ბოლნისში ხელფასები კვლავ იგვიანებს – საბიუჯეტო ორგანიზაციებში მომუშავეთა უმრავლესობას ბანკებში ჯარიმების გადახდა უწევს

0

fuli02რამდენიმე თვეა რაც ბოლნისელები ბანკებში დარიცხული ზედმეტი პროცენტების გადახდას ვეღარ ახერხებენ და 25 რიცხვში ასაღებ ხელფასს მომდევნო თვის 10 რიცხვამდე ძლივს იღებენ. ბოლნისის მუნიციპალიტეტში საბიუჯეტო სახსრებზე ადმინისტრაციული სამსახურების გარდა, რამდენიმე შპს და ააიპ არის დამოკიდებული, რომელთა თანამშრომელთა უმეტესობას სწორედ ამ შემოსავალზე დაყრდნობით,  ბანკიდან სესხი აქვს აღებული.

ბოლნისში შექმნილ სახელფასო კრიზისზე კომენტარს მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურის უფროსი სოლომონ ჩარკვიანი აკეთებს.

_ როდის იქნება ხელფასი და რატომ დადგა ეს პრობლემა ჩვენს მუნიციპალიტეტში?

_ მეოთხე თვეა შემოსავლების პრობლემა გვაქვს, რაც გამოწვეულია RMG გოლდის წიაღის მოპოვების გადასახადის გადაუხდელობის გამო.

_  ანუ არ რიცხავს თანხას?

_  კი, არ რიცხავს.

_ გასულ თვეში ხელფასები ცენტრალური ბიუჯეტიდან აღებული სესხით დაფარეთ?

_ არა, სესხი არ აგვიღია, სესხზე მოთხოვნა მაისის თვეში გვაქვს გაკეთებული ფინანსთა მინისტრისა და პრემიერ მინისტრის სახელზე, რომ მუნიციპალიტეტში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე დახმარება გაეწიათ და მოეცათ უპროცენტო სესხი 4 მილიონი ლარი. სესხი არ გამოუყვიათ.

_ უარი გითხრეს?

_ არა, უარი არ უთქვამთ, უბრალოდ, პასუხი არ მოგვსვლია.

_ როგორ ფიქრობთ მოგცემენ?

_ არ ვიცი  მოგვცემენ თუ არა, ყოველ შემთხვევაში გვპირდებიან რომ დაგვეხმარებიან RMG გოლდმა მოგვცეს თანხა.

_ RMG  საყდრისზე სამუშაოები შეაჩერა.

_ არ აქვს მაგას მნიშვნელობა, სხვაგან ხომ მუშაობს.

_ სამი თვის წინ როგორ ხდებოდა 25  რიცხვამდე ხელფასის ჩარიცხვა?

_ დროული ჩარიცხვა იყო. საერთოდ კრიზისი დღეს და გუშინ კი არა,  დაიწყო 2013 წლის ივნისის თვეში. იმდენს გვაძლევდნენ თანხას რომ ხელფასის პრობლემა არ შეგვქმნოდა.

_ რატომ აკეთებდნენ ამას?

_ არ ვიცი, ამბობდნენ   თანხა არააო.

_ როდის გასცემთ მაისის ხელფასებს?

_ სავარაუდოდ შემდეგ კვირაში იქნება ხელფასი.

_ თუ გქონიათ მოლაპარაკება ბანკთან, რომ კრედიტის  პროცენტზე ჯარიმა არ დააკისროს ხალხს, რადგან მათი ბრალი არაა ხელფასს რომ ვერ იღებენ?

_ კი გვქონდა საუბარი ლიბერთი ბანკის წარმომადგენლებთან, მაგრამ ვერაფრით ვერ დაგეხმარებითო გვითხრეს. ერთადერთი რისი გაკეთებაც შეგვიძლია ისაა რომ, თუ პროცენტს დროულად ვერ გადაიხდის ადამიანი, რომლის ბრალიც არაა უხელფასობა, გვეცოდინება და აღარ გავაშავებთო.


Share.

Comments are closed.