ისე, როგორც ორი კვირის წინ

0

pirveli_1-cr-300x200ბოლნისის “ყოჩებს” ახლა ორი კვირის წინანდელი შედეგის გამეორება მართებს, რათა წარმატებული სერია გააგრძელოს და საქართველოს ჩემპიონობის შანსი შეინარჩუნოს.
ერთი კვირის წინ, მსგავსმა სათაურმა გაამართლა, გუნდმა ერთი თვის წინანდელი შედეგი გააუმჯობესა, ქუთაისი “აიას” ყველაფერში აჯობა და 20:7 გამარჯვებით პლეი ოფის მეორე ეტაპზე გავიდა. იქ ჩვენი გუნდის მეტოქე კვირას, 11 მაისს თბილისის “ლოკომოტივი” იქნება, რომლის ორი კვირის წინ რეგულარული პირველობის დასკვნით ტურში 18:16 დამარცხებით, “ყოჩებმა” მეოთხე ადგილი დაიკავა და ქუთაისში მგზავრობა თავიდან აიცილა.
ახლანდელის მსგავსად, ის თამაშისც “შევარდენზე” გაიმართა და დრამატულ მატჩში დასკვნითი წუთები განსაკუთრებით საინტერესო გამოდგა. ტაიმის 9:0 მოგების შემდეგ, ბოლნისელები მეორე ნახევარში მეტოქეს 12:13 ჩამორჩნენ, მერე ჯარიმა გაიტანეს, მაგრამ 75-ე წუთზე წიკლაურისგან არეკნი მიიღეს. დრო უკვე ამოწურული იყო, როდესაც გუნდის კაპიტანმა თემურ სოხაძემ თითქმის ცენტრიდან არეკნი დაკრა და “ყოჩებს” 18:16 მოაგებინა. მარცხის გამო “ლოკომოტივმა” მეორე ადგილის დაკავება ვერ მოახერხა, რაც მათ დიდ უპირატესობას მისცემდა და სავარაუდოდ, ახლა რევანშის წყურვილი ექნება.
აღსანიშნავია, რომ საინტერესო და დაძაბული იყო ამ გუნდებს შორის პირველ წრეში გამართული შეხვედრაც, რომელსაც რუსთავმა უმასპინძლა. რკინიგზელებმა ტაიმი 10:6 მოიგეს, მაგრამ მეორე ტაიმის 20 წუთის შემდეგ “ყოჩები” 19:13 დაწინაურდა. 71-ე წუთზე “ლოკომოტივმა” ლელო-გარდასახვით უპირატესობა დაიბრუნა, დარჩენილ დროში ბოლნისელებმა ჯარიმა ვერ გაიტანეს და 19:20 დამარცხდნენ. და მაინც, ჩვენი გუნდის ბოლოდროინდელი თამაშის ხარისხი, იმის იმედს იძლევა, რომ “ლოკომოტივის” დამარცხება ამჯერადაც მოხერხდება და 17 მაისს მცირე ფინალში “არმიასა” და “ლელოს” შორის დამარცხებულს სწორედ “ყოჩები” შეხვდება.
“ლოკომოტივი” საუკეთესო ფორმაში ვერ არის და პლეი ოფში ლელოს წესის წყალობით გავიდა. რკინიგზელთა გუნდმა “ჯიქებს” ტაიმი 11:3 მოუგო, მაგრამ მერე 11:16 ჩამორჩა და წონასწორობის აღდგენა 78-ე წუთზე ბექა წიკლაურის მიერ გატანილი ჯარიმით მოახერხა – 19:19. კონკრეტულად ამ თამაშში “ლოკომოტივს” ერთის საპასუხოდ ორი ლელო ჰქონდა გატანილი და შედეგად, მომდევნო ეტაპის საგზურიც მას დარჩა. საგულისხმოა, რომ თანაბარი ლელობის პირობებშიც, რადგან “ჯიქებს” ყვითელი ბარათი ჰქონდა მიღებული, მომდევნო ეტაპზე “ლოკომოტივი” გავიდოდა და რადგან რეგულარული პირველობა მან მეტოქეზე უკეთეს ადგილზე დაასრულა, მესამე მუხლიც მის სასარგებლოდ იმოქმედებდა.
ამრიგად, კვირას, 16 საათიდან, “ყოჩებს”, რომელმაც ბოლო 11 თამაშიდან 9 გამარჯვება აქვს და იმ ორ შემთხვევაშიც მხოლოდ მინიმალურად დამარცხდა, მორიგი უმნიშვნელოვანესი თამაში ელოდება. ერთი დღით ადრე, რეგულარული პირველობის პირველ-მეორე ადგილოსნები “არმია” და “ლელო” ერთმანეთს ხვდებიან და 17 მაისს იქ დამარცხებული გუნდი ბოლნისელთა სავარაუდო მეტოქე იქნება.

საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატი
10 მაისი. პლეი ოფი. მეორე ეტაპი
თბილისი. “შევარდენი”. 16:00 საათი
არმია (თბილისი) – ლელო (თბილისი)
11 მაისი
თბილისი. “შევარდენი”. 16:00 საათი
ლოკომოტივი (თბილისი) – ყოჩები (ბოლნისი)

Share.

Comments are closed.