეწონა არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნივთები.

მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული გამოფენა კიდევ ორ დღეს გასტანს და 23 მაისს დასრულდება.

ბელა ონიანი

10256014_724264564301332_5917313839814493117_o 10295277_724264954301293_4219155199446286317_o 10298033_724264267634695_5278039749072358860_o 10365457_724265257634596_7020735303234733906_o


Share.

Comments are closed.