„ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“ ენა უძველესი

0

ქართული ენა _ ენა უძველესი, ენა მდიდარი, ენა ლამაზი.

ქართული ენა _“საოცრება გასაშტერებელი“.

ქართული ენა _ ძირძველი, ხავერდოვანი, უმშვენიერესი…

„საიდან სადამდე იდინა _ იდინა შეუჩერებლად, იდინა და მოსწყდა როგორც მეწყერი, რომელმაც მთელი სიბრძნე, სიდიადე გზადაგზა აკრიბა, ამრავლა, ადიდა…

შორიდან არ დავიწყოთ…მეხუთე საუკუნეს არ გადავცდეთ, იქიდანაც კმარა ქართული ენის დამსახურება. კმარა, მარტო იმის თქმა, რომ ქართველებს ორნაირი წერა გვაქვს,_ ძველი და ახალი, როდესაც იმ ძველს ენაზედ“ იქმნებოდა შედევრები, როდესაც იმ ძველს ენაზედ ტკბილსიტყვაობდნენ ჩვენი დიდი წინაპრები, ამ დროს „სხვებს“ ეძინათ ღრმა და მშვიდი ძილით, იმ ძილით, რომელიც სულიერებას არ მოითხოვს, არ სჭირდება…

ასომთავრულის სახელით ცნობილმა ძველმა ანბანმა, (რომელსაც ასოთა სიმრგვალის გამო მრგვლოვანიც დაერქვა). დაგვიტოვა უძველესი ქართული წარწერები: ბოლნისის, მცხეთის, ჯვრის, ურბნისის, პალესტინის ქართული მონასტრის, (ბეთლემის ახლოს) და უძველესი ქართული პალიმფსესტები, რომლებიც მიმოფანტულია სხვადასხვაგან (ოქსფორდი, კემბრიჯი, ვენა). გარბიან წლები, საუკუნეები გარბიან და ულმობლად კეცავენ ლაბირინთებს, რთულ, მიხვეულ-მოხვეულ ბილიკებს. სხვა რაღა არის ჩვენი ცხოვრებაო _ უთქვამს ვიღაცას, ავკაშკაშდებით, მეტეორივით გავიქროლებთ და ჩავქრებით, ჩავიფერფლებითო… სხვა რაღა არის ჩვენი ცხოვრება, თუ არ დავტოვეთ ნათელი კვალიო, კვერი დაუკრავს ისევ ვიღაცას და კიდევ იცით რა უთქვამთ? ჩვენ დიდი ერის შვილები ვართ, ჩვენი გვარი, ჯიში და ჯილაგი ქართული ასომთავრულით, მხედრულით, ხუცურით იწერებაო… ჩვენს ენაზედ „ვეფხისტყაოსანი“ დაიწერაო, ჩვენს ენაზედ დიდი თამარი მეტყველებდაო, დიდი დავითი სინანულის ფიქრებს ამ ენაზედ ფიქრობდა და წერდაო. ფიქრობდა და წერდა… ნაფიქრიც დაგვიტოვა, ნაწერიც და ნაკეთებიც „დიდნი საქმენი“ ქართული მადლით და ლაზათით შეჯერებული, „საქმენი საგმირონი“ დიახ! ასეა ეს, გაზვიადების, გადაჭარბების, შელამაზების გარეშე, უბრალოდ, ძალიან შემოკლებული, მოკრძალებული.

და დგას საუკუნე უმაღლესი… საუკუნე კოსმოსის, კომპიუტერის საუკუნე, საოცრებათა, სიურპრიზების, მაგრამ  ვერ დამსგავსებული იმ საოცრებებთან, რომელიც ჩვენ ვიცით, რომელიც ჩვენ წაგვიკითხავს.

„ენაი შემკული და კურთხეული, ენაი მდიდარი და საკვირველი“, ენა შოთასი, ილიასი, ენა ვაჟასი და აკაკისი, დიდი და ძლიერი მოდგმისა, გენი განფენილი, გაძლიერებული და ამაღლებული ჩვენთა დიდთა წინაპართა მიერ…

ისევე, როგორც ქართულ ცეკვას ვერ იცეკვებს უცხოელი, („რასა არ ეყოფა“) ისე ვერ გაიგებს უცხოტომელი იმ ძალას, იმ მადლს, რასაც ქართული ენა ჰქვია, რასაც ქართული ანბანი ჰქვია… ანბანი ანი-დან ჰაემდე. ანბანი საბასი, გალაკტიონის, ტერენტის ანბანი, ტერენტისი, რომელიც ესოდენ ბედკრული და უიღბლო უგალობდა ქართულ ენას, რომელსაც სიკვდილი მთელი ცხოვრება  თავს დასტრიალებდა შავი ფრინველივით, რომელიც მთელი სითამამით აცხადებდა ქართულ ენაზე, ქართულ ლექსში თავის  გრძნობებს.

„არა სიცოცხლე, არა სიკვდილი, არამედ რაღაც სხვა“.

და ეს სხვა იყო ამოუვსები, ამოუწურავი მადლი ქართული ენისა, ქართული ფიქრისა, ეს სხვა იყო რამაც გალაკტიონს არგუნა ის დიდი ხვედრი, რასაც საუკუნის პოეტობა ჰქვია, რასაც ყველა ვერ ეზიარება, ვერ ეღირსება…

…და დადგა დღე, ქართული ენის ქებისა და დიდებისა, დადგა დღე ღირსეულად შემკობა-შელამაზების იმ საოცრებისა, რასაც ქართული ენა ჰქვია, „რამეთუ ყოველი საიდუმლო ამის ენასა შინა დამარხულ არს“…

მრავალმა ქარიშხალმა ჩაიქროლა, მრავალმა წყალმა ჩაიარა და ენა ქართული დღემდე მოვიდა, მოვიდა ტანჯვით, წამებით, გვემით, მაგრამ მოვიდა… რამდენ წამებულ ქართველ პატრიოტს მოესალბუნა გულზე მისი მადლი, ქართული „მიშველე დედა“ ან „ვაი, ნენა“, განა ქეთევან წამებულმა ქართულად არ გასწირა თავი? ქართულად არ ჩაიდუდუნა შორეულში გადახვეწილმა, ცეცხლის ალში გახვეულმა დიდებულმა ქალბატონმა? „ღმერთო, მამული მიცოცხლე“, „თმა გაშლოდა, თავი ნაზად დაეხარა… ტინად იდგა დედოფალი“… მრავალი ქება-დიდება მიუძღვნა მას მადლიერმა შთამომავლობამ და დარჩა ისტორიას ჩვენი ძვირფასი დედოფლის სახელი, დარჩა შავით თეთრზე _ ქეთევან წამებული.

და კიდევ, ვინ მოსთვლის რამდენი რამე და რამდენი ვინმე, საქართველოს მანათობელნი და მადიდებელნი, ენის მადლით შეჯერებულნი და შემკულნი.

 

ბელა ონიანი


Share.

Comments are closed.