ლადო ბურდული: „ჩვენი ევროპაზე ვერ წასვლა ბოლნისის კი არა, საქართველოს სირცხვილია”

0

1484274„სახელმწიფო საკლუბო ფეხბურთს არ მიატოვებს” – ეს განცხადება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა 2013 წელს გააკეთა. სწორედ სახელმწიფოს იმედზეა დარჩენილი ბოლნისის ერთადერთი საფეხბურთო კლუბი, რომელმაც სეზონი წარატებით ჩაატარა და ევრო ლიგის საგზური მოიპოვა. 

რამდენიმე დღეა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობამ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციას წერილობითი თხოვნით მიმართა და გუნდის ევროპაზე გამგზავრებისთვის საჭირო თანხით დახმარება სთხოვა. ბოლნისში იმედი აქვთ, რომ სამინისტრო გადაწყვეტილებას „სიონის” სასარგებლოდ მიიღებს, რადგან პრეცენდენტი სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერის აღმოჩენის არც თუ ისე დიდი ხნის წინ დაფიქსირდა. სახელმწიფო გორის დილას ორი მილიონი ლარით დაეხმარა. 

ლადო ბურდული “სიონის” გენერალური დირექტორი და მწვრთნელი:

– პრობლემა მარტივია – ევროპის ლიგისთვის კლუბს ფული არ აქვს! ის ბიუჯეტი რაც გვაქვს 650 000 ლარი არის გაწერილი დეკემბრამდე. ეს თანხა არის გათვლილი იმისთვის, რომ გუნდმა იასპარეზოს საქართველოს ჩემპიონატზე. ამ თანხის სხვაგან გადატანის უფლება არ გვაქვს. მითუმეტეს მოგეხსენებათ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებია და ბიუჯეტი ჩაკეტილია, ცვლილებების შეტანა არ შეიძლება. 3 ივლისს პირველი თამაში გვაქვს ევროპაზე. პირველ ივნისს უკვე ვგეგმავდი შეკრებას. ერთი თვე ხომ მაინც უნდა ჰქონდეს გუნდს მოსამზადებლად. პირველ ზბორს ურეკში ვგეგმავდით.

– რა თანხას ითხოვთ სამინისტროსგან, რამდენია საჭირო გუნდის გასამგზავრებლად?

– 300 000 ლარამდე არის საჭირო რომ გუნდი მოემზადოს, ორი ტური მაინც უნდა გაიაროს, წავიდეს პირველ ეტაპზე  ჩაატაროს შეხვედრა, ჩამოვიდეს და სტუმრები მიიღოს. ეს ყველაფერი გაწერილი მაქვს, მივმართე მუნიციპალიტეტს, მუნიციპალიტეტმა თავის მხრივ მიმართა სპორტის სამინისტროს და ფეხბურთის ფედერაციას, ვთხოვთ, რომ დაგვეხმარონ.

– რატომ აღმოჩნდა კლუბი ამ მდგომარეობაში?

– მუნიციპალიტეტი წინასწარ ამ ხარჯს ვერ გათვლიდა, ვინაიდან გავიდოდით თუ არა ევროპაზე ხომ არ ვიცოდით. მე არ ვითხოვ 2 მილიონს და რაღაც გაბერილ თანხებს, ვითხოვ ზუსტად იმდენს, რაც აუცილებლად საჭიროა.

– ამ დრომდე არ გაქვთ პასუხი, ხომ არ ზარალდება გუნდი ლოდინის რეჟიმით?

– დღეს არის 25, მე ხუთ დღეში შევკრიბავ თუ არა გუნდს ესეც არ ვიცი. დაუშვათ შევკრიბე და თბილისში დავიწყე ვარჯიში, არაფერს არ მაძლევს ამ სიცხეში ვარჯიში. ურეკში ქვიშაა, სხვა პირობები, რაც აუცილებელია ფიზიკური მომზადებისთვის. 13 ში დაგეგმილი მაქვს სომხეთის გუნდთან შეხვედრა, ისიც ევროლიგაზეა გასული. უნდა გამოვცადო გუნდი როგორ ფორმაშია. შემდეგ ავსტრიაში ძალიან კარგი ვარიანტებია და ასე შემდეგ. ჩვენ თუ ეტაპები გავიარეთ, ფულს თავად გამოვიმუშავებთ. პირველი ეტაპის გადალახვის შემთხვევაში 130 000 ევროა, მეორესი 140 000 და ასე შემდეგ. გორის დილამ სამი ეტაპი გაიარა და 600 000 ევრომდე აიღო.

– სპონსორების მოძიება თუ სცადეთ?

– კოკა-კოლას მივმართეთ და ცივი უარით გამოგვისტუმრეს, მადნეული თუ აქამდე ფორმებს მაინც გვყიდულობდა, ახლა შეხვედრაზეც კი უარი გვითხრა.

– იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფომ ამ თანხის მოცემაზე უარი გითხრათ, რა იქნება მაშინ?

– ჩვენი ევროპაზე ვერ წასვლა ბოლნისის კი არა, საქართველოს სირცხვილია. თუ ეს თანხა არ გვექნება შედეგებსაც ვერ დავდებთ, მაშინ მარტო ბილეთის ფული უნდა გამოგვიყონ რომ გავფრინდეთ.

bolnisi.ge აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პირადად მინისტრს დაუკავშირდა, ბატონი ლევანი დაკავებული გახლდათ და საუბრის მოგვიანებით გაგრძელებას დაგვპირდა, თუმცა მოგვიანებით მინისტრთან დაკავშირება ვეღარ შევძელით.

სამინისტროს პოზიციისა და გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის მიღებას გაზეთი „ბოლნისი” კვლავ შეეცდება. მანამდე კი ბოლნისელ გულშემატკივარს დადებით პასუხის მოლოდინში ყოფნა მოუწევს.

ხატია ფოცხვერაშვილი

 

 

Share.

Comments are closed.