ბოლნისის ადგილობრივი გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმის სტრატეგიებზე მუშაობა გრძელდება

0

wyarostavi004სასმელი წყალი, ჰაერი, მდინარე მაშავერა, ზედაპირული წყლები და მწვანე საფარი, სწორედ ამ საკითხების ეკოლოგიურ მხარეზე იქნება მიმართული ბოლნისის ადგილობრივი გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმა. აღნიშნული სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით არასამთავრობო ორგანიზაციებმა და დაინტერესებულმა პირებმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტში რიგით მესამე შეხვედრა გამართეს, სადაც განხილული იქნა სამოქმედო გეგმის მიზნები, ამოცანები და ძირითადი ღონისძიებები.
ადგილობრივი გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმის შემუშავება წარმოადგენს სტრატეგიული დაგეგმარების გრძელვადიან პროცესს, რომელიც მიმართულია გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენებისკენ. აღნიშნული პროგრამის ძირითადი პრინციპია ადგილობრივ დონეზე საზოგადოების აქტიური მონაწილეობა გარემოსდაცვითი საკითხების გადაწყვეტილებების მიღებაში. ადგილობრივი გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმის შემუშავებაში მონაწილეობას ღებულობენ საზოგადოების სხვადასხვა ფენების წარმომადგენლები. პროექტში ჩართულობით მოქალაქეები იძენენ პრაქტიკულ გამოცდილებას, თუ როგორ შეიტანონ წვლილი ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების პროცესში და დაიცვან საკუთარი უფლებები.
კოალიციური პროექტი სახელწოდებით ,,მოსახლეობის გარემოსდაცვითი ინტერესების დაცვა სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის ფარგლებში“, წარმატებით ხორციელდება ქუთაისში, ტყიბულსა და ბოლნისში. როგორც უკვე ავღნიშნეთ ბოლნისში მიმდინარეობს სამოქმედო გეგმის შემუშავება რომლის დასრულების შემდეგაც დაიწყება კონკრეტული ღონისძიებების გატარება.

,,3 მაისს ბოლნისში რიგით მესამე შეხვედრა გავმართეთ სადაც განვიხილეთ და გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმის სტრატეგიული მიზნები, ამოცანები და ძირითადი ღონისძიებები. ვიმსჯელეთ იმ საკითხებზე რაც ბოლნისის მუნიციპალიტეტში გარემოს დაბინძურების კუთხით არსებობს და შევიმუშავეთ გარკვეული გზები მათ გადასაჭრელად. გარემოს მდგომარეობა ძალიან მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც იგი დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. თქვენს ქალაქში კი ამ კუთხით ძალიან ბევრი პრობლემაა. ეს ეხება ჰაერისა და ზედაპირული წყლების დაბინძურებას, სასმელი წყლის ხარისხის უზრუნველყოფას, მწვანე საფარის შემცირებას, მდინარე მაშავერასა და ნარჩენების მართვას. სწორედ ამ საკითხების მოგვარების კუთხით ვიმუშავებთ ბოლნისში,“აღნიშნა bolnisi.ge-სთან პროექტის კოორდინატორმა, იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირის წევრმა ქეთევან ცხაკაიამ.

Share.

Comments are closed.