„ჩვენ არავისზე ნაკლები პატრიოტები არ ვართ“ – „საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის“ წევრებთან RMG-ის თანამშრომლები მივიდნენ

0

10295360_773707232639421_2397167109346592381_o„გადავარჩინოთ ისტორიული ძეგლი“, „შორს ხელები საყდრისისაგან“, ამ დევიზით უკვე მეთორმეტე დღეა საყდრისის მიმდებარე ტერიტორიაზე „საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის“ წევრებმა კარვები გაშალეს. როგორც საპროტესტო აქციის მონაწილეები აცხადებენ, მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ აპირებენ ტერიტორიის დატოვებას, მათ უერთდებიან ის ადამიანები, ვისაც აღელვებს საყდრისის ბედი, ვინც ფიქრობს რომ აქ ნამდვილად მოიპოვებდნენ უნიკალური წესით პირველად ოქროს, მათი აღნიშვნით ეს ზონა ყველაზე საინტერესო იქნება ტურისტებისთვის. საყდრის-ყაჩაღიანის მიმდებარე ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა უკვე მუშაობს. პერიმეტრს კომპანია RMG-ის დაცვის პოლიცია იცავს, შესაბამისად ამ ტერიტორიაზე აქციის მონაწილეები არ შესულან და ისინი სიტუაციას მოპირდაპირე მხრიდან აკვირდებიან. RMG გოლდთან აქციის მონაწილეები სამი მოთხოვნის შესრულებას ითხოვენ.

„ვითხოვთ შეწყდეს სამუშაოები და ნუ აზიანებენ მიზანმიმართულად ისტორიულ ძეგლს, ასევე მოხდეს იმ სპეციალისტების შემოსვლა, ვინც წლების მანძილზე აწარმოებდა აქ არქეოლოგიურ გათხრებს და მათ ნახონ რა მდგომარეობაშია ამ ეტაპზე ძეგლი, რადგან ყოველდღიურად RMG აქ სამუშაოებს აწარმოებს. ჩვენი უმთავრესი მოთხოვნაა მიუკერძოებელი საერთაშორისო ექსპერტების ჩამოსვლა.    ეს ჯგუფი ქართულ მხარეს გერმანულმა მხარემ შესთავაზა, ექსპედიცია  სხვადასხვა ქვეყნის  სამეცნიერო წრეებშია აღიარებული. ამ ადამიანებმა უნდა დადონ საბოლოო დასკვნა საყდრისზე, არის თუ არა ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა“. – აღნიშნა საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრმა ირაკლი მამალაძემ.

აქციის წევრების განცხადებით, საყდრისზე დაწესებული აქვთ 24 საათიანი მეთვალყურეობა. კარვების აქცია3

„ჩვენ სამუშაოს არ ვართმევთ  ადამიანებს, ისინი სახელმწიფომ უნდა დაასაქმოს და ასევე დაიცვას ისტორიული ძეგლი, ჩვენ, როგორც პრემიერმა თქვა, ვეძებთ ოქროს შუალედს, ველოდებით დასკვნას, რომელიც უნდა დაიდოს  8 დღეში, სწორედ მაშინ გადაწყდება საყდრისის ბედი. კულტურის მინისტრს შევხვდით და დაგვპირდა, რომ ჩვენი მოთხოვნები იქნება დაკმაყოფილებული. ჩამოვიდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფი, რომელმაც შემოავლო ლენტი მთის წვერს,  ჩვენ ვართ უკმაყოფილოები, რადგან ფაქტიურად არ არის  დაფარული მთლიანი ზონა, სადაც არქეოლოგებმა უნდა იმუშაონ. ამდენი ხნის მანძილზე ვერცერთმა აქციის წევრმა ვერ შევძელით იქ შესვლა, RMG გოლდსაც არ აქვს დამაჯერებელი პასუხი, სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, თუ ეს აწყობთ, მაშინ დაანგრიონ საყდრისი, გავყიდოთ ჯვარი, გელათი და ამ თანხით დავასაქმოთ ადამიანები, ძალიან ცუდი, თუ ამას ფიქრობს სახელმწიფო, ჩვენ არ ვაპირებთ აქედან წასვლას, ამიტომ დათანხმდა RMG გოლდი გერმანელი არქეოლოგის თომას შტოცნერის ჩამოყვანას.  ვითხოვთ მასთან ერთად  სამუშაოებში ჩაებას 5 ექსპერტი, რომელიც იკვლევდა ამ ტერიტორიას. ტერიტორიას იცავს  დაცვის პოლიცია, ფაქტიურად ოკუპირებულია  ეს ადგილი, ჩიტიც კი ვერ შეფრინდება“. –აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა წევრმა.

