კომპანია RMG-ის თანამშრომლები ხელისუფლებას მიმართავენ

0

1425754_508321785933579_1909816157_nდღეს დაბა კაზრეთში კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე RMG Copper-ისა და RMG Gold-ის თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი პროტესტი გამოიწვია საქართველოს ხელისუფლების არამკაფიო პოზიციამ, საყდრის-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე არსებული ობიექტის გაურკვეველმა სტატუსმა, რის შედეგადაც შეუძლებელი გახდა დაბაში მცხოვრებთა და კომპანიის თანამშრომელთა სრულფასოვანი დასაქმების უზრუნველყოფა. მიუხედავად იმისა რომ თანამშრომლები სამუშაოზე ყოველდღიურად ცხადდებიან, ამ ეტაპზე თითქმის ყველა ობიექტი გაჩერებულია, რაც სამუშაო ადგილის დაკარგვის საფრთხეს უქმნის დასაქმებულებს.
კომპანიის თანამშრომლები საქართველოს მთავრობისგან მოითხოვენ საბოლოოდ გარკვეული იქნას საყდრის-ყაჩაღიანის სტატუსი, იმ შემთხვევაში თუ ობიექტი გამოცხადდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად, მაშინ მთავრობამ წარმოადგინოს კომპანიის თანამშრომელთა ალტერნატიული დასაქმების პროგრამა, ხოლო თუ ობიექტს არ მიენიჭა კულტურული ძეგლის სტატუსი, მაშინ სასწრაფოდ მოხდეს ამ პროცესების ხელისშემშლელი ფაქტორების აღმოფხვრის უზრუნველყოფა, თანამშრომლები სახელმწიფოსგან ასევე ითხოვენ, რომ მთავრობამ კაზრეთის მოსახლეობას წარუდგინოს საკუთარი ბიზნესხედვა და გეგმები იმის შესახებ, თუ რამდენი წლით იქნება შესაძლებელი კომპანიაში სრული დატვირთვით მუშაობის შენარჩუნება და როგორი იქნება დასაქმების პერსპექტივა საწარმოს სიმძლავრის ამოწურვის შემდეგ.
დავით თეთრაძე, კომპანიის თანამშრომელი:
– მთავრობას მივმართავთ, რომ მოხდეს საბოლოო გადაწყვეტილების მიღება არის თუ არა ეს ტერიტორია კულტურული ძეგლი, ჩვენ გვეჯერა, რომ ეს არანაირი კულტურული მემკვიდრეობა არ არის, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც ხელს გვიშლიან, მათ პიროვნული ინტერესი ამოძრავებთ და აფერხებენ აქ სამუშაობის განხორციელებას, ხალხია დასასაქმებელი კაზრეთში, საწარმოს კი არ აქვს საშუალება, ვინც ვართ დასაქმებულები მომავალში შეიძლება ნახევარი ისევ გარეთ დარჩეს, ამიტომ ვითხოვთ, რომ დროულად მიიღონ გადაწყეტილება და თუ არ არის კულტურული ძეგლი, მაშინ მიეცეს კომპანიას სრულყოფილი მუშაობის საშუალება.
ლალი ქებაძე, კომპანიის თანამშრომელი:
– როგორც დასკვნიდან შევიტყვეთ კომპანიას მიეცა საშუალება საყდრისის საბადო გადაიხსნას და ამუშავდეს, ამდენი თვის განმავლობაში ამ ობიექტზე სამუშაოების დაწყებას ველოდებოდით. საწარმოში კრიზისია, მხოლოდ ხელფასებზე ვართ დამოკიდებული, ესაც თუ არ გვექნება, სად უნდა წავიდეთ? გვაქვს ისეთი სახელმწიფო, რომ სხვა ალტერნატივას შემოგვთავაზებს? ეს საწარმო მარტო მუშას არ ინახავს, მთლიანად რეგიონია კომპანიაზე დამოკიდებული, იყოს კულტურული ძეგლი მოვესალმებით, წარმოება სთავაზობს რომ მუზეუმში გადავიტანთო, დროულად უნდა იქნას დასკვნა დადებული.
საყდრისის მიმდებარე ტერიტორიაზე გრძელდება კარვების აქცია „დაიცავი საყდრისის“ კომიტეტის წევრები მუშების გამოსვლასა და გერმანელი ექსპერტების დასკვნას ეხმაურებიან.
ირაკლი მამალაძე „დაიცავი საყდრისის“ კომიტეტის წევრი:
– ოცდამეერთე დღეა მიმდინარეობს საყდრის-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია, გვაქვს კარვები გაშლილი. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ RMG გოლდს ამ ეტაპზე სამუშაოები აქვს შეჩერებული, თუმცა მას შემდეგ, რაც გერმანელი ექსპერტების დასკვნა დაიდო, კომპანიამ მძიმე ტექნიკით მოთხარა მიწის ნაწილი, ჩვენ მათ შეჩერებისკენ მოვუწოდეთ, ამ ეტაპზე ტერიტორიაზე არანაირი სამუშაო არ მიმდინარეობს, საპროტესტო აქციას გამოვეხმაურები, რომელიც კაზრეთში გაიმართა ჩვენ გვესმის დასაქმებული ადამიანების, თუმცა ერთი რამ ფაქტია, მათზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს და არ უნდა მოხდეს კულტურული მემკვიდრეობის დანგრევის ხარჯზე ხალხის დასაქმება.
ნინო მიქიაშვილი, „დაიცავი საყდრისის“ კომიტეტის წევრი:
– საყდრისს არ დავანგრევინებთ, საქართველოში ვართ დარჩენილი ადამიანები, რომლებსაც გული შეგვტკივა, თუ აქ სამუშაოები დაიწყება, ყველანაირად შევუშლით ხელს, გადაუდგებით წინ მძიმე ტექნიკას და არ დავუშვებთ კულტურული მემკვიდრეობის განადგურებას.
მაგდა დევნოზაშვილი

Share.

Comments are closed.