სანტიმეტრებით შეწყვეტილი სერია

0

სპორტში ასეა, ნებისმიერი სერია – წარუმატებელიც და წარმატებულიც, ადრე თუ გვიან წყდება. რაც არ უნდა კარგადაც თამაშობდეს და თავდადებულად იბრძოდეს გუნდი, აუცილებლად დადგება დღე, როდესაც მარცხთან შეგუება მოუწევს. 

ბოლნისის “ყოჩებისთვის” ასეთი დღე 12 აპრილს დადგა, მაგრამ ეს არ იყო უფრო ძლიერი გუნდის გამარჯვება სუსტ მეტოქეზე. ეს იყო ორი ძლიერი გუნდის დაპირისპირება, სადაც გამარჯვება ნებისმიერს შეიძლებოდა დარჩენოდა და უბრალოდ, “ვებ ელისის” სულმა იმ დღეს ისურვა, რომ იღბალი “არმიას” მხარეს ყოფილიყო.
ამით არაფერი დასრულებულა! უბრალოდ, ფინალისკენ და ჩემპიონობისკენ მავალი გზა ოდნავ დაგრძელდა და ახლა “ყოჩებს” პლეი ოფში ჩაბმა პირველივე დღიდან მოუწევს, მაგრამ ჩვენს გუნდს ეს ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგობის დაძლევა შეუძლია. ეს კარგად გამოჩნდა იმავე “არმიასთან” მატჩში, სადაც ბიჭებმა ითამაშეს თავდადებული დაცვა, მოედანზე 20 წუთით დარჩნენ კაცნაკლულები და თამაშსაც მოიგებდნენ, რომ არა იღბალი, რომელიც იმ დღეს მამუკა ნინიძის მხარეზე იყო.
მას მატჩის მსვლელობისას რამდენიმე ჯარიმა გაუცუდდა, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე, როდესაც დაინახა, რომ თანაგუნდელებს წინსვლის შანსი აღარ ჰქონდათ, დაახლოებით 40 მეტრიდან არეკნი ალალ ბედზე დაჰკრა. ბურთის ტრაექტორია და სიჩქარე ისეთი იყო, რომ აშკარად ჩანდა, ეს დარტყმა იდეალური არ გამოდგა, მაგრამ ბურთი რამდენიმეწამიანი ფარფატის შემდეგ, ქვედა ძელს იქით რამდენიმე სანტიმეტრში ჩაეშვა და “არმიამაც” 16:15 იმარჯვა…
ბოლნისის სტადიონზე ღირსეული მეტოქეების ნამდვილი ბრძოლა გაიმართა. საწყისი 10-12 წუთი სტუმრების იყო და მათ დებიუტში ჯარიმა გაუცუდდათ, მერე კი,ლელოზე ითამაშეს, თუმცა, ბოლნისელთა თავგანწირვამ მათ მიზნის მიღწევის საშუალება არ მისცა. პირველ დარტყმას რომ გაუძლო, “ყოჩები” თავად გადავიდა შეტევაზე, მეტოქის ნახევარზე მოლი ააგორა და იორგი თხილაიშვილის ნაცვლად მოედანზე დროებით შესული ლაშა თავართქილაძე დაჯარიმდა. თემურ სოხაძემ ჯარიმა უნაკლოდ შეასრულა – 3:0.
23-ე წუთზე “ყოჩების” მორიგ მოლს კვლავ ჯარიმა მოყვა და სოხაძემ დაახლოებით 35 მეტრიდან კვლავ ზუსტად დაჰკრა. სამ წუთში თითქმის იმავე პოზიციაზე მოგებული დერეფნის შემდეგ, ბოლნისელებმა თამაში გაშალეს, მარცხენა ფლანგზე გარღვევა არ შედგა, მაგრამ “არმია” ისევ დაჯარიმდა და სოხაძემ მეორე კუთხიდანაც გაიტანა – 9:0. ეს იყო კარგი დასაწყისი, მაგრამ 31-ე წუთზე ბაჩანა გოგიშვილი ირაკლი ღვინჯილიაზე მაღალი ბოჭვისთვის მსაჯმა გაასინბინა და “არმიასაც” მეტობის გამოყენების შანსი მიეცა.
