ბოლნისის „ყოჩები” პლეი ოფის პირველ მატჩს თბილისში, „შევარდენზე” ქუთაისის „აიას” წინააღმდეგ გამართავს

0

begadze-cr-300x200ბოლნისის “ყოჩები” პლეი ოფის პირველ მატჩს თბილისში, “შევარდენზე” ქუთაისის “აიას” წინააღმდეგ გამართავს და ერთი თვის წინანდელი შედეგი უნდა გაიმეოროს.
ის თამაში რეგულარული პირველობისა იყო, ჩვენმა კლუბმა ტაქტიკურად გამართული თამაში აჩვენა, გუნდის კაპიტანმა თემურ სოხაძემ 18 ქულა მიითვალა (5 ჯარიმა და 1 არეკნი) და ქუთაისში პირველ წრეში 10:45 განცდილი მარცხისთვის რევანში შედგა – 18:12. ქუთაისში მარცხი ამ სეზონში ყველაზე მტკივნეული იყო “ყოჩებისთვის” და რევანშის წყურვილიც ძალიან დიდი იყო. გარდა ამისა, იმ შედეგს სატურნირო თვალსაზრისითაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა და პლეი ოფის პირველ ეტაპზე სტუმრად თამაშის ნაცვლად, ბოლნისელებმა საკუთარი მოედანის უპირატესობა მიიღეს.
ეს მცირე უპირატესობა სულაც არაა და კლუბის ხელმძღვანელობას შეეძლო თამაში ბოლნისში დაენიშნა, მაგრამ მატჩის დღეს კოკისპირული წვიმაა გამოცხადებული და არჩევანიც “შევარდენზე” შეჩერდა, რომელიც კარგადაა დაცდილი და “აიას” გარდა იქ ერთი კვირის წინ “ლოკომოტივის” 18:16 დამარცხება მოხერხდა. მოკლედ, საინტერესო ბრძოლას “ყოჩების” თბილისელი გულშემატკივარი იხილავს, ბრძოლა კი, მართლაც უშეღავათო იქნება, რადგან ერთი მატჩის ჯამში შემდეგ ეტაპზე მხოლოდ გამარჯვებული გადის.
რეგულარული პირველობის ურთიერთშეხვედრებს კიდევ ერთხელ გადავხედოთ: ქუთაისურ მატჩზე სათქმელი არაფერია, რადგან იქ “ყოჩებს” ფაქტობრივად არ უთამაშია და შედეგიც შესაბამისი დაფიქსირდა. ერთი თვის წინ გუნდმა ორი შეცდომა დაუშვა, რასაც მეტოქის ორი ლელო მოყვა და მსგავსი რამ აღარ უნდა განმეორდეს. გარდა ამისა, მაშინ “აიას” ახალგაზრდული ნაკრების რამდენიმე წევრი აკლდა, რომლებიც ამჟამად მოედამნზე იქნებიან და ბიჭებს ორმაგი მონდომები მართებთ.
მაგრამ “ყოჩები” ბოლო დროს ძალიან კარგ ფორმაშია და 10-იდან 8 თამაში მოიგო, ის ორი კი, ბოლო წამებზე მხოლოდ თითო-თითო ქულით დათმო. გარდა ამისა, კარგ ფორმაში არიან გუნდის ლიდერები: თემურ სოხაძე 217 ქულით საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირა. მან 3 ლელო, 23 გარდასახვა, 46 ჯარიმა და 6 არეკნი გაიტანა. არეკნის დამრტყმელი, რომელმაც შესაძლოა მატჩის ბედი გადაწყვიტოს, “აიასაც” ყავს – გაგა სინაურიძემ თამაშიდან 4 ზუსტი დარტყმა შეასრულა. ჯამში მას 88 ქულით ბომბარდირთა შორის მე-8-ე ადგილი უკავია (14 გარდასახვა, 16 ჯარიმა და 4 არეკნი).
“ყოჩების” გამორჩეული მელელოვე დავით ხიდეშელია (6 ლელო), მასზე 1 ლელოთი ნაკლები აქვს გატანილი ლევან გოგოლაშვილის. “აიას” შემადგენლობაში 5-5 ლელო აქვთ გატანილი გიორგი აბრამიძეს და ზურაბ ძნელაძეს.
თამაშს, რომელიც 16:30 საათზე დაიწყება ირლანდიელი რეფერი განსჯის და ეს გარკვეულ პრობლემებს შექმნის, რადგან ქართველი მორაგბეებისთვის მათი მსაჯობის სტილი უცხოა. თუმცა, ამ შემთხვევაში ორივე გუნდი თანაბარ მდგომარეობაში იქნება და სალაპარაკო არაფერია. პლეი ოფის მეორე მატჩში, “ავჭალაზე” “ლოკომოტივი” “ჯიქებს” ეთამაშება და მეორე ეტაპზე ერთმანეთს გამარჯვებულები შეხვდებიან, ხოლო დამარცხებულები ჩემპიონატს მეხუთე-მეექვსე ადგილზე დაასრულებენ.
სამწუხაროდ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ამ უმნიშვნელოვანეს თამაშს ვერ იწყებს საქართველოს ეროვნული ნაკრების 9 ნომერი გიორგი ბეგაძე. ის განაცხადში მაინც იქნება და მოედანზე საჭიროების შემთხვევაში შევა. მის ადგილს შავლეგ მახარაშვილი დაიკავებს, ხოლო 15 ნომრად თამაშს ლუკა კვარაცხელია იწყებს.

საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატი
3 მაისი. პლეი ოფი. პირველი ეტაპი
თბილისი. “ავჭალა”. 16:30 საათი
I.ლოკომოტივი (თბილისი) – ჯიქები (თბილისი)
თბილისი. “შევარდენი”. 16:30 საათი
II.ყოჩები (ბოლნისი) – აია (ქუთაისი)
ყოჩები: 15. ლუკა კვარაცხელია, 14. ლევან გოგოლაშვილი, 13. რატი გარუჩავა, 12. გიორგი ხარშილაძე, 11. ირაკლი გეგენავა, 10. თემურ სოხაძე, 9. შავლეგ მახარაშვილი; 1. ბაჩანა გოგიშვილი, 2. დავით ხიდეშელი, 3. გიორგი ხოსიტაშვილი, 4. რატი ურუშაძე, 5. დავით გრძელიშვილი, 6. ბექა გუგეშაშვილი, 7. გიორგი ტყეშელიაძე, 8. ნიკოლოზ ჩხიკვაძე.
სათადარიგოები: 16. ლევან შენგელია, 17. თემურ ჯინჭარაძე, 18. გიორგი ხვისტანი, 19. გია ტვილდიანი, 20. გაგა მაისურაძე, 21. გიორგი ბეგაძე, 22. რატი ხუციშვილი, 23. გიორგი აბდუშელიშვილი.

10-11 მაისი. პლეი ოფი. მეორე ეტაპი
I გამარჯვებული – II გამარჯვებული
არმია (თბილისი) – ლელო (თბილისი)

Share.

Comments are closed.