„ყოველწლიურად მგონია, რომ ჩემი ოცნება ასრულდება და გველებზე მონადირე დავით ბუიშვილი სერპენტარიუმს გააკეთებს”

0

ზაფხულის დადგომასთან ერთად ბოლნისში ქვეწარმავლების პრობლემა პირველ ადგილზე დგება და თითოეული ადამიანი დაძაბულია, რადგან დაუპატიჟებელი სტუმარი შესაძლოა მის სამზარეულოში ან საძინებელშიც აღმოჩნდეს. სწორედ გველების დაჭერა გაუვნებელყოფას ემსახურება ინდმეწარმე დავით ბუიშვილი, რომელსაც ტენდერში გამარჯვების შემდგომ ყოველწლიურად უახლდება ხელშეკრულება და ეძლევა დაფინანსება, რომ ადამიანების დახმარება შესძლოს.მიმდინარე წელსაც პირველი აპრილიდან დაიწყო დავით ბუიშვილმა მუშაობა და მიუხედავად იმისა, რომ  ცხელი დღეები ჯერ არ დამდგარა, უკვე ათი გამოძახება ჰქონდა. მისი სამსახური ათი წელია არსებობს და უამრავი ადამიანის სიცოცხლე აქვს გადარჩენილი. დავითის თქმით, არც წლევანდელი წელი იქნება გამონაკლისი და ბევრი გამოძახება ექნება, თუმცა პრობლემის მოგვარებას სხვანაირადაც ხედავს და დაწვრილებით გვიხსნის, თუ როგორ შეიძლება მცურავებისაგან  ბოლნისელების დაცვა და შემოსავლის მიღება.

_ წელს პირველი აპრილიდან დაიწყე მუშაობა და როგორც ვიცი, გამოძახებებიც გქონდა, ძირითადად რა სახეობის გველები დაიჭირე და რა ადგილებში?

_ ტენდერში ყოველწლიურად ვიღებ მონაწილეობას, წელსაც იგივე მოხდა და ხელშეკრულების საფუძველზე პირველი აპრილიდან დავიწყე მუშაობა. ათი გამოძახება  ძირითადად გიურზებზე მქონდა, შემთხვევები დაფიქსირდა სარდაფში, მარანში, გომურში. ერთხელ ძარაში შეძვრა და მანქანა ფაქტიურად ჰაერში ავწიეთ, რომ მემუშავა. რა თქმა უნდა დავიჭირე, პატარა გიურზა იყო, თუმცა არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, პატარასა და დიდს.

_ წლებია უკვე შენი სამსახური მუშაობს და ძალიან ბევრი ადამიანი გყავს გადარჩენილი, მათ შორის ჩემი ოჯახიც, რისთვისაც კიდევ ერთხელ გიხდი მადლობას. მაინტერესებს რამდენი გიურზა გყავს დაჭერილი და შენეული სტატისტიკა თუ გაქვს, რომელი წელი გამოირჩეოდა სიმრავლით.

_ თითქმის ყოველწლიურად ვაჯამებ ხოლმე, მაგრამ რამდენი დავიჭირე, ერთიანად არ დამითვლია, თითქმის ყოველი წელი გამორჩეულად ერთნაირია, რადგან არც გამოძახებას ვუჩივი და არც გველების სიხალვათეს. ჩემი სამსახურიც ათი წლის წინ სწორედ იმიტომ ჩამოყალიბდა, რომ ხალხი ძალიან იყო შეწუხებული გველების სიმრავლით. Aათი წელია რაც ეს სამსახური შეიქმნა, მაგრამ 30 წელია რაც ამ საქმეს, ასე ვთქვათ, არაოფიციალურად ვემსახურები და ვეხმარები ბოლნისელებს. მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ, რომ არ ივიწყებთ ჩემს შრომას და ყოველწლიურად ინტენსიურად აშუქებთ, აფასებთ იმ რისკს, რასაც მე ვწევ თითოეული გველის დაჭერის დროს, მითუმეტეს გიურზა, მოგეხსენებათ როგორი სახიფათოა მასთან მიახლოება. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ღრმა, ბნელი სარდაფიდან ამომიყვანია, შევმძვრალვარ ისეთ ვიწრო ადგილებში, სადაც ქვეწარმავალთან შერკინება დიდი რისკის შემცველი იყო. გიურზა საკმაოდ საშიში გველია, ის დებს 18-20 კვერცხს, საიდანაც მინიმუმ 7 წიწილი იზრდება და როდესაც კვერცხიდან გამოდის 10-15 სანტიმეტრისაა. კბენის შემთხვევაში, მასაც დიდი ზიანის მიყენება შეუძლია ადამიანისათვის. ამიტომ ვაფრთხილებ ბავშვებს, თუ სადმე დაინახავენ გველის წიწილებს, ახლოს ნუ მივლენ, გააგებინონ უფროსებს და დამირეკონ. გიურზა ცოცხალი არსებებით იკვებება, ამიტომ ყოველთვის დაკვირვებით იყავით სარდაფში, საქათმეში შესვლისას, ხშირად დამიჭერია საკურდღლეში შემძვრალი გიურზა.

