“RMG გოლდზე დამოკიდებულია 3 000 მუშა, მუნიციპალიტეტის 1 100 თანამშრომელი და 75 000 ბოლნისელი”

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრა ობოლაძემ ორი დღის წინ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ოქროს მომპოვებელი კომპანია RMG გოლდის საქმიანობა ბოლნისის ყოფნა-არყოფნას დაუკავშირა. ობოლაძე ამ თანამდებობაზე დაახლოებით 6 თვის წინ დაინიშნა, როგორც ამბობენ სასჯელაღსრულების მინისტრ სოზარ სუბარის რეკომენდაციით, “გურია ნიუსისთვის” მიცემულ ინტერვიუში გამგებელმა ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ ბოლნისში მისი ჩასვლა კოალიციის საერთო გადაწყვეტილება იყო.

_ ქალბატონო ალექსანდრა, სხვადასხვა წლებში სოზარ სუბართან ერთად მუშაობდით ჯერ სახალხო დამცველის ოფისში, შემდეგ “ქართულ პარტიაში”, “ქართულ ოცნებაში, სასჯელაღსრულების სამინისტროში. ამბობენ, რომ გამგებლადაც სუბარის რეკომენდაციით დაინიშნეთ…

სტაჟირება გავიარე პროკურატურაში. შემდეგ გადავინაცვლე არასამთავრობო ორგანიზაციაში და კონკურსის წესით მოვხვდი სახალხო დამცველის აპარატში. იქ გავიცანი სოზარ სუბარი. გიორგი ტუღუშის მოსვლის პერიოდში ოპოზიციონერობის გამო გამათავისუფლეს სამსახურიდან და ეს არც დამიმალეს. ამის მერე ვიყავი “ალიანსში”, შემდეგ გიდასტურებთ, რომ ვიყავი “ქართულ პარტიაში”, შემდეგ გავწევრიანდი “ქართულ ოცნებაში” და ვარ პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი. საპარლამენტო არჩევნებისთვის კოალიციამ გამომაგზავნა ბოლნისის შტაბში და ვატარებდი საარჩევნო ტრენინგებს. არჩევნების შემდეგ დავიწყე მუშაობა სასჯელაღსრულების სამინისტროში და მალევე მივიღე შემოთავაზება ბოლნისის გამგებლის პოზიციაზე. პირველად უარი განვაცხადე, რადგან იცით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რა სიტუაცია იყო: იქ დაგვხვდა დიდი ცოცხთ თაყვანისმცემლების გუნდი და ჩავთვალე, რომ იმ პერიოდში იქ უნდა ვყოფილიყავი. გარკვეული პერიოდის შემდეგ, მეორედაც მივიღე შემოთავაზება კოალიციისგან, რაზედაც დავთანმხდი და საკრებულოს უმრავლესობამ ამირჩია გამგებლად. დღეს ვასრულებ გამგებლის მოვალეობას.

_ ვიდეო მიმართვაში განაცხადეთ, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 80%-ს RMG გოლდი ავსებს. ხომ არ დაგვიკონკრეტებთ რა თანხაზეა საუბარი?

პროცენტებად ვერ გადაგიყვანთ, მაგრამ წლევანდელი ბიუჯეტი დაგეგმილია 12 მილიონის ფარგლებში და მინდა გითხრათ, რომ ეს არის ყველაზე დაბალი ბიუჯეტი, რაც ბოლო წლებში ბოლნისს ჰქონია. ამ 12 მილიონიდან 80%-ს RMG ჯგუფი იხდის გადასახადების სახით. 6 თვეა აქ ვარ და ამ ხნის მანძილზე ბოლნისის მუნიციპალიტეტში სულ ფინანსური კრიზისია, ფაქტობრივად პარალიზებულები ვართ, ხელფასების გაცემის პრობლემაა და ვიდეო მიმართვაში უბრალოდ გამოვთქვი ჩემი გულის წუხილი.

_ ფინანსური კრიზისი რამ გამოიწვია? კომპანია არ იხდის დროულად გადასახადებს?

კომპანიის საქმიანობა ფერხდება. ჯერ იყო გაფიცვები, ახლა წამოიწია საყდრისი-ყაჩაღიანის თემამ და ეს ყველაფერი ხელს უშლის კომპანიას, ვერ გააქვთ მადანი და ვერ ამუშავებენ მიწას. მუდმივად არის ლაპარაკი, რომ ამ პროცესების უკან დგას მხოლოდ მადნეულში დასაქმებული 3 ათასი ადამიანი, ამ 3 ათასს ემატება 1100 ბოლნისის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი და ასევე რაიონის 75 ათასი მაცხოვრებელი. ყოველდღიურ რეჟიმში, ვხვდები მოსახლეობას, მაინტერესებს ამ თემასთან დაკავშირებით მათი აზრი და ისინი ფიქრობენ, რომ კომპანიამ უნდა იმუშაოს და ადამიანები დასაქმდნენ.

_ მუნიციპალიტეტები, სადაც ოქროს არ მოიპოვებენ, არსებობენ და აქედან გამომდინარე ხომ არ ფიქრობთ, რომ 75 ათასი ადამიანის მიბმა ერთ საწარმოზე, ხელოვნურად ხდება?

