23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა

0

23 აპრილს წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს  საქართველო  მეთექვსმეტედ აღნიშნავს. ამ დღეს გაცილებით დიდი ისტორია აქვს, მსოფლიოში 80 ქვეყანა აღნიშნავს და სათავეს კატალონიიდან იღებს. ქალები მამაკაცებს წიგნებს ჩუქნიდნენ, ხოლო სამაგიეროდ ყვავილებს იღებდნენ. ამის გაკეთება ყველას არ შეეძლო, რადგან წიგნის ყიდვა ძვირი სიამოვნება გახლდათ. შესამაბისად, ეს ძირითადად დიდგვაროვანთა წრეებისთვის უფრო იყო დამახასიათებელი. უკვე 90-იანი წლების დასაწყისში, დღის წესრიგში დადგა ამ დღის ოფიციალურ თარიღად გამოცხადების საკითხი, გადაწყვეტილება მიიღეს განათლების გავრცელების, კულტურული ტრადიციების და შეგნების ამაღლების მიზნით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ წიგნი ცოდნის გავრცელების და  შენახვის  ყველაზე ხელმისაწვდომი  საშუალებაა. იუნესკოს გადაწყვეტილებით 1995 წელს 23 აპრილი ოფიციალურად დასახელდა წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღედ და 1996 წლიდან დაიწყო კიდეც მისი აღნიშვნა. ამ დღეს არაერთი ქვეყნის ქალაქის ქუჩები ახალი თუ ძველი წიგნებით იფინება და კაცობრიობა კიდევ ერთხელ იწყებს მის შეუცვლელობაზე საჯაროდ საუბარს. 23 აპრილი იმის გამო შეირჩა, რომ 1616 წლის ამ დღეს გარდაიცვალა მიგელ დე სერვანტესი, უილიამ  შექსპირი და ინკა გარსილასო დე ლა ვეგა. თავდაპირველად იუნესკომ ახალგაზრდებს მოუწოდა წიგნში ეძებნათ სიამოვნება.

2003 წელს საქართველოც შეუერთდა ამ დღეს.

ძველისძველი გადმოცემის თანახმად, დამწერლობა ეგვიპტელთა ღმერთს ტოტს  შეუქმნია და ფარაონისთვის უთქვამს _ ამით კაცთა მოდგმას დავამახსოვრებ იმას, რაც შეიძლება დაავიწყდეთო. ფარაონი შეშფოთებულა და ჯერ ტოტის გამონათქვამზე მიუთითებია, შემდეგ _ ადამიანზე და უთქვამს: „ეს (დამწერლობა) მოკლავს ამას (მეხსიერებას)“. ცხადია, დღეს წერას და კითხვას აღარავინ უფრთხის, რადგან ადამიანები დარწმუნდნენ, რომ იგი მეხსიერებას კი არ კლავს, არამედ აწრთობს, ძალას მატებს. Bolnisi.ge სკოლის მოსწავლეებს გაესაუბრა, გამოკითხულთა უმეტესობა არჩევანს წიგნზე აკეთებს, თუმცა აღნიშნავს, რომ 21-ე საუკუნეში ინფორმაციის მოსაძებნად საუკეთესო საშუალება კომპიუტერია. „წიგნისადმი ინტერესი დღეს ჩემი აზრით ნაკლებია, ახალგაზრდების უმეტესობა ინფორმაციას კომპიუტერის საშუალებით მოიპოვებს, კომპიუტერი წიგნიერების ახალი სახეა, ათასგვარი რაღაცის მოწოდება შეუძლია, მაგრამ წიგნის შეცვლა ნამდვილად არ შეუძლია.  მე მაგალითად ინტერნეტში რამის წაკითხვას, თვალების დაღლას, მირჩევნია სავარძელში მოხერხებულად მოვკალათდე და წიგნიდან წავიკითხო ლექსი, მოთხრობა და ა.შ.  მოვიშველიებ უბერტო ეკოს სიტყვებს, რომელიც ამბობს, რომ „კომპიუტერის გამოგონებით ადამიანმა დიდი ხნის ოცნება აისრულა. მას შეუძლია სურვილისამებრ  ცვალოს და შეავსოს ტექსტები, მაგრამ მთავარი მანქანა, რომელიც ურიცხვი ტექსტის საშუალებას იძლევა, ათასწლეულის წინ არის გამოგონებული და მას ანბანი ჰქვია“. _აღნიშნა ელენე გოგოლაძემ.

საბა კვიციანი:“ წიგნი _ ცოდნის წყაროა, ყველა ადამიანს უნდა უყვარდეს, უამრავ რამეს გვასწავლის, გვიამბობს სხვადასხვა ეპოქის ისტორიას, ადამიანთა ცხოვრებას, ვერ დავიჯერებ, რომ ახალგაზრდები კომპიუტერში წიგნებს კითხულობენ, სახლში კომპიუტერიც მაქვს, მაგრამ წიგნიდან წაკითხული სულ სხვაა. უდიდეს სიამოვნებას ვღებულობ. განსაკუთრებით მიყვარს ისტორიული ჟანრი, ყველა ადამიანს ვურჩევ დაუმეგობრდეს   წიგნს და შეიყვაროს.


Share.

Comments are closed.