_ გიურზას გარდა ბოლნისში კიდევ რა სახის შხამიანი გველები გვხვდება?

_ ეს არის კატისთვალა გველი. ისე ანკარები მრავლად არიან, წითელმუცელა  გველები, რომლებმაც ოჯახებით ცხოვრება იციან და ა.შ.

_ კიდევ ერთხელ უთხარი ხალხს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ დაკბენის შემთხვევაში?

_ პირველ რიგში კარგად გაასუფთავეთ ეზოები, რომ დაინახოთ სად ადგამთ ფეხს, თუ გველს არ გააღიზიანებთ, ის არ დაგესხმებათ თავს. კბენის შემთხვევაში, ნაკბენზე არ ჩაიტაროთ არანაირი პროცედურა, ან განაკვეთი, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს და მიიღეთ რაც შეიძლება მეტი სითხე.

_ როგორ ფიქრობ, შეიძლება თუ არა ბოლნისში გველების პრობლემის მოგვარება, მიუხედავად შენი დაუღალავი შრომისა გასულ წელსაც გვქონდა დაკბენის შემთხვევა, ქალბატონმა ქუჩაში ფეხი დაადგა გველს, რომელმაც უკბინა. საბედნიეროდ დროულად ჩაერია სამედიცინო დახმარება და გადაარჩინა. იყო შემთხვევა საწოლში აღმოაჩინეს გველი. ასეთი შემთხვევებისაგან დაზღვეულები არ ვართ. რა შეიძლება გაკეთდეს?

_ ოცდაათი წელია ამ საქმეს ვემსახურები და ყოველწლიურად მგონია, რომ ჩემი ოცნება ასრულდება და გველებზე მონადირე დავით ბუიშვილი სერპენტარიუმს გააკეთებს, თუმცა ეს ოცნებაა მხოლოდ, რომელიც დღემდე განუხორციელებელია და მხოლოდ მე არ ძალმიძს ამის კეთება, რადგან ეს თანხებთანაა დაკავშირებული. ერთადერთი გამოსავალი, რაც შეიძლება იყოს, სერპენტარიუმის მოწყობაა. სერპენტარიუმი ესაა შენობა ქალაქგარეთ, სადაც სპეციალიზირებულ გალიებში იქნებიან გველები დაცულები, საკვებითა და საჭირო სამედიცინო დაკვირვების ქვეშ. ვაწარმოებთ გველის შხამს, რომელიც რაიონის ბიუჯეტს დიდ შემოსავალს მოუტანს. შევქმნი რამდენიმე ადამიანით დაკომპლექტებულ ჯგუფს, რომლებიც ჩემთან ერთად ინადირებენ გველებზე. მოსახლეობაშიც აღარ ჩამოვლენ და სახელმწიფოც მიიღებს შემოსავალს, სამუშაო ადგილებიც შეიქმნება და ერთი გასროლით ორ კურდღელსაც დავიჭერთ.

_ საკმაოდ სერიოზული პროექტია დავით, თუ გაქვს გათვლილი რა დაჯდება სერპენტარიუმის გაკეთება?

_ კალკულაცია არ მიდევს, რადგან ვერ წარმოვიდგენდი ამით თუ ვინმე დაინტერესდებოდა და მკითხავდა. არსებობენ სპეციალისტები, ვისაც საკმაო გამოცდილება აქვთ ამ საქმეში და მათი დახმარებით შევძლებ თუ მთავრობა მოინდომებს ამის გაკეთებას.

_ წარმატებას გისურვებ, იმედია ამ სტატიას უამრავი ადამიანი გაეცნობა და შესაძლოა ვინმე სპონსორიც გამოჩნდეს. თუმცა, სანამ ეს მოხდება ისევ რეალურ საფრთხეს დავუბრუნდეთ და მითხარი დისველის ტერიტორია რომ არ გადაიწვა წელს, სავარაუდოდ  გველების მეტ რაოდენობას უნდა ველოდოთ?

_ საერთოდ, როცა იწვებოდა სავარგულები, უამრავი გველი ნადგურდებოდა. წელს არ გადაიწვა და შესაბამისად უფრო მეტი რაოდენობა იქნება, ვერ ვიტყვი ჩამოვლენ თუ არა ქალაქში, ამის პროგნოზირება წინასწარ არ შემიძლია, გული კი მიგძნობს, რომ საკმაოდ გვალვიანი წელი გველოდება და ამ დროს წყალს მოსახლეობაში ეძებენ ხოლმე. Mმინდა მოსახლეობას ვუთხრა, ვმუშაობ 24 საათიან რეჟიმში, მაქვს მუდმივად ჩართული ტელეფონი და საჭიროების შემთხვევაში დამიკავშირდნენ ტელეფონის შემდეგ ნომერზე: 551 79 36 76.

_ მადლობა საინტერესო საუბრისათვის, იმედია მშვიდობიანი ზაფხული გველოდება.

დარეჯან ოქრუაშვილი


Share.

Comments are closed.