სხვათა შორის, ამ ეპიზოდიდან რამდენიმე წუთში, მაღალი ბოჭვა უკვე არმიელმა მორაგბემ შეასრულა, მაგრამ ისინი დაუსჯელები დარჩნენ. თამაში კი გაგრძელდა და კაცნაკლულმა “ყოჩებმა” მეტოქეს ლელოს გატანა არ დაანება, რის შემდეგაც თბილისელები 3 ქულას დაჰყაბულდნენ და ნინიძემ ჯარიმით სვაობა შეამცირა. ტაიმის ბოლოს მასპინძლებსაც მიეცათ ლელოს გატანის შესაძლებლობა, ფლანგზე ირაკლი გეგენავა გაიქცა და ბურთი ფეხით შეაცურა, კარგად მიყვა და მეტოქეს 5-მეტრა დერეფანი გამოსძალა, მაგრამ აუტის მოგება ვერ მოხერხდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში “არმიას” ორი ჯარიმა გაუცუდდა, მერე სოხაძემ სცადა დაახლოებით 55 მეტრიდან მეტოქის კარის აღება, მაგრამ მიზანმა ოდნავ უმტყუნა. “არმიამ” შეცვლებს მიმართა, დასვენებულმა მორაგბეებმა მათი შერკინების თამაში კიდევ უფრო გააძლიერა და 58-ე წუთზე მორიგ ჯარიმას დავით ხიდეშელის სინბინი მოყვა. კაცნაკლულმა “ყოჩებმა” 5 წუთი გაძლო, მერე შერკინებაში ზედიზედ სამჯერ დაჯარიმდა და ტექნიკური ლელოთი დაისაჯა, ნინიძემ კი, გარდასახვიდან საკუთარი გუნდის დაწინაურების შანსი ხელიდან არ გაუშვა – 9:10.
ამის შემდეგ მასპინძლები გააქტიურდნენ და ორჯერ მოიპოვეს ჯარიმის შესრულების უფლება – პირველი დარტყმა სოხაძეს გაუცუდდა, მეორედ კი, კარის გასწვრივ დაახლოებით 20 მეტრში ლევან გოგოლაშვილმა ბურთი სწრაფად გაათამაშა და მერე შემტევი გუნდი დაჯარიმდა, არადა გუნდის კაპიტანს ამ პოზიციიდან წესით 3 ქულის აღება არ გაუჭირდებოდა. ეს 73-ე წუთზე დადასტურდა, როდესაც “არმიამ” მეტოქის ნახევარზე დაკარგა ბურთი, თერნოვერიდან “ყოჩების” სწრაფი შეტევის შეჩერება კი, იმავე პოზიციაზე ჯარიმით შეჩერდა და სოხაძემ საკუთარ გუნდს უპირატესობა დაუბრუნა – 12:10.
განახლდა თუ არა თამაში, უკვე მასპინძლები დაჯარიმდნენ და ნინიძემ დარტყმა ზუსტად შეასრულა, მაგრამ 77-ე წუთზე სტუმრები შერკინებაში დაჯარიმდნენ და სოხაძემ გულშემატკივართა გასახარად კვლავ ზუსტად დაარტყა – 15:13. დარჩენილმა დრომ “არმიას” იერიშებში ჩაიარა. “ყოჩებმა” 22-ში მეტოქისთვის ბურთის ართმევა მოახერხა და ის აუტში გაიტანა, მაგრამ რეფერიმ კიდევ 30 წამი დარჩაო და მათ ბოლო შეტევის უფლება მისცა. ბოლნისელები თავს უჯარიმოდ იცავდნენ და მეტოქეს უკანაც დაახევინეს, მაგრამ შორეულმა არეკნმა მიზანს მაინც უწია და “ყოჩების” შვიდმატჩიანო მოგებათა სერია აქ დასრულდა.
რეგულარული პირველობის დასრულებამდე ერთი ტური დარჩა. მომავალ უქმეებზე საქართველოს ჩემპიონატი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით დაისვენებს, ორი კვირის შემდეგ კი, იქნება თამაში “ლოკომოტივთან” და აუცილებელია მისი მოგება, რათა “ყოჩებმა” პლეი ოფის პირველ ეტაპზე მასპინძლის სტატუსით ისარგებლოს და ქუთაისში გამგზავრება არ მოუწიოს.
Share.

Comments are closed.