გერმანელი ექსპერტების დასკვნით, საყდრისში მადნის მოპოვება კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მონიტორინგის ქვეშ გაგრძელდება

0

საყდრისიგერმანელი ექსპერტების დასკვნით, კომპანია RMG GOLD-მა საყდრისში მადნის მოპოვება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ქვეშ უნდა განახორციელოს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკა ანთიძემ, ჟურნალისტებს საქართველოში მოწვეული საერთაშორისო ექსპერტების მიერ საყდრისის საკითხის შესახებ მომზადებული რეკომენდაციები გააცნო. ანთიძის თქმით, სააგენტომ საქართველოში მოიწვია დამოუკიდებელი ექსპერტები: გერმანელი არქეოლოგი, დოქტორი ალბრეხტ იოჰანჰოველი და სამთოგეოლოგი ვენელინ ჟელევი.
გერმანელი ექსპერტები ათი დღის განმავლობაში შეხვდნენ ყველა დაინტერესებულ სამეცნიერო ჯგუფის წარმომადგენელს და გაეცნენ მათ მიერ მომზადებულ მასალებს. რამდენჯერმე მოინახულეს საყდრისის ტერიტორია.

ანთიძემ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მათ მიერ მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტები, არაკვალიფიციურები არიან. მისივე თქმით, გერმანელი ექსპერტები უმაღლესი დონის ექსპერტები არიან და ამაში მათ დაეთანხმებიან ის მეცნიერები, რომლებსაც ექსპერტების საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მათთან ურთიერთობის საშუალება ჰქონდათ.
ექსპერტების რეკომენდაციების და მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კოორდინაციით, ეროვნული მუზეუმის, ქართულ-გერმანული ექსპედიციის უშუალო მონაწილეობით, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით და კომპანია RMG GOLD-ის ხელშეწყობით განხორციელდება ყველა ის აუცილებელი სამეცნიერო ქმედება, რომელიც ხელს შეუწყობს საყდრისის პრობლემის მსოფლიოში აპრობირებული მეთოდით გადაწყვეტას.
“მნიშვნელოვანია, შენარჩუნდეს და დაფასდეს საყდრისის მიგნებები და მონაპოვარი, რომელიც სრულფასოვნად წარმოჩინდება ბოლნისის არქეოლოგიურ მუზეუმში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ის გზა, რომელიც საერთაშორისო გამოცდილებას ეფუძნება და ეს საშუალებას მოგვცემს შევინარჩუნოთ ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა და არც სახელმწიფო დაზარალდეს და არც სახელმწიფო სტრატეგიული განვითარების სფეროები”, – აღნიშნა ნიკა ანთიძემ.
გერმანელი ექსპერტების ანგარიშში დასკვნებისა და რეკომენდაციების სახით აღნიშნულია, რომ საყდრისი-ყაჩაღიანის პრობლემის გადაჭრისათვის არსებობს სამი გზა: პირველ გზას წარმოადგენს ტერიტორიისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭება; მეორე გზა _ მადნის მოპოვების დაწყება, არსებული არქეოლოგიური მონაცემების ნაწილის უგულვებელყოფით, ხოლო მესამე – კონსენსუსის მიღწევა.
რეკომენდაციის თანახმად, სახელმწიფო ორგანოებმა უნდა დაარწმუნონ ორივე მხარე იმაში, რომ ერთადერთი მშვიდობიანი გამოსავალი აღნიშნულ სიტუაციაში არის შეხვედრის ორგანიზება და გადაუდებელი გადარჩენითი არქეოლოგიური სამუშაოების განხორციელება მადნის მოპოვების პროცესში, არქეოლოგიური მონიტორინგის გეგმის შემუშავება. ასევე, საყდრისი-ყაჩაღიანის პრობლემის ეკონომიკური, სოციალური, სამართლებრივი და პოლიტიკური ასპექტების მხედველობაში მიღების და პრობლემის გადაჭრის ყველაზე რეალისტურ გზად ექსპერტები მიიჩნევენ გარკვეულ კომპრომისზე წასვლას.
“მადნის მომპოვებელმა კომპანიამ უნდა გააგრძელოს მადნის მოპოვება, მაგრამ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისა და მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ და პერიოდულად, საჭიროების შემთხვევაში ზემოაღნიშნული სააგენტოს მიერ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტების მონიტორინგისა და ზედამხედველობის გათვალისწინებით. მადნის მოპოვებითი საქმიანობების განხორციელებისას კულტურული შრეების ან არქეოლოგიური არტიფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში, მადნის მოპოვებითი სამუშაოები დროებით უნდა შეწყდეს სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე და არქეოლოგებს მიეცეთ შესაძლებლობა, გამოიკვლიონ და აღწერონ ეს კულტურული ფენა ან არტიფაქტები მაქსიმალურად მოკლე ვადაში.
კომპანია RMG GOLD-მა უნდა ააშენოს რეგიონული არქეოლოგიური მუზეუმები და სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე აღმოჩენილი არტიფაქტები უნდა გადაეცეს მუზეუმს, რომელიც უზრუნველყოფს ბოლნისის რეგიონის მადნის მოპოვებითი საქმიანობების დემონსტრირებას”, – აღნიშნულია გერმანელი ექსპერტების მიერ შემუშავებულ დასკვნაში.
დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ ქართულ-გერმანული არქეოლოგიური გუნდი გადაწყვეტს, მონაწილეობა მიიღოს მონიტორინგის ჯგუფში. კომპანია RMG GOLD ვალდებულია, თანხმობა განაცხადოს აღნიშნულის თაობაზე იმ პირობით, რომ ხსენებული მონიტორინგი არ შეაფერხებს მადნის მოპოვების სამუშაოებს.


Share.

Comments are closed.