_ წლების მანძილზე ასე იყო, რაც ეს რაიონი არსებობს და ოქროს მოპოვება მიმდინარეობს. კანონით რეგულირდება, რომ წიაღის მოსაკრებელი რჩება მუნიციპალიტეტს. რასაკვირველია თუ ადამიანურად ვილაპარაკებთ, ოქროს საბადოების არ არსებობას არაფერი ისეთი შედეგი არ მოყვება, მაგრამ თუ გლობალურად შევხედავთ, ამ კომპანიის საქმიანობა ნამდვილად მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში მუნიციპალიტეტი უნდა დაჯდეს სახელმწიფო ტრანსფერზე და უნდა დაფინანსდეს ცენტრალური ბიუჯეტიდან. აქვე მინდა გითხრათ, რომ ეს არის უმსხვილესი ინვესტიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით. რასაკვირველია ამ ინვესტიციის წინააღმდეგ ვერ წავალთ, რადგან თუ დამატებით არ შემოვიდა კაპიტალი და ინვესტიცია არ ჩაიდო, ჩვენს ქვეყანაში დასაქმების პრობლემა ვერ აღმოიფხვრება.

_ თქვით, რომ მუნიციპალიტეტში დასაქმებულ 1100 ადამიანი ხელფასს RMG გოლდის გადასახადებიდან იღებს. ვინ არიან ეს ადამიანები და რა თანამდებობებზე მუშაობენ?

მუნიციპალიტეტში ვგულისხმობ ასევე შპს-ებს, აიპ-ებს, ეს არის კულტურული, კომუნალური სამსახური, სპორტი, ჯანდაცვა. სულ 12 ერთეულია, სადაც საკრებულოს თანამშრომლებთან ერთად 1100 თანამშრომელია დასაქმებული.

_ საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია 14 აპრილიდან მიმდინარეობს, იყო რამდენიმე ინცინდენტი, თითქმის ყოველდღიურად იძახებენ პოლიციას, თუმცა თქვენ როგორც გამგებელი, იქ არასდროს გამოჩენილხართ…

მე არ ვერიდები არანაირ ჯგუფებთან შეხვედრას, ეს უბრალოდ დაემთხვა აღდგომის დღესასწაულს და ბოლნისიდან გასული ვიყავი. სხვათაშორის, აქციაზე დგანან სტუდენტები, რომლებიც ჩემთან ერთად “ქართული ოცნების” შტაბში იმყოფებოდნენ და მათთან დღემდე მაქვს კონტაქტი. გარდა ამისა, სისტემატიურად ვხვდებოდი კომპანიის გაფიცილ მუშებს და მათი პრობლემის მოგვარებას ვცდილობდი.

_ გარემოსდაცვითი ორგანიზაციები ერთხმად აცხადებენ, რომ კაზრეთი ეკოლოგიური კატასტროფის ზონაა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად რას აკეთებთ?

ჩემი აქ დანიშვნიდან მალევე შევხვდი კომპანია RMG გოლდის წარმომადგენლებს და დავსვი ეს საკითხი. ისინი პრობლემას აღიარებენ და ამბობენ, რომ მათ აღმოფხვრას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შეძლებენ. თუმცა, ბოლო 6 თვეა, მუდმივად დაძაბული ვითარებაა კომპანიასთან მიმართებაში და ვერა და ვერ დაიწყო ამ საკითხზე მუშაობა. თუ არ ვცდები 12 მილიონის ჩადებას აპირებენ ამ მიმართულებით.

თუ დადასტურდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უძველესი ოქროს მაღაროს არსებობა, ფიქრობთ თუ არა, რომ ტურიზმით გაცილებით მეტ და რაც მთავარია, სტაბილურ შემოსავალს მიიღებს ბოლნისი?

თუ დადასტურდება, რომ ეს ნამდვილად მაღაროა, არაფერი მექნება საწინააღმდეგო. როგორ შეიძლება ამასთან დაკავშირებით უარყოფითი პოზიცია მქონდეს. რაც შეხება ტურიზმის თემას, ზუსტად ვერ გიპასუხებთ რამდენი ტურისტი შემოვა და როგორი იქნება ეს ბრუნვა, თუმცა რამდენადაც ვიცი, დმანისში ზეზვასა და მზიას მუზეუმი ხალხმრავლობით არ გამოირჩევა. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა პირობებს შევუქმნით და რას შევთავაზებთ ტურისტს.

_ რას ფიქრობთ საყდრისის თემასთან დაკავშირებით?

_ თებერვლის დასაწყისში ვესწრებოდი პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრას, სადაც მეცნიერების ორივე მხარე იყო წარმოდგენილი. დამაჯერებელი არ იყო იმ მეცნიერების პასუხი, ვინც აცხადებს, რომ ეს მაღარო უძველესია. ვერ ადასტურებდნენ, რომ 5 ათასი წლის წინ ამ ტექნოლოგიებით შესაძლებელი იქნებოდა ოქროს მოპოვება. თუ ვინმე დამაჯერებს, რომ 5 ათასი წლის წინ მადნის გამოტუტვა იყო შესაძლებელი, მართლა სიამოვნებით მივიღებ ამ ინფორმაციას. 4-5 საათის განმავლობაში გაგრძელდა ეს დებატები, თუმცა, მათმა მსჯელობამ ვერაფერში დამარწმუნა. შეხვედრის დასრულების შემდეგ დამატებითი კითხვებიც კი დავუსვი ლორთქიფანიძეს, თუმცა აზრი არ შემცვლია.

ეკა ალფაიძე

gurianews.com


Share.

Comments are closed.