სალონური საღამო ორ შემოქმედებით თაობას შორის

0

სალონური საღამო2კულტურის სახლის მცირე დარბაზში სალონური საღამო გაიმართა. მოწვეულნი იყვნენ ორი თაობის წარმომადგენლები, რომლებმაც საკუთარი შემოქმედება წარმოადგინეს. სიყვარულზე, ბუნებაზე,  დღევანდელ რეალობაზე, ადამიანობაზე.  და სხვა ჟანრის თემებზე შექმნილი ლექსებით უფროსი და უმცროსი თაობა ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. სალონური საღამო  კულტურის სახლში არსებული რეწვის და თვითშემოქმედების სპეციალისტის მარინა ქუქჩიშვილის ინიციატივით მოეწყო.

მარინა ქუქჩიშვილი, ღონისძიების ორგანიზატორი:

_ მოწვეული გვყავდა ორი თაობის წარმომადგენლები, უფროსმა და უმცროსმა თაობამ თავისი შემოქმედება წარმოადგინა. ვფიქრობთ სასიამოვნო და ლამაზი საღამო გამოგვივიდა.  ვცდილობთ აღმოვაჩინოთ და გავაცნოთ საზოგადოებას ხელოვანი და შემოქმედი ადამიანები, სწორედ მათი დახმარებით მოეწყო  დღევანდელი სალონური საღამო.

ღონისძიება ბოლნისის საპატიო მოქალაქემ, მწერალთა კავშირის წევრმა, ტანძიელმა პოეტმა ეთერ აფაქიძემ გახსნა და მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს. თითოეულმა  მოკლედ ისაუბრა საკუთარი შემოქმედების შესახებ. სალონურ საღამოზე ახალგაზრდა პოეტის დებიუტიც შედგა. ფართო აუდიტორიის წინაშე შმაგი ფოლადიშვილი პირველად წარსდგა, მის შემოქმედებას აქამდე მხოლოდ რამდენიმე მეგობარი იცნობდა.

ეთერ აფაქიძე, პოეტი:

_ მადლობა მინდა ვუთხრა ყველას ასეთი ყურადღებისთვის, გამიხარდა საღამოზე რომ მომიწვიეს, შევხვდით ორი თაობის წარმომადგენლები, გავაცანით ჩვენი შემოქმედება ერთმანეთს. ახალგაზრდებმა  ძველი თაობისგან უნდა ისწავლონ ,არ უნდა დაივიწყონ წარსული. მე ვარ ტანძიიდან, სულხან-საბას მიწიდან, ეს ძალიან ბევრს მავალებს. წავიკითხე ლექსები ჩემი კრებულებიდან, ერთი ლექსი საზღვარგარეთ წასულ ქართველებს მივუძღვენი: „რისთვის დაღვრილა საბავ მაშინ ცრემლები შენი, თანდთანობით თუ შემცირდა ქართული გენი“. მაქვს კრებული სახელმწოდებით „არ დაგავიწყდეს“, რომელიც სწორედ ამ ახალგაზრდა თაობას ეძღვნება.

 შმაგი ფოლადიშვილი, მელექსე:

_ მე ნამდვილად არ ვარ პოეტი, უბრალოდ ჩემი გულისტკივილი, განცდები ფურცელზე გადმომაქვს, ჩემს თავს მელექსეს დავარქმევდი. 14 წლის ასაკიდან ვწერ. ძირითადად ადამიანების ბუნებაზე, ურთიერთობაზე, კოსმოსზე, ღმერთზე, ცოტა უცნაური ჟანრისაა ჩემი შემოქმედება. პოეტმა შეიძლება უმღეროს ყვავილს, მთას, სიყვარულს, სილამაზეს, მე ვწერ იმაზე, რაც მაწუხებს. ვწერ ჩემთვის და არა იმიტომ, რომ ვიღაცამ ტაში დამიკრას.

მირიან მეშველიანი, ახალგაზრდა პოეტი:

_ მსგავსი საღამოებით ადამიანებს უკეთესად ესმით საკუთარი  გულის ძგერა. როდესაც სხვა ადამიანის გული შენი გულის ხმაზე ფეთქავს, ეს უკვე გამარჯვებაა. მნიშვნელოვანია უფროს თაობასთან შეხვედრა, ვინაიდან ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მათი გზა, ჩვენც ღირსეული ნაბიჯებით  უნდა ვიაროთ.  სალონური საღამოები იმართებოდა დიდი შემოქმედების, ძველი პოეტების და მწერლების დროს. ამ დარბაზში ერთი შეხედვით სუფევდა პესიმისტური ატმოსფერო, ოპტიმიზმი კარგია, თუმცა რეალურად უნდა ვუყუროთ სამყაროს, რომელიც ოპტიმიზმის საბაბს ნამდვილად არ იძლევა,  ჩემთვის მნიშვნელოვანია ღონისძიებაზე რომ მომიწვიეს.  მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს,  კარგი იქნება სალონური საღამოები ხშირად თუ მოეწყობა.

საღამო ანსამბლმა „სიონმა“ და  „ბოლნელმა“ გაალამაზეს.

სალონური საღამო1

სალონური საღამო3


Share.

Comments are closed.