41:17 „ყოჩები” წარმატებით სვლას განაგრძობს

0

ბოლნისის „ყოჩებმა” ზღვისპირეთში, ანგისაზე ადგილობრივი „ბათუმი”  41:17 დაამარცხა და ზედიზედ მეშვიდე გამარჯვებით სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა. ამ მოგებით „ყოჩებმა” რეგულარული პირველობის დასრულებამდე ორი ტურით ადრე საბოლოოდ დაიმკვიდრა ადგილი საუკეთესო ექვსეულში და ამავდროულად, მე-16-ე ტურის სხვა მატჩების შედეგების გათვალისწინებით, ოთხეულში აღზევდა და ლიდერებთან ჩამორჩენის შანსი მინიმუმამდე შეამცირა.

bolnisi.ge კლუბის ხელმძღვანელს თემურ გაფრინდაშვილს ესაუბრა.

_ სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე დაძაბული თამაში იყო იმდენად, რამდენადაც პრემიალური ქულით გვინდოდა გამარჯვება. დაგეგმილი გვქონდა და ესეც გავაკეთეთ, მივაღწიეთ პრემიალური ქულის აღებას. პირველივე ტაიმში დავდეთ ოთხი უპასუხო ლელო, მეორე ტაიმში ორი. სამი ლელოთი თუ მოიგე მოწინააღმდეგესთან უკვე პრემიალური ქულაა. პირველივე ტაიმში შევასრულეთ დაგეგმილი ამოცანა. მეორე ტაიმის მეორე ნახევარში შედარებით ახალგაზრდა ბიჭები შევიყვანეთ და ძირითადი შემადგენლობიდან რამდენიმე კაცი დავასვენეთ. საბოლოო ჯამში კმაყოფილი ვარ. ყველაფერი ხუთიანზე შეასრულეს ბიჭებმა, ის დავალებები რაც მწვრთნელებმა მისცეს. შეიძლება ითქვას, რომ სულ უშეცდომოდ ჩაიარა ტაიმნახევარმა, უკვე ბოლოში, როცა ვიგებდით 41:3-ს ცოტა მოდუნდნენ, მაინც პატარა ბიჭები არიაინ, მაგრამ იმ პატარებმაც გამოცდილება მიიღეს, ორი ლელო გაუშვეს. ლელოების რაოდენობით 6 ლელო ჩვენ დავდეთ, ორი მოწინააღმდეგემ დაგვიდო.

_ როგორ აისახა ეს მოგება სატურნირო ცხრილზე?

_ ამ შედეგით ავიღეთ 5 ქულა სატურნირო ცხრილში. ხვალინდელ შედეგს უნდა დაველოდოთ, სავარაუდოდ მესამე ადგილზე უნდა გავიდეთ, ეს დამოკიდებულია ხვალინდელი შეხვედრების შედეგზე. დღეს უკვე ვართ მესამე ადგილზე, ხვალინდელი შედეგის შემდეგ ან დავიწევთ ერთი საფეხურით, ან დავრჩებით მესამე ადგილზე.

_ ვისთან გექნებათ შემდეგი შეხვედრა?

_ შემდეგი თამაში გვექნება თბილისის „არმიასთან”. საკმაოდ სერიოზული გუნდია. ამ შეხვედრას პატარა ფინალსაც კი ვეძახით. „არმიასთან” მოგებით შეიძლება ითქვას, რომ 1-2 ადგილს გავინაღდებთ.

 


Share.

Comments are closed.