ნინო ბურჭულაძე, გაზეთ „კვირის პალიტრას“ ჟურნალისტი:

–        ხშირად აპელირებენ, თუ RMG აქ  სამუშაოებს დაიწყებს, ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობას მოხმარდება და დასაქმდებიან ისინი, თუმცა ეს ტყუილია, რადგან მადნეულსა და კვარციტისგან ადგილობრივმა მოსახლეობამ ნაკლებად ნახა სარგებელი. ნახა მხოლოდ დაბინძურებული წყალი, ჰაერი, გაიზარდა ონკოლოგიური დაავადებები. მე აქ ვდგავარ არა როგორც ჟურნალისტი, არამედ როგორც გულშემატკივარი, ვუერთდები ამ მოთხოვნებს და ჩვენ ერთად უნდა გადავარჩინოთ საყდრისი, რადგან ძეგლი არა მარტო ბოლნისის, არამედ ყველა ადამიანისაა. ეს მსოფლიო ცივილიზაციის უნიკალური ძეგლია. პერიოდულად აქციას ადგილობრივი მცხოვრებლებიც უერთდებიან, მათ გუშინ ააგეს კოშკურა, საიდანაც 24 საათის მანძილზე დააკვირდებიან საყდრისის ტერიტორიას.

დღეს RMG თანამშრომლებმა საპროტესტო აქციის მონაწილეობის საპასუხოდ მშვიდობიანი გამოსვლა მოაწყვეს, მათ „საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის“ წევრებს დაშლისკენ მოუწოდეს, აქციას კი პოლიტიკურად მართული უწოდეს.

ნათია კაკავა, RMG კოპერის თანამშრომელი:

–         რამდენიმე დღეა მთელ საქართველოს ესმის ამ ვაი ახალგაზრდების საპროტესტო აქციის ხმა. დარწმუნებული ვარ უმრავლესობამ საერთოდ არ იცოდა ეს ადგილი, იძახიან კულტურული ძეგლიაო, ჩვენ არავისზე ნაკლები პატრიოტები არ ვართ და ნამდვილად ვერ გვაჯობებენ სამშობლოს სიყვარულში. შოკის მომგვრელი იყო ჟურნალისტის ირმა ინაშვილის განცხადება,  ადგილი, რომელსაც ნაგავსაყრელად იყენებდა ხალხი, მან სვეტიცხოველს შეადარა, რაც ნამდვილად სამარცხვინოა. პრემიერ მინისტრმა მთავრობის სხდომაზე მკაფიოდ დააფიქსირა, რომ მიეცეს კომპანიას მუშაობის საშუალება. ვფიქრობ  ამ ადამიანების უკან დგანან ის ძალები, ვისაც ეს მდგომარეობა აწყობს და  ყველაფერი მიზანმიმართულად კეთდება. მალე თუ არ მოხდება ამ ობიექტის ათვისება, ხელი შეგვეშლება მუშაობაში, სამუშაოები აღარ გაგრძელდება და აღარც ხელფასები გვექნება.

პაატა ბარტყულაშვილი, RMG  თანამშრომელი:

–        არ შეიძლება 15 სტუდენტმა და მარინე მიზანდარმა 3000 ოჯახის ბედი გადაწყვიტოს. მე კომპეტენტური არ ვარ, თუმცა ვეყრდნობი დასკვნებს, რომელიც დაიდო საყდრისთან დაკავშირებით, ეს არ არის კულტურული ძეგლი. ჩვენ მშვიდობიან აქციას ვმართავთ და მოვუწოდებთ დაიშალონ. საყდრისით წყდება ჩვენი ბედი, თუ არ მოხდა ამ ობიექტზე შესვლა, გაჩერდება საწარმო. შეწყდეს დავა და  საწარმოს მიეცეს სრულფასოვანი მუშაობის საშუალება.

საპასუხო განცხადება „საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის“ წევრმა ეკატერინე სოხაძემ გააკეთა:

–        ჩვენ არავისგან არ ვართ მართულნი, პოლიტიკა არაფერ შუაშია. აქციის წევრების უმეტესობა სტუდენტები არიან, ვითხოვთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვას. ეს სპეციალურად არის მოწყობილი, უნდათ მუშებს დაგვაპირისპირონ, მაგრამ ჩვენ მათ სოლიდარობას ვუცხადებთ. საყდრისით არ განისაზღვრება მათი მუშაობა არ მუშაობის ბედი. კომპანიას შეუძლია აითვისოს სხვა ობიექტები. მუშებს ჩვენთან კი არ უნდა ჰქონდეთ პრეტენზია, არამედ  ადმინისტრაციასთან.

მაგდა დევნოზაშვილი

 

მსგავსი თემები: კომპანია RMG-ის პასუხი ICOMOS საქართველოს

გურამ ოდიშარია – როგორც ჩანს, წინასაარჩევნო პერიოდში ვიღაცას ხელს აძლევს აჟიოტაჟის შექმნა

კომპანია RMG Gold-ის განცხადება საყდრისის საბადოზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

ირაკლი ღარიბაშვილმა გურამ ოდიშარიას მოუწოდა, საყდრისთან დაკავშირებული პრობლემა დაუყოვნებლივ მოაგვაროს

კომპანია RMG GOLD-მა თომას შტოლნერს საყდრისთან დაკავშირებით წერილი გაუგზავნა


Share.

Comments